სტეფანე: მარტო ნათურების დაკიდება და მომღერლების დაპატიჟება შოუს კეთებას არ ნიშნავს

სტეფანე: მარტო ნათურების დაკიდება და მომღერლების დაპატიჟება შოუს კეთებას არ ნიშნავს

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი იყო. საუბარი პროდიუსინგის, მისი ახალი ნამუშევრისა და სამომავლო გეგმების გარშემო წარიმართა.
– სტეფანე, რაღაც პერიოდი შენი, როგორც მომღერლის კარიერა შეჩერებული იყო. რატომ?
– როგორც მომღერლის კი, მაგრამ როგორც პროდიუსერის – არა. სხვათაშორის, ამ პერიოდში ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება მომღერლობას, მუღამი არ მქონდა ალბათ და იმიტომ. რაღაც პერიოდის მერე ჩემი მეგობრები გამუდმებით მეჩხუბებოდნენ და ავდექი და ჩავწერე სიმღერა „ჩემი აღარა ხარ მორჩა“, რომელიც მსმენელმა ძალიან შეიყვარა.

– ელოდებოდი ასეთ წარმატებას?
– წარმატებას ველოდებოდი, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს. მითუმეტეს, კლიპის გარეშე გამოვიდა ეს სიმღერა.

შენ ხარ სოფო ნიჟარაძის ბოლო პროექტის პროდიუსერი…
– დიახ, მთლიანად პროექტის პროდიუსერი ვიყავი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკოლოზ რაჭველს თავი მოვაბმევინეთ, მერე ორკესტრთან ერთად ეს ყველაფერი ჩავწერეთ, ზაზა ორაშვილმა გადაიღო კლიპი, ჯიჯი რეჯინი მუშაობდა ვიზუალზე. ვფიქრობ, წარმატებული პროექტი გამოვიდა. სოფოსთან თანამშრომლობას მომავალშიც ვაპირებ, ერთადერთი ქართველი მომღერალია, რომელთანაც ვთანამშრომლობ.

სხვებთან რატომ ამბობ უარს?
– უბრალოდ სოფო ის ადამიანი და მუსიკოსია, რომელიც ჩემს ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს, სრულყოფილია, როგორც არტისტი. ასევე არსებობს აზერბაიჯანელი ვარსკვლავი, აიჰიუნ კაზიმოვა, რომელიც ქვეყნის პირველი ვარსკვლავია. სოლო-კონცერტს აკეთებს ამჟამად და დუეტის ჩაწერა შემომთავაზა აზერბაიჯანულად, ჩემთვის ცოტა განსხვავებულია ეს სტილი, მაგრამ ვეცდები მოვირგო.

წლევანდელ საახალწლო კონცერტზე არ გამოჩენილხარ…
– არც წლევანდელზე და არც შარშანდელზე, რადგან ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი ჰქონდა. ზოგადად, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. არსებობს ორი რამ, რაზეც არ ვლაპარაკობ – პოლიტიკა და რელიგია.

შენი შეხედულება როგორია?
– მომხრე ვარ ყველანაირი ექსპერიმენტის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის კონცერტს ის უნდა აკეთებდეს, რომელსაც მინიმუმ გამოცდილება აქვთ, თუმცა ეს მათი საქმეა და მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. მარტო ნათურების დაკიდება და მომღერლების დაპატიჟება შოუს კეთებას არ ნიშნავს. ფაქტი სახეზეა – ადამიანების რაოდენობა. თუმცა მე პრობლემა არ მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით.

შენი ახალი სიმღერა ძალიან შეიყვარა საზოგადოებამ. მამუკა ჩარკვიანის ეს ნამუშევარი 2000 წლის „წლის სიმღერად“ დასახელდა. შენ როგორ გადაწყვიტე მისი რიმეიქის ჩაწერა?
– 2000 წლის ზაფხულში მეგობრები კვარიათში ვისვენებდით, სადაც საღამოობით გამოვდიოდი და ვმღეროდი ამ სიმღერას. წლების შემდეგ, როდესაც ჩემი ახლობლები აქტიურად მთხოვდნენ, რომ რაღაც ჩამეწერა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ახალს საზოგადოება ძალიან რთულად ეგუება, ამიტომ ძველი ჰიტის განახლება გადავწყვიტე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბევრი ქართული სიმღერა არ ვიცი, ერთ-ერთი იმ რამდენიმედან ეს ნამუშევარი იყო.

– რა რეაქცია ჰქონდა თავად მამუკას, როდესაც სიმღერა მოასმენინე?
– თავად მამუკა, როგორც იცით, არც ისე კარგად გრძნობს თავს. როდესაც ველაპარაკე და ვკითხე, ძალიან გაუხარდა და როდესაც ჩაწერილი ვერსია გავუგზავნე და მწვანე შუქი მივიღე, მაშინვე ქსელში ჩავუშვი. ავტორისგან დაუკითხავად ნაბიჯიც არ გადამიდგამს.
– აპირებ თუ არა კლიპის გადაღებას?
– არა, არ ვაპირებ. ან თავიდანვე უნდა გადამეღო, ან საერთოდ არა. რადგან უკლიპოდაც წაიღო, დაე, იყოს ასე.

ვინ გადაწყვიტა, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ უნდა გაჟღერებულიყო ეს სიმღერა?
– რა თქმა უნდა, სერიალის სამხატვრო ხელმძღვანელებმა. ჩემი უსაყვარლესი სერიალია, ყველა სერია ნანახი მაქვს და ძალიან გამიხარდა, რომ დამპატიჟეს.

– 13 იანვარს, საზოგადოებას შენი დაუვიწყარი კონცერტი ელის. მოგვიყევი, რას უნდა ველოდოთ?
– ეს იქნება ჰიტების კონცერტი სუპერ მუსიკოსებთან ერთად, სპეციალური სტუმარი ნიკოლოზ რაჭველი და მაია დარსმელიძე იქნებიან, რომელთანაც ჩვენს ძველ ჰიტს „ხელებს“ და კიდევ ბევრ სიმღერას შევასრულებ. ხშირად მწერენ ბილეთბსა და სხვადასხვა ინფორმაციაზე ინბოქსში და მინდა ყველას ვუთხრა, რომ მიმართონ „ბუდა ბარს“, რომელმაც მე დამიქირავა და ასეთ დეტალებს ის განაგებს. უბრალოდ ვიტყვი, რომ მსგავსი ლაივ-პერფორმანსი, რასაც ვამზადებთ, დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა, ამიტომ ყველას გელოდებით.

– მოგვიყევი შენს პატარაზე. მუსიკა უყვარს?
– ზოგადად, ყველა ბავშვი გენიალურია და ბედნიერი ვარ, რომ გამონაკლისი არც ჩემი შვილია. ყველაფერი დამოკიდებულია მშობელზე, რომელმაც მას სწორი მიმართულება უნდა მისცეს. არ არსებობს ბავშვი, რომელიც არ არის მაგარი, უბრალოდ არსებობენ სუსტი მშობლები.

მუსიკა, რა თქმა უნდა, უყვარს. სადაც დადის, საერთო გუნდშია და ჩვენ ორივე ვერიდებით, მის სოლო საქმიანობას. მეც და მაიასაც გვინდა, რომ სანამ არ გაიზრდება, არანაირი სოლო-კარიერა მას არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ ბავშვებისთვის ეს ძალიან სტრესია და თავადაც იცის, რომ ამგვარი ხელშეწყობა მას არ ექნება. რომ გაიზრდება, თავად შეარჩიოს, რა კუთხით წავა.

– აპირებ, რომ 2017 წელს საინტერესო სიახლეები შესთავაზო შენს მსმენელს?
– რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსი ცდილობს, რომ მისი ნამუშევარი ბოლო არ იყო. ამდენი წელია არ გავჩერებულვარ და არც ამჯერად გავჩერდები.
– სიმღერებიც გაქვს შერჩეული?
– სიმღერები არა, სიმღერა. და ერთადერთი, რასაც ვიტყვი ის არის, რომ ეს კვლავ იქნება ქავერი. აპრილისთვის გამოვა ეს სიახლე.

– პროექტი 3G, ძალიან პოპულარული იყო საქართველოში…
– არამარტო საქართველოში და მინდა ვთქვა ისიც, რომ საქართველოში ყველაზე ნაკლებად, მაშინდელი პოლიტიკური ვითარებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთადერთი ქართული ჯგუფია, რომელიც MTV Europe-ის ჩარტში მოხვდა მე-8 ადგილზე, ლედი გაგას და ბიონსეს წინ, ბოლოს მე-6-ზეც გავედით. BBC-ზეც ვისხედით, SkyNews-ზეც, მაგრამ მაშინდელი მდგომარეობის გამო, როდესაც გარეთ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და ქუჩებში კარვები იყო გაშლილი, ამ სიახლის სათანადოდ გასაშუქებლად ბევრს არ ეცალა.

– მაშინ „ევროვიზიამ“ დაგბლოკათ…
– კი, პუტინზე გვქონდა სიმღერა და ავტომატურად დავიბლოკეთ.

– ოჯახში ფუსფუსი თუ გეხერხება?
– კი, მაგრამ ვერ ვაკეთებ, რადგან არ ემთხვევა ხშირად.

– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ჩემი სახლი.

– სიმღერის მუზა როგორ მოგდის?
– შეყვარებული რამდენჯერმე ვყოფილვარ, მაგრამ არცერთხელ ინსპირაცია კონკრეტული ადამიანი არ ყოფილა.

– როგორია შეყვარებული სტეფანე?
– საშინელი, უსაქციელო. ზოგადად ეს იშვიათად ხდება ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მოხარული ვარ.

რა გაღიზიანებს ცხოვრებაში?
–  ყველაზე მეტად წყობიდან გამოვყავარ ქართველ მძღოლებს, რადგან ინდოეთშიც კი, სადაც ასეთი ქაოტური მდგომარეობაა, მაინც უკეთესი სიტუაციაა ჩვენთან შედარებით.

– ვინ არის ადამიანი, ვისაც პირადად გაიცნობდი?
– ძალიან ბევრია ასეთი, ერთს ვერ გამოვყოფ.

– სად ატარებ ხოლმე ზაფხულს?
– როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან მიყვარს ამსტერდამი, ყველანაირად ჩემთვის მისაღები ქალაქია. როდესაც სადმე მივდივარ, უკანა ბილეთს ამსტერდამის მიმართულებით ვიღებ და 2-3 დღე იქ ვჩერდები. საქართველო ძალიან მიყვარს, მთიანი მხარეებო და ზოგადად, ყველა რეგიონი და ქალაქი თბილისის გარდა. საშინელი ეკოლოგიური სიტუაციის გამო აქ გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია.

– რას უსურვებდი ჩვენს მსმენელს და როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც აქ გაატარე?
– რაც თავი მახსოვს და რაც გაიხსენით თქვენი ერთგული ვარ. გისურვებთ მაღალ რეიტინგს და ბაზარზე დიდხანს ყოფნას.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

იანვარი 11, 2017
-->