ზურა ხაჩიძე: „სიყვარულით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის გამართლებული“

ზურა ხაჩიძე: „სიყვარულით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის გამართლებული“

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი ზურა ხაჩიზე იყო.

ზურა: დიდი მადლობა დღეს გადაცემაში ჩემი მოწვევისთვის, ძალიან მიყვარს „ფორტუნა პლუსი“. დამაგვიანდა თქვენთან მოსვლა, რადგან  ქალაქი ფაქტობრივად პარალიზებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თბილისის მერი, კახი კალაძე ამ პრობლემას მოაგვარებს.

რა ხდება „ქუჩის ბიჭების“ შემოქმედებაში? როგორც ვიცი, გურამიც ჩამოვიდა საქართველოში…

– დიახ, გურამი ამერიკიდან ჩამოვიდა. მომავალ წელს 25 წელი გვისრულდება და ვაპირებთ პროგრამის განახლებას. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს. პირველად ვმონაწილეობთ მერიის მიერ გამართულ საახალწლო პროგრამაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის რუსა მორჩილაძეს.

ბევრი ვარსკვლავი ედავება რუსას და დაბლოკვაში ადანაშაულებს…

– არ ვიცი რა ვთქვა ამ თემაზე, მაგრამ ის ვიცი, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე მსგავსი ტიპის კონცერტში მონაწილეობა არ მიგვიღია და წელს პირველად მიგვიწვიეს. ასე რომ, კომენტარს ვერ გავაკეთებ და გამიჭირდება, რომ რუსას მისამართით თითი გავიშვირო…

-რა გეგმები გაქვთ ახალი წლისთვის?

– ვმუშაობთ სიმღერებზე, რომლებსაც მსმენელი ძალიან კარგად იცნობს. გვექნება ახალი სიმღერაც, რომელიც ამ ეტაპზე უცხოეთში მუშავდება და მალე მოისმენს მას საზოგადოება. იმედია წელს მოესწრება. ვაპირებთ კლიპის გადაღებასაც. დარწმუნებული ვარ, რომ ის 2018 წლის ჰიტი გახდება.

როგორი წელი იყო „ქუჩის ბიჭებისთვის“?

– ძალიან კარგი. გვქონდა გასტროლები საზღვარგარეთ, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. მოგახსენებთ ქალაქებს, სადაც ვიყავით: ორჯერ სტამბოლში, შტუტგარტი, მიუნხენი და რომი. თვენახევრის მანძილზე შავი ზღვისპირეთში 35 კონცერტი გავმართეთ, ყველა მათგანმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

მუსიკის გარდა, საიდან გაქვს შემოსავალი?

– მხოლოდ მუსიკიდან. მადლობა ღმერთს ასეთი პროდუქტიული წლისთვის. წლევანდელი შემოსავალი წინა წლებთან შედარებით, ძალიან წარმატებული იყო. იმედი მაქვს მომავალი წელი უკეთესი იქნება. აქვე ესკლუზიურად გეტყვით, რომ მომავალი წლის დეკემბერში ჩვენი ჯგუფის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავმართავთ დიდ კონცერტს.

ცნობილია, რომ შენი ქალიშვილი, ანასტასია მღერის. აპირებს რომ ამ განხრით წავიდეს?

– მისმა პედაგოგმა მიიღო გადაწყვეტილება და სრულებით ვეთანხმებით: როდესაც მოისმინა  ანასტასიას სიმღერის ნიჭი, გვითხრა, რომ ამ ბავშვს ესტრადაზე არ გაგვაფუჭებინებდა და მას შემდეგ ის კლასიკურ მუსიკაშია ქალბატონ დოდო დიასამიძესთან და საოპერო ხელოვნებას ეუფლებოდა. მღერის ჩემზე, ხათუნაზე და ნინიზე უკეთ, თუმცა არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

კარგი მეგობრები ხართ?

– კი, ნამდვილად ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მის აზრს პატივს ვცემ და ყველა საკითხზე ერთად ვმსჯელობთ. თუ რაღაც არ მომწონს, ვცდილობ ავუხსნა წყნარად, ყოველგვარი ზედმეტი ჩხუბისა და სიმკაცრის გარეშე.

შენი სიმღერების მუზა ხათუნაა?

– არსებობს სიმღერები, რომლებიც ხათუნას შთაგონებით დაიწერა. ზოგადად, მუზა რომ არ არსებობდეს, სიმღერებიც ვერ შეიქმნებოდა.

სიყვარულის გარეშე იცოცხლებდი?

– ერთი დღეც კი რომ იყოს, როდესაც მეცოდინება, რომ ჩემს მეუღლესთან სიყვარული არ მაკავშირებს, უკანმოუხედავად წავალ. სხვანაირად არ შემიძლია. თამაში ჩემთვის მიუღებელია. სადაც სიყვარულია, მეც იქ ვარ.

თქვენი ურთიერთობის დასაწყისში ყველას ეგონა, რომ ოჯახი მალე დაგენგრეოდათ…

– კი, მუდმივად ისმოდა მსგავსი აზრები.

გაღიზიანებდა ეს ყველაფერი?

– თავიდან კი, რადგან მე არასოდეს არავის ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სიყვარულით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის გამართლებული. ჩვენ უკვე 16 წელია ერთად ვართ და ხათუნა ისევ ძალიან მიყვარს.

ოჯახში ტრიალი თუ გეხერხება?

– არა. მუდმივად გოგონების გარემოცვაში ვარ და ამის საშუალება არც მომცემია.

რომანტიკოსი ხარ?

– კი, გამოუსწორებელი. სხვანაირად ამ სფეროში ვერ ვიქნებოდი.

ნინისთან დუეტის ჩაწერაზე თუ გიფიქრია?
– რამდენიმე დღის წინ „პიანინოში“ შევასრულეთ „ვერის უბნის მელოდიებიდან“ სიმღერა „ტრიალებს“, რომელიც შესაძლოა, ჩემს უცხოურ რეპერტუარში შევიდეს. დროთა განმავლობაში სიახლეს კიდევ შემოგთავაზებთ.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ნოემბერი 29, 2017
-->