რიანა ამერიკის პრეზიდენტს მისი სიმღერების გამოყენებას უკრძალავს

რიანა ამერიკის პრეზიდენტს მისი სიმღერების გამოყენებას უკრძალავს
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

ამ დღეებში, დონალდ ტრამპის სახელზე, თეთრ სახლში კიდევ ერთი წერილი გაიგზავნა. წერილის ავტორი რიანაა, რომელიც ადვოკატების დახმარებით, ამერიკის პრეზიდენტს, მისი სიმღერების გამოყენების უფლებას უკრძალავს.

რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის პირველი პირი ტენესის შტატში იმყოფებოდა, სადაც მხარდამჭერებთან შეხვედრისას ბარბადოსელი ლამაზმანის სიმღერა Don’t Stop the Music გამოიყენა.

როგორც 30 წლის მომღერლის წარმომადგენლები განმარტავენ, ტრამპს  მუსიკოსის მასალის გამოყენების ნებართვა არ გააჩნია. 

,,მის ფენტის მისტერ ტრამპისთვის მისი შემოქმედების გამოყენების უფლება არ მიუცია. ასეთი შეუსაბამობა ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, რომ ქალბატონ ფენტის ტრამპთან რაიმე კავშირი აქვს“, – აღნიშნულია წერილში.

აღსანიშნავია, რომ რიანა არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, ვინც დონალდ ტრამპს თავისი მუსიკის გამოყენება აუკრძალა. აქამდე მსგავსი განცხადებით შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს ფარელ უილიამსმა, ადელმა, ელტონ ჯონმა და სხვებმა მიმართეს.