ლადო ბურდული კლუბური მუსიკის წინააღმდეგ: „საზოგადოებას მოსწონს „ბასიანები“, „უნცუ დუნცუ“ და ნარკოტიკები…“

ლადო ბურდული კლუბური მუსიკის წინააღმდეგ: „საზოგადოებას მოსწონს „ბასიანები“, „უნცუ დუნცუ“ და ნარკოტიკები…“
შოუბიზნესი / ოქტომბერი 4, 2018

ლადო ბურდული „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ექსკლუზივ ლაივს“ სტუმრობდა. მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა და ასევე გადაცემის წმაყვანთან, ნიკო ცალანთან საინტერესოდ ისაუბრა საკუთარი შემოქმედებით გზაზე.

„ქინგ ლადოს დარქმევა რატომ გადაწყვიტეთ და რა შინაარსი ჩადეთ ამ მეტსახელში“?, ნიკო ცალანის ამ შეკითხვას ლადო ბურდულმა ასე უპასუხა: „ეს არის პოზა და ხედვა ჩემს შემოქმედებაში. ჩემი შემოქმედება არის სამეფო, სადაც მე ვარ მეფე და აღვწერ ჩემს განცდებსა და ემოციებს… ამის გადმოცემის დროს ეს სტატუსი მოვანიჭე ჩემს თავს. მერე იმდენი რაღაც მოხდა… სხვათა შორის, ამის შესახებ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნშიც ვწერ. გენიალური იდეები, რითაც საზოგადოება იკვებება და ხურდება, ღამე ფიქრებში და გიტარასთან ჯდომისას ჩნდება, როცა სამზარეულოში შენთვის მარტო ზიხარ. საზოგადოების განვითარება მოაქვს მარტო მშვიდად ჯდომის დროს მოსულ იდეებს. თუ დაბალანსებული არ ხარ, ასეთი რაღაცები ვერ დაიბადება…“

თუმცა, ქართველ მელომანებს შორის მაინც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ბევრი ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა, ირაკლი ჩარკვიანის შემდეგ გვყოლოდა კიდევ ერთი მეფე. ბევრმა იფიქრა, რომ უბრალოდ, მიბაძეთ ირაკლი ჩარკვიანს სასცენო ფსევდონომის შერჩევისას. ბევრიც ამბობდა, რომ ლადო ბურდული იმსახურებდა ამ სახელს. გინდოდათ, ირაკლი ჩარკვიანს დამსგავსებოდით?

იქნებ, პირიქით იყო?!.  მე არავის ვეკამათები, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. დრო ყველაფერს გამოაჩენს. ამაზე მოთხოვნა დიდი არ არის, რადგან ხალხს სხვა პრობლემები აქვს, მაგრამ საქართველოში უყვართ გარდაცვლილი ადამიანები. დაველოდოთ ჩემს გარდაცვალებას და ვინ პირველი იყო და ვინ მეორე, მაშინ გამოჩნდება. ირაკლი მაგარი ჯიგარი ადამიანი იყო და პატივს ვცემ. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

მე თვითონ ისეთი ტიპი ვარ, რომ პანაშვიდებზე არ დავდივარ. სანამ შემიძლია, სიცოცხლეში ვეხმარები ადამიანებს… ქართულ ალტერნატიულ როკს თუ რამე ეხება, შანსი არ არის, ბოლოს მაინც ჩემთან მოვა. ჩემი გავლენით გააკეთა ბევრმა ამ მხრივ მუსიკა.

არასდროს დამიკრავს მუსიკა ფულისა და წარმატების გულისთვის. ვინ ვარ და რა ვარ, ჩემი პლუსები და მინუსები ჩემზე კარგად არავინ იცის. ამბიციები არ მაქვს, უბრალოდ, ვიცი, რაც გავაკეთე და ამას ვამბობ. ზოგი მეუბნება, 14 წლის ბავშვები არ გიცნობენო. ყველას კარზე ვერ დავაკაკუნებ, იეღოველივით ვერ დავიწყებ ჩემი ბუკლეტების ჩამორიგებას, თუ არ აინტერესებთ, საიდან იწყებოდა ქართული თანამედროვე მუსიკა. ფეხზე მკიდია. არ უნდა, ე.ი. არ აინტერესებს. უნდათ ეს „ბასიანები“, უნდათ ეს მარიოს თამაში, ლეპტოპები, იყვნენ იქ. ხომ არ შემიძლია, ყველას ვეჩხუბო, არ შეიძლება, სხვაგან წაგიყვანს, ეს ნარკოტიკებია, ეს დაგღუპავს-მეთქი. აქეთ კი ლაივმუსიკაა, ვისკია, რომანტიკაა. თუ ასე უნდათ, ასე იყვნენ. შეცდომა მთავრდება სიკვდილით. როცა ადამიანს ეუბნები, არ გინდა, დაიღუპები, იწყებენ და ამთავრებენ. ერს ანალიზის უნარი არ აქვს. ანალიზის უნარი თუ არ გაქვს, ისტორიას ვერ წერ, თუ ისტორიას ვერ წერ, ვერ ყალიბდები, როგორც ერი. ქვა ყველა კუთხიდან სხვანაირად მოჩანს. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

ლადო ბურდული აღნიშნავს, რომ ქართული მუსიკა მისით დაიწყო და მისით დასრულდება, რადგან დღეს ქართულ ენაზე ძალიან ცოტა მღერის და იმაზე მაგარი არაფერი შექმნილა, ვიდრე 80-90-იან წლებში იყო – „თქვენ გგონიათ, რომ ვიღაცამ კრემლიდან დარეკა, ხვალ ქართული ალტერნატიული მუსიკა უნდა შეიქმნასო და შეიქმნა? ეს იყო დიდი ბრძოლები, ამბები, ქუჩები, ადამიანებთან ჭიდაობები, არ იცოდი, ხვალ ცოცხალი იქნებოდი თუ არა… და ამ დროს ისე „გაგიპუსწიაკებენ“ ამ ყველაფერს ეს ინტერნეტის გმირები, გაგაბანძებენ. დავტოვე და თვითონ ეტირებათ დედა. ადამიანებს თავიანთი წარსული არ აინტერესებთ და მომავალი როგორ ექნებათ? 54 წლის კაცი ვარ და ამდენი წელია, ამას ვუყურებ. ჩემს ქვეყანაზე მწყდება გული… მაგარი მუსიკოსები დაბლოკილები არიან, რადგან ისინი საზოგადოებას არ მოსწონს. საზოგადოებას მოსწონს „უნცუ დუნცუ“ და ნარკოტიკები. საქართველოში მუსიკისადმი მოთხოვნა ყოფილა გარყვნილება და ნარკოტიკები!..  კლუბი „გვირაბი“ მე გავხსენი და მეგონა, მუსიკა აყვავდებოდა, მაგრამ ზუსტად მივხვდი, რა აყვავდა. ჩემს სახლში უკრავდა ყველა, ბაჯუც და ჟორჟიკაც. ვიცი, მაგ მუსიკას რა მოაქვს და საითკენ მიჰყავს საზოგადოება“.

საკვანძო სიტყვები