თამთა ჭელიძე: ახალგაზრდებს საერთოდ არ აინტერესებთ ქართული სიმღერა

თამთა ჭელიძე: ახალგაზრდებს საერთოდ არ აინტერესებთ ქართული სიმღერა

„ექსკლუზივის“ სტუმარი მომღერალი თამთა ჭელიძე იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა მისი და „ბითჰარდის“  ახალი ერთობლივი სიმღერის „Time Has Come“ პრემიერა.

თამთა, რაღაც პერიოდი არ ჩანდი. რა იყო ამისი მიზეზი?
– დიახ, 10 წლიანი პაუზა მქონდა, მარტო მცირე მომენტებში გამოვანათებდი ხოლმე, მაგალითად სიმღერა ნინო ძოწენიძესთან და ვერიკო ტურაშვილთან ერთად, თუმცა ერთჯერადი პროექტი იყო. მთელი ეს წლები ინერციით მივდიოდი და კონცერტებზეც გამოვდიოდი. ბევრი მიზეზი ჰქონდა ამ პაუზას: ფინანსური, პირადი ხასიათის პრობლემები და ა.შ.

როდესაც რაღაც ლიანდაგზე ხარ და სწორად მიდიხარ, არ უნდა გადაუხვიო ან არ უნდა გაჩერდე. მე პერიოდულად ვჩერდებოდი და სწორედ ამან გამოიწვია ამდენწლიანი „შესვენება“. ახლა ვცდილობ აქტიურად ჩავება ისევ და სიმართლე რომ ვთქვა, მიჭირს, გადავეჩვიე. თუ მივხვდები, რომ მსმენელი ჩემი სიმღერებით დაინტერესდება, აუცილებლად გავყვები.

რამდენად გრძნობდი ეს წლები ხალხისგან ინტერესს?
– რაღაც დოზით ვგრძნობდი, აქტიურად არა, მაგრამ დღე არ გავა, რომ ვინმემ არ მკითხოს ქუჩაში, როდის დავუბრუნდები ქართულ ესტრადას, რაც ძალიან მახარებს.

სამომავლო გეგმები თუ გაქვს?
– 2016 წელი კარგი წელი იყო ჩემთვის. მუშაობა დავიწყე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ და დავინტერესდი მუსიკალური პროდიუსინგით, მინდა დავეხმარო დამწყებ მუსიკოსებს. ბორიკო შხიანთან და “ბითჰარდთან” ერთად ვაკეთებ ამ საქმეს და ძალიან მომწონს. შესაბამისად, სამომავლო გეგმებიც ამ საქმიანობას უკავშირდება.

რაც შეეხება ახალ სიმღერას, როგორ შეიქმნა ის?
– სწორედ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ჩვენი მეგობრობის და თანამშრომლობის შედეგია ამ დუეტის შექმნა. მოგეხსენებათ, „ბითჰარდი“ საკმაოდ მაღალი, მსოფლიო დონის პროექტია.

– რამდენად კომფორტულია შენთვის ამ ჟანრში სიმღერა?
– ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, უბრალოდ კიდევ უფრო დავხვეწდი რაღაცეებს და მოვარგებდი ქართულ საზოგადოებას.

– რამდენად პერსპექტიულია და რა განსხვავებაა დღევანდელ ქართულ შოუ-ბიზნესსა ადრინდელს შორის?
– პერსპექტიული ალბათ მსმენელი უფრო არის, ვიდრე დღევანდელი შოუ-ბიზნესი. რაღაცეები უნდა შეიცვალოს, თორემ ასე ვერ გაგრძელდება მუდმივად. განსხვავება ძალიან დიდია, მაშინ ბევრი აქტიურობა იყო, მაგრამ არ მინდა ის დრო დაბრუნდეს, მაშინ ყველა მღეროდა, განურჩევლად სმენისა და ნიჭისა. არ იფილტრებოდა არაფერი.

ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია ხარისხიანი მუსიკის შექმნა დღეს?
– ასეთია „ბრავო რეკორდსი“ და მეც ვსარგებლობ მისი მომსახურებით.

ინგლისურენოვანი რეპერტუარის შემოღებას თუ გეგმავ?
– კი, ვგეგმავ. შემდეგი სიმღერა, რომელიც უკვე გამზადებულია, ქართულენოვანია. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის ქართული ტექსტები. არის ბევრი ინგლისურენოვანი ახალგაზრდა, რომლებიც კარგ ტექტსებს წერენ. ძალიან ძნელია დღეს საქართველოში ქართული სიმღერის გაკეთება, რომელიც გაჰიტდება. ახალგაზრდებს საერთოდ არ აინტერესებთ ქართული სიმღერა. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. ალბათ ჩვენი ბრალია, ვერ ვაკეთებთ მოსაწონს, ამასთან, იმდენად დიდი დოზით შემოდის ძალიან ხარისხიანი მსოფლიო მუსიკა, რომ მათ ფონზე ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი იჩაგრება, თუნდაც იმიტომ, რომ საშუალება არ აქვთ, საკუთარ თავზე იმუშაონ.

რას აპირებ უახლოეს მომავალში?
– ვგეგმავ კიდევ ორი სიმღერის ჩაწერას და თებერვლის შუა რიცხვებიდან ორი კლიპის გადაღებას. ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, რა იქნება ამდენწლიანი პაუზის შემდეგ. ვეცდები მაყურებელი მიხვდეს, რომ მართლა ბევრი ვიმუშავე.

სოლო კონცერტს ან ლაივს თუ გეგმავ?
– ჯერ არ ვგეგმავ კონცერტს, მაგრამ ზოგად კონცერტებში მონაწილეობას ვღებულობ.

ალბომის გამოშვებას თუ აპირებ?
– კი, ამდენი წელი ვიშრომე და ალბომი უკვე საჭიროა.

წარმატებებს გისურვებ.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

თებერვალი 2, 2017
-->