თამთა ჭელიძემ „Soft Eject“-ის სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა

თამთა ჭელიძემ „Soft Eject“-ის სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა

„ექსკლუზივის“  სტუმარი მომღერალი თამთა ჭელიძე იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა „Soft Eject“-ის ცნობილი სიმღერის – „please just carry on“ ახლებური ვერსიის პრემიერა.  მომღერალმა წინასაახალწლო ტრადიციებსა და გეგმებზეც ისაუბრა.

თამთა: პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის თქვენთან მოვდივარ ხოლმე ახალი სიმღერის წარსადგენად.  ამ სიმღერის ჩაწერით ბავშვობის ოცნება ავისრულე.

რატომ იყო ეს ბავშვობის ოცნება?

– როდესაც პატარა ვიყავი, შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობდა. იყო ერთი-ორი ჯგუფი, მათ შორის Soft Eject, რომელთა სიმღერებსაც ვუსმენდი. „please just carry on” ძალიან ღრმად ჩამიჯდა მეხსიერებაში და სულ მინდოდა, რომ გამეკეთებინა. წლების შემდეგ, მაგრამ მაინც მოვახერხე. მუდმივად ტელევიზორთან ვიჯექი და ველოდი, როდის გაუშვებდნენ ეთერში, საოცარი სითბო ჩაიღვარა სხეულში, როდესაც პირველად მოვუსმინე.

– რთული იყო ამ ცნობილ სიმღერაზე მუშაობა?

– კი, ძალიან, რადგან პასუხისმგებლობა იყო დიდი. ეს ეხებოდა Soft Eject-ს, პეჩოს და მთლიანად ჯგუფს.  ამასთან, არაფრის დამატება ამ სიმღერას აღარ სჭირდებოდა, უბრალოდ, მე ჩემი ვერსია შევქმენი. ვცდილობდი, არაფერი გამეფუჭებინა. თითოეული ადამიანი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა, ვინც მის ჩაწერაზე მუშაობდა. მინდა, ამ ვერსიის შექმნისთვის დიდი მადლობა გადავუხადო „ბრავო რეკორდსს“, სადაც ეს სიმღერა ჩავწერე, ზაზა შენგელიას, ბორიკო შხიანს, ალეკო ბერძენიშვილს. განსაკუთრებული მადლობა ჯგუფს „Soft Eject“ და ირაკლი ჭელიშვილს.

თავად რამდენად კმაყოფილი ხარ შედეგით?

– მე ზუსტად ვიცოდი, როგორიც გამოვიდოდა. ღამის 2 საათზე მომივიდა იდეა, რომ ეს სიმღერა უნდა ჩამეწერა (იღიმის). ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რომ მიმეწოდებინა ინფორმაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც შეძლებდა ამის გაკეთებას. ყველას ვერ ვანდობდი. მე მართლა კმაყოფილი ვარ.

რა მოლოდინი გაქვს სიმღერასთან დაკავშირებით?

– ველოდებოდი ვიდეოს გადაღებას და მინდოდა, რომ სწორედ წინასაახალწლო პერიოდისთვის დამემთხვია. კლიპი ჯერ კიდევ გადასაღებია, მაგრამ სიმღერის პრემიერას ვეღარ გადავდებდი, რადგან წინასაახალწლო განწყობას ის ძალიან უხდება. ამბიციურობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ დიდი მოლოდინი მაქვს (იღიმის).

– ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდი… როგორ მიგიღო ქართველმა მსმენელმა?

– ვერ ვიტყოდი, რომ აქტიურად ვარ ჩართული, ამას აქტიურობას არ ვეძახი, წელიწადში ერთი სიმღერა გამომდის.  მე ნელა მივიწევ წინ, ჩქარი ტემპებით ვერ ვახერხებ, რა ვიცი, იქნებ გამოვასწორო რაღაცები…

 გეგმებზეც მოგვიყევით…

– ერთი სიმღერა უკვე მზადების პროცესშია, ტექსტიც დაწერილია და არანჟირებაც გაკეთებულია. არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთ ძალიან მაგარ მუსიკოსთან დუეტზე ვფიქრობ. ყველაფერზე მოლაპარაკებულები ვართ, დავიწყებთ თუ არა მუშაობას, აუცილებლად პირველებს გაგაგებინებთ.

რაც შეეხება ახალ სიმღერას, რომელიც უკვე მზადების პროცესშია, ქართულენოვანია?

– დიახ, მელოდია ეკუთვნის მანუჩარ მანჯავიძეს, ტექსტი: დათო ფორჩხიძეს. არანჟირების რამდენიმე ვერსია არსებობს და უნდა გადავწყვიტო, რომელს ავარჩევ.

– წინასაახალწლო განწყობაზეც მინდა გკითხო, როგორ ემზადები ამ დღესასწაულისთვის?

– ძალიან მიყვარს ახალი წელი. ბავშვივით მიხარია, მეტი მოტივაცია ჩემი შვილის გამო მაქვს, რომ უფრო მეტად მოვემზადო,  თუმცა ერთი პრობლემაა – ვერასოდეს სახლში ვერ ვხვდები. უკვე იმდენი წელია, სახლში აღარ ვხვდები ახალ წელს, სახლში რომ შევხვდე, ალბათ, გული გამისკდება (იცინის). რაც ლიზა წამოიზარდა, მამასთან ერთად ხვდება ახალ წელს, ძველით ახალ წელს კი ჩემთან ატარებს.

– როგორც არტისტისთვის, ალბათ, საინტერესოა, რადგან მნიშვნელოვანი თარიღია. ბევრ მუსიკოსს არ აქვს ბედნიერება, რომ ახალ წელს მთავარ სცენაზე იდგეს…

 – წელს ძალიან კარგი პრეცედენტი მოხდა: ჩვენმა მერმა ყველა მომღერალი დაასაქმა და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი კონცერტი გამოვა. ხალხს ვურჩევ, ქუჩაში გამოვიდნენ, ძალიან კარგი, ხარისხიანი და საინტერესო სანახაობა დახვდებათ. სიმღერა უკვე ჩაწერილი გვაქვს, რამდენიმე კოლეგა ერთად ვმღერით. ბევრი მომღერალია და გადაწყდა, რომ ბევრი მომღერალი ერთად ასრულებს სიმღერებს. 

წარმატებებს გისურვებთ.

 

ახალი სიმღერა – „please just carry on

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

დეკემბერი 14, 2017
-->