ვერიკო ტურაშვილი: მარტოს ყველაფერი უკეთ გამომდის

ვერიკო ტურაშვილი: მარტოს ყველაფერი უკეთ გამომდის

„ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი ვერიკო ტურაშვილი იყო. საუბარი მისი კარიერისა და პირადი ცხოვრების გარშემო წარიმართა.

ტაიმ-აუტი გქონდა შემოქმედებაში…
– მე ასე არ ვთვლი, რომ გაჩერებული ვიყავი, უბრალოდ ქართული მუსიკა არ იყო იმდენად აქტუალური და ძალაუნებურად მიწევდა. ამ დროს მაინც ვცდილობდი ხოლმე, საყვარელი საქმე მეკეთებინა.
როდესაც წვიმა მოდის, ყველას შენი ცნობილი სიმღერა ახსენდება…
– 15 წლისაა ეს სიმღერა და ყოველ ნალექიან დღეს ისეთივე აქტუალურია, რაც ძალიან მახარებს.
–  ვინ გაზიარა მუსიკას?
– ეს იყო ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარი, აჩიკო მეფარიძე, რომელსაც ჩემს შოუ-ბიზნესში ნათლიადაც მოვიხსენიებ. მის გარეშე გამიჭირდებოდა გზის გაკვლევა.
როგორ მოხდა ყველაფერი?
– 2001 წელი იყო. აჩიკომ ჩაატარა დაუვიწყარი კონცერტი ფილარმონიაში, სიმღერებისთვის სჭირდებოდა ბექ-ვოკალისტი გოგონა და ეს გოგონა აღმოვჩნდი მე. მაშინ 17 წლის ვიყავი. მალევე შემომთავაზა დუეტის ჩაწერა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩემი მუსიკალური კარიერა.
ბავშვობიდან მღეროდი?
– კი, ადრეული ბავშვობიდან ვმღეროდი. ჩემმა ოჯახმა ამ ნიჭის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება პოპულარობის შემდეგ?
– ყველაფერი შეიცვალა, თუმცა მე არ შევცვლილვარ. მაშინ შოუ-ბიზნესი ნამდვილ შოუ-ბიზნესს ჰგავდა, გვყავდა ფანები, როგორც დღეს უცხოელი შემსრულებლების შემთხვევაში ვუყურებთ.
დღეს რა ხდება ქართულ შოუ-ბიზნესში?
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ თავიდან დგამს პირველ ნაბიჯებს ეს სფერო. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს არაფერი გაგვეგება, მაგრამ რეაბილიტაცია გაიარა და თავიდან სწავლობს სიარულს. იმედი მაქვს, გაჩნდება ჯანსაღი კონკურენცია და თითზე ჩამოსათვლელი არტისტები არ დარჩებიან.
– შესაძლებელია, რომ ერთ წელიწადში ისევ გაივსოს დარბაზები?
– ახლაც ივსება, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელია იმ მუსიკოსების ვინაობა, ვინც დარბაზებს ავსებს.
რატომ იყო პაუზა?
– იმიტომ, რომ მუსიკა არ იყო პრიორიტეტი და სხვა სფეროებმა დაიკავა მისი ადგილი, მაგალიტად პოლიტიკამ. შემდეგ იყო მუსიკალური შოუები და კონკურსები…
რითი იყავი მთელი ეს დრო დაბადებული?
– არაფერი სხვა ცხოვრებაში არასოდეს მიკეთებია. მუსიკაა ჩემი შემოსავლის წყარო თავიდანვე. შეიძლება, უკეთესი ყოფილიყო, სხვა სფეროში მეცადა ბედი, მაგრამ მე არ მიცდია.
დღეს სად მღერი?
– სტაბილურად არსად, მაგრამ მაქვს კარგი გეგმები და უახლოეს მომავალში ვაპირებ ამ ყველაფრის დაწყებას.
ორი შვილის დედა ხარ… როგორ უთავსებ ოჯახს და საქმეს ერთმანეთს?
– ჩვეულებრივად. მეუღლეები, როგორც წესი, ისეც არ იღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, ასე რომ ეგ პრობლემა არ არის. მარტოს ყველაფერი უკეთ გამომდის.
პირად ცხოვრებაზე რამდენად გულახდილად საუბრობ?
– ყოველთვის, იმიტომ, რომ არ მიყვარს ტყუილები.
ფიქრობ, რომ ძლიერი ქალი ხარ?
-კი, ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპებმა ძლიერ ქალად მაქცია. ვფიქრობ, რომ ყვენაიარი ეტაპისთვის მზად უნდა იყოს ადამიანი.
გული როდის გეტკინა ყველაზე მეტად?
– როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ სიყვარული კიდევ გეწვია…
– არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.
დუეტის ჩაწერას კიდევ გეგმავ?
– კი, გაზაფხულზე იქნება პრეზენტაცია, თუმცა ზოგადად უფრო სოლო ნამუშვრებზე ვარ ორიენტირებული.
ალბომზე თუ მუშაობ?
– კი, ვმუშაობ?
რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს?
– ყველგან, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან. არ მიყვარს მარტოობა, როგორ განწყობაზეც არ უნდა ვიყო.
შენს შვილებს თუ გამოყვათ მუსიკის ნიჭი?
– კი, ჩემს უფროს გოგოს, ლიზას ჰგონია, რომ აქვს მონაცემები, თუმცა საჯაროობის კატეგორიული წინააღმდეგია, ჯერ-ჯერობით. უმცროს ნატაშკასაც აქვს სმენა, თუმცა ამის დასაზუსტებლად ჯერ ძალიან პატარაა.
– როგორი იყო შენთვის ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– კარგი, წარსულიდან დავიწყეთ და მომავლით დავასრულეთ. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ.
წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

თებერვალი 7, 2018
-->