თემო საჯაია: „პოლიტიკოსები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე მომღერლები”

თემო საჯაია: „პოლიტიკოსები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე მომღერლები”

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი თემო საჯაია იყო. რომელ კონკურსში მონაწილეობს მომღერალი, რატომ თქვა უარი ქართულ კონკურსებში მონაწილეობაზე და რატომ თვლის, რომ არაამბიციური ადამიანის ადგილი სცენაზე არ არის – ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თემო, როგორ გრძნობ თავს?

– ძალიან კარგად. ძალიან მიყვარს ეს გარემო და თქვენი რადიო, რომელიც აგერ უკვე 20 წელია საზოგადოებას გემოვნებიან მუსიკას აწვდის.

მოგვიყევი კონკურსზე, სადაც ამჟამად მონაწილეობ და რომლის შესახებ ბევრგან იწერება…

– ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ამაზე ბევრგან იწერება. ქვეყნის დიაგნოზია, რომ პოლიტიკოსები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე მუსიკოსები. ეს ძალიან ცუდია, თუმცა ვეჭვობ, რომ დონალდ ტრამპი უფრო უყვარდეთ ამერიკაში, ვიდრე სტივ უანდერი. არც მე ვარ უანდერი და არც ტრამპია აქ.

კონკურსს Silk Way Star (აბრეშუმის გზის ვარსკვლავი) ჰქვია. მასში აბრეშუმის გზაში შემავალი ქვეყნები მონაწილეობენ, რაც საქართველოს ჩათვლით 9 ქვეყანას მოიცავს. კონკურსი დაახლოებით „იქს ფაქტორის“ ფორმატის არის და საკმაოდ პრესტიჟულია. ჩემი კანდიდატურის წარდგენა, სხვა მომღერლებთან ერთად, ქართველ ორგანიზატორებთან ერთად მოხდა და ჟიურიმ არჩევანი ჩემზე შეაჩერა.  11 სექტემბერს დაიწყო კონკურსი და ის 4 ტურისგან შედგება. ამ ეტაპზე ვარ მეორე ადგილზე და მხოლოდ 2 ქულა მაშორებს პირველ ადგილს.

– ხშირად ამბობენ მომღერლები, რომ კონკრეტული კონკურსის მერე სხვა კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებენ…

– სხვათაშორის, მე არ მაქვს ბევრ კონკურსში მონაწილეობა მიღებული – „ვარსკვლავების აკადემია“ და „ერთი ერთში“ იყო, სადაც გამოვჩნდი. პირველი კონკურსი ცნობილი ამბის გამო არ დასრულდა და მერე კონკურსში ვიყავი ერთ-ერთი გამარჯვებული. როდესაც „ევროვიზიისთვის“ ჩემს კანდიდატურას უარი ეთქვა, მე დავწერე, რომ ეს იყო უკანასკნელი კონკურსი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას ვღებულობდი და დავასრულე კიდეც. Silk Way Star – საერთაშორისო კონკურსია და სწორედ იმიტომ ვცადე ბედი. ამასთან, საშუალებაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინო. ნებისმიერ საერთაშორისო კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ არა საქართველოში.

– რატომ? თვლი, რომ არაობიექტურობას აქვს ადგილი?

– არა, არავისზე არ ვარ ნაწყენი. უბრალოდ მგონია, რომ არაფერში აღარ მჭირდება. შემდგარი მუსიკოსი ვარ და ორი წლისაც აღარ ვარ.

– ბევრი კარგი სიმღერის ავტორი ხარ. თუ აპირებ ამ კუთხით გაგრძელებას?

– რა თქმა უნდა. ამას გარდა, ახალ წლამდე 2 დუეტი მაქვს მოსასწრები, კლიპზე დავიწყეთ მუშაობა მე და ვერიკო ტურაშვილმა.

ხარ თუ არა ამბიციური?

– კი, ძალიან ამბიციური ვარ. მე მგონია, რომ თუ ადამიანს ამბიცია არ აქვს, ის სცენაზეც არ უნდა იდგეს. ამბიციაა იმის მაპროვოცირებელი ძალა, რომ რაღაც კარგი შექმნა.

ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებას როგორ შეაფასებდი?

– თავიდან რამდენიმე თვე საკმაოდ რთული იყო. ჩემს კოლეგას, ნინო შავგულიძეს ჰქონდა გამოცდილება და ის ძალიან მეხმარებოდა. ახალ გამოწვევებს არ ვერიდები ხოლმე. ახლა მგონია, რომ საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა, კარგი რეიტინგიც ჰქონდა იმ მოცემულობის ფონზე. მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

პირად ცხოვრებაზე საუბარი გიყვარს?

– არ მიყვარს, არა იმიტომ, რომ რამე დასამალი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ მგონია, რომ არავის აინტერესებს. სრულიად ჩვეულებრივად ვცხოვრობ. მიყვარს ნადირობა, ცხენოსნობა და არ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს ვინმესთვის. ხომ არსებობს თეთრეული? არ არის საჭირო ყველამ იცოდეს, როგორი გაცვია…

– ადრე გიყვარდა ერთი გოგო, ბალერინა…. დღეს აღარ ხართ ერთად?

არა.

რამე კონკრეტული მიზეზი მოხდა?

– არაფერი ისეთი… შემდეგი შეკითხვა არ შეიძლება? (იცინის)

რა გაღიზიანებს ურთიერთობაში?

– ძალიან ბევრი რამ. უპასუხისმგებლობა მაღიზიანებს ძალიან, რაც შემდეგ არაპროფესიონალიზმს წარმოშობს.

საკუთარი თავის შეგრცხვენია?

– არ ვიცი. ადამიანი არ მომიკლავს და ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ ლაქად აჩნდეს ჩემს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, უამრავი შეცდომა ჩამიდენია,  მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია.

– ბოდიშის მოხდა შეგიძლია?

– კი, ოღონდ რთულად… ძალიან უნდა მივხვდე, რომ ბოდიში მოვიხადო. (იცინის)

– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?

– ცხელი აბაზანა. მაგრამ ზოგადად, მარტო ყოფნა არის ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი, არ მიყვარს მარტოობა, შესაბამისად, ყველგან კარგად ვარ თუ იქ ჩემი ოჯახის წევრები ან მეგობრები არიან.

ქეიფი და დროსტარება თუ გიყვარს?

– ქეიფი უფრო. არ ვარ დამოკიდებული არანაირ ნარკოტიკზე. რამდენჯერმე მაქვს მოწეული მარიხუანა, მაგრამ ჩემგან მწეველი არ დადგა. ალკოჰოლიდან მიყვარს ცივი შამპანური, თუმცა ალკოჰოლის გამო ხელი არაფერში შემშლია.

როგორია შეყვარებული თემო საჯაია?

– ისეთივე, როგორიც შეუყვარებელი (იცინის).  გამიკეთებია ბევრი სისულელეც, ყველა შეყვარებული აკეთებს სისულელეებს.

გინანია ბევრი რამე?

– რა თქმა უნდა.

ვინ არიან ადამიანები, ვისაც პირადად გაიცნობდი და რა შეკითხვას დაუსვამდი?

– სტივ უანდერს, პოლ მაკარტნის და კიდევ ბევრ ცოცხალ ლეგენდას. კითხვას რაც შეეხება, მაინტერესებს, როგორია შეგრძნება, როდესაც გამოდიხარ სცენაზე და მილიონი ადამიანი შენს სიმღერას მღერის, ხოლო შენი ხელის აწევაზე მილიონივე ადამიანი ხელს წევს? რა განცდაა, ეს მაინტერესებს.

– რაზე გიტირია?

– ემოციური ადამიანი ვარ და ბევრ რამეზე მეტირება. შეიძლება „ჯარისკაცის მამის“ ცნობილ ეპიზოდზეც ვიტირო.

რას უსურვებდი შენს მსმენელს?

– ბედნიერებას და ჩემს მოსმენას.

– წარმატებებს გისურვებ.

ოქტომბერი 4, 2017
-->