„სახე“ მოღვაწეობას „ბითჰარდთან“ ერთად გააგრძელებს

„სახე“ მოღვაწეობას „ბითჰარდთან“ ერთად გააგრძელებს

27 სექტემბერს, გადაცემა „ექსკლუზივს“ ორი ქართველი მომღერალი სტუმრობდა. პირველი მათგანი იყო დათო ხუჯაძე, ხოლო მეორე – ეკუნა ყანჩაველი. ორივე მათგანმა ახალი სიმღერა წარადგინა.

– დათო, ერთ-ერთი პირველი ხარ, რომელიც ზაფხულის შემდეგ ახალ სეზონს ახალი სიმღერით ხსნი…
– ამ სიმღერაში, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, არის კოლაბორაცია. აქ არ არის მარტო „სახე“, არამედ არიან „ბითჰარდი“ და Poetry’n’Motion – შესაბამისად, იმდენად ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ სიახლეზე, რომ თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ ცუდი გამოსულიყო. ამ ყველაფერს თამამად ვამბობ, რადგან ეს სწორედ ის არის, რაც უნდა ყოფილიყო.

როგორ გაატარე წლევანდელი ზაფხული?
– საკმაოდ აქტიურად. არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც ბევრი სიარული მომიწია. პრინციპში, საქართველოში ყველაზე ნაკლებად მიწევს მე ჩემი შემოქმედებით ყოფნა, რადგან სიმღერების 70% რუსულ ენაზე მაქვს, ასე რომ, მაინც იქით მიწევს მუშაობა.

„სახემ“ 20 წლის შემდეგ საკმაოდ ხმაურიანი კონცერტი გამართა, ამაზე რას იტყვი?
– ჩვენს კონცერტზე მოვიდა ჩვენი თაობა, ვისაც პრინციპში ველოდებოდით კიდეც, მაგრამ მოვიდა ის ნაწილიც, რომლებიც ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა გახდა. 20 წლის წინანდელ ჰიტებს თურმე თინეიჯერებიც უსმენენ და ეს ძალიან კარგია.

კიდევ ხომ არ აპირებთ კონცერტის გამართვას?
– ამაზე არის ნამდვილად ლაპარაკი და გეგმები. დღევანდელი სიმღერაც, რომელიც აქ მოვიტანე, მომავალი კონცერტის ნაწილია, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ამის შემდეგ „სახესთან“ ერთად „ბითჰარდიც“ იქნება. ვმუშაობთ ბევრ სიახლეზე.

„ბითჰარდთან“ კოლაბორაციის ინიციატორი რომელი მხარე იყო?
– საერთოდ, ასეთი რამეები ურთიერთობის შედეგად იქმნება, შესაბამისად კონკრეტული მხარისგან არ წამოსულა, ერთად მივედით ამ შეთანხმებამდე.

მუსიკალურად როგორ ეწყობით ერთმანეთს?
– რა ჟანრიც არ უნდა იყოს, თუ კარგია, ყველაფერი მისაღებია. მე ყველა ჟანრში კომფორტულად ვგრძნობ თავს. ერთადერთი, რაც არასოდეს მიმღერია, ეს არის როკი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მომწონს, უბრალოდ ხმა არ მიწყობს ხელს.

სიმღერასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვს?
– ეს სიმღერა ჩვენს გარეშეც ძალიან მაგარია. გოგი ცაბაძეს ეკუთვნის და კლასიკაა. ის ისეთი მხრიდან წარმოვაჩინეთ, რომ თინეიჯერს, რომელიც დისკო-პანკს უსმენს, მასაც კი მოეწონება.

წარმატებებს გისურვებ.

 
გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი ეკუნა ყანჩაველი იყო.

ეკუნა, როგორია შენი განწყობა?
– ცოტას ვნერვიულობ. ველოდები გამოხმაურებას და ხალხის რეაქციებს ჩემს ახალ სიმღერაზე.

წინა სიმღერამ რა გამოცდილება მოგცა. რამდენად წარმატებული იყო?
– ძალიან კარგად, რადგან Youtube-ზე ვიზიტორთა რიცხვმა მილიონ ნახევარს გადააჭარბა, რაც საქართველოსთვის ბევრია.

როგორ გგონია, ახალი სიმღერა მოხსნის ამ რეკორდს?
– კი, ვცდილობ, ყოველი ახალი სიმღერა წინაზე უკეთესი იყოს. მგონია, რომ ამჯერად გამომივა.

რამდენად ძნელია ბლოგერობისა და მუსიკოსის საქმიანობა?
– პირველი უფრო გასართობია და მუსიკა – მთავარი ოცნებაა, ამიტომ ერთმანეთის შეთავსება არ მიჭირს, პირიქით.

სიმღერების ავტორი თავად შენ ხარ?
–  კი, ტექსტი მე მეკუთვნის ყოველ ჯერზე.

რა არის წერისას შენი ინსპირაცია?
– სიმღერას „Gotta run” ჰქვია და ის მაშინ დავწერე, როცა გადავწყვიტე, ჩემს პრობლემებს გავქცეოდი და კარგისკენ წავსულიყავი. სწორედ ეს იყო შთაგონების წყარო.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– სიმღერები, სიმღერები, სიმღერები. კლიპები, კლიპები, კლიპები. (იცინის)

ამ სიმღერაზე კლიპი თუ გაქვს გადაღებული?
– კი, „ნანუკას შოუში“ შედგა პრემიერა.

სხვა ჟანრში თუ აპირებ გადასვლას?
– ჯერ-ჯერობით მომწონს, რასაც ვაკეთებ. რეპში ვიპოვე ჩემი თავი და კარგად ვგრძნობ თავს.

ალბომის გაშვებას თუ გეგმავ?
– არა, ჯერ არა, რადგან საქართველოში მომგებიანი არ არის ალბომის გამოცემა.

რისი თქმა გსურდა ამ სიმღერით?
– მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არ გავჩერდეთ ერთ ეტაპზე. არ დავნებდეთ ნეგატიურს და ყოველთვის გავქიცეთ კარგისკენ და უკეთესი მომავლისკენ.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

სექტემბერი 28, 2017
-->