როგორ შეიცვალა სოფოს და კოსტას ცხოვრება „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ

როგორ შეიცვალა სოფოს და კოსტას ცხოვრება „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ

„ვიზიტორის“ სტუმრები მომღერლები სოფო ბათილაშვილი და კოსტა კარანაძე იყვნენ.  საუბარი პროექტის „მხოლოდ ქართული“, მუსიკოსების პირადი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების გარშემო წარიმართა.

– სოფო, რას საქმიანობდი პროექტამდე „მხოლოდ ქართული“?

– მანამდე პირველ კურსზე ვსწავლობდი კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, კიდევ უფრო მანამდე ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი ვოკალური განხრით. მეტი არაფერი განსაკუთრებული. იყო ერთი პროექტიც, სადაც საკუთარი შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინე და ეს ხინჯად მქონდა გულში ჩარჩენილი.

მებრძოლი ბუნების ხარ, რადგან არ დანებდი და კიდევ სცადე…

– საინტერესო ის არის, რომ მარტო ეს ერთი შემთხვევაც არ ყოფილა. მანამდეც ბევრ პროექტში მქონდა ნაცადი, მაგრამ ჩაწერებზეც კი ვერ მოვხვდი.

რა იყო მიზეზი?

– ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ მე მაინც საკუთარ თავს ვადანაშაულებ. მეტი განვითარება და შრომა მჭირდებოდა, რომ მემღერა.

ოჯახში თუ მღერის ვინმე?

– დედაჩემის წინაპრები სულ მღერიან, ამასთან თავისით სწავლობდნენ და უკრავდნენ და მღეროდნენ. მამაც მოცეკვავე იყო წლების განმავლობაში, ასე რომ, ორივე მხრიდან დიდი დოზით მაქვს მუსიკა.

პროექტამდე უცხოენოვან სიმღერებს ასრულებდი ძირითადად, როგორ მოხვდი „მხოლოდ ქართულში“?

– 13-14 წლის ასაკში ვმღეროდი ფოლკლორს. რაც შეეხება იმ ჟანრებს, რომლებიც პროექტში შევასრულე, საერთოდ შეხება არ მქონია მანამდე. ისეთი სტერეოტიპები იყო გარშემო, რომ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მემღერა სიამოვნებით. თუმცა, კასტინგზე შევასრულე „ქარი კვლავ არხევს“ და იმ მომენტიდან მივხვდი, რომ ძალიან ჩემია. ქართულად სიმღერა სულ სხვაა, ზედავ, რომ მსმენელს შენი ესმის.

რამდენად დიდი იყო კონკურენცია პროექტში?

– როდესაც „მხოლოდ ქართულში“ მოვედი, ვიყავი ორ კვირაში გადმოქართულებული მომღერალი. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან ქართულად მღეროდნენ. არანაირ კონკურენციაზე არ მიფიქრია, არც თავდაჯერებული ვარ დიდად, უბრალოდ ჩემს გულს ვენდობი ყოველთვის. პროექტში მოსვლა განაპირობა ზვიად ბოლქვაძის ფაქტორმა. ძალიან მინდოდა მისი პირადად გაცნობა, რადგან უდიდეს პატივს ვცემ. დღემდე ასე ვფიქრობ, რომ ყველაზე ღირებული, რაც ამ პროექტიდან წამოვიღე, იყო ურთიერთობები. ამის გარეშე არანაირ პრიზებს არ აქვს მნიშვნელობა. გამარჯვება ფორმალური რამეა, ცოტა ხანში შეიძლება აღარავის ახსოვდე.

კოსტა, შენი და დათო არჩვაძის კონფლიქტი როგორ დასრულდა?

– ძალიან კარგად, დღეს მეგობრები ვართ, არაჩვეულებრივი ადამიანია. სხვათაშორის, რა დროც არ უნდა გავიდეს, მის აზრს ყოველთვის დავეთანხმები. პროექტში ორი ტიპის თაყვანისმცემელი მყავდა: რომელსაც მოსწონდა ჩემი ნამღერი და რომელიც სასტიკად მაკრიტიკებდა. ნეიტრალური არ იყო. (იცინის)

ძალიან ბევრს აინტერესებს, ხართ თუ არა შენ და სოფო შეყვარებულები…

სოფო: განვაგრძოთ რაზეც ვსაუბრობდით და გავატაროთ ეს თემა. (იცინის)

გიორგი უშიკიშვილი ამბობდა, რომ გოგოსთვის ქართული სიმღერების შესრულება რთულია… ეთანხმები?

სოფო:  საერთოდ არ არის რთული, პირიქით, ორგანული აღმოჩნდა ჩემთვის იგივე „ჩაკრულო“. ვგრძნობდი იმას, რასაც ვმღეროდი.

კოსტა, შენს შემთხვევაში როგორ იყო?

– ერთადერთი, რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ აჭარული სიმღერები გავაერთიანე და ჩემი აზრი ვთქვი. მომიწონეს ეს იდეა და შევასრულე კიდეც.

როგორ შეიცვალა ცხოვრება „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ?

სოფო:  რადიკალურად განსხვავებული ზაფხული მექნებოდა. წავიდოდი სოფელში და იქ ვიქნებოდი მთელი ზაფხული. ახლა კი სულ კონცერტები მაქვს ან ინტერვიუები, ან გასაუბრებები.  5 ივლისს მქონდა პირველი სოლო კონცერტი, რომელიც „სტამბაში“ გაიმართა და სახელმწიფო მნიშვნელობის მიზანს ემსახურებოდა – აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის შენდება ცენტრი – „ფერადი ქალაქი“, რომლისთვისაც თანხების აგროვება მიმდინარეობს. ჩემი წვლილი შევიტანე ამ საქმეში და ძალიან ბედნეირი ვარ და შემოსული თანხა მთლიანად ამ გეგმას მოხმარდება.

როგორი სამომავლო გეგმები გაქვს?
– პირველ რიგში მადლობას ვუხდი თქვენს კომპანიას, „ფორტუნას“, რომლის წყალობითაც ხვალ, 16 ივლისს ნიცაში მივემგზავრები და 17-ში ბიონსეს კონცერტს დავესწრები. მინდა გითხრათ, რომ პირველად გავდივარ საზღვარგარეთ. რომ ჩამოვალ რესტორან „ვეფხი და მოყმეში“ მექნება კონცერტი.

კოსტა: პროექტის შემდეგ გარეთ დაკვრა მენატრება, თუმცა ამისი დრო ისევ მოვა. მეც დაკავებული ვარ, მაქვს შემოთავაზებები და გეგმები. ყველაზე მეტად ჩემი ოთახი მენატრება და ის პერიოდი, პატარ-პატარა რაღაცეებს რომ ვწერდი. მუსიკალური განხრით სწავლას ვაპირებ, რომ უფრო განვვითარდე.

სოფო, ბევრი პროექტის გამარჯვებული დღეს საზოგადოებას აღარც ახსოვს. შენ რას აპირებ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს?

– იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, იმდენად ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ საყვარელ ადამიანებთან ერთად, რომ ვფიქრობ, რომ საქართველოს მუსიკალური მომავალი არის ეს ხალხი. დაღლის მომენტი საერთოდ არ მაქვს, პირიქით, სასიცოცხლო ენერგიას ვიღებ. მე არ ვთვლი, რომ თუ პოპულარული არ ხარ, ბედნიერი ვერ იქნები. ამ შემთხვევაში დეპრესიაში ნამდვილად არ ჩავვარდები და ისევ გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს.

ზუსტად ვიცი, რომ დავწერ ქართულენოვან სიმღერებს. ახლანდელი მდგომარეობით ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს არ დავკარგავ. ერთ-ერთი პრიზი იყო, „ბერკლიში“ სწავლა. ვაპირებ ამ კუთხით გავაქტიურდე და ალბათ ეს განსაზღვრავ ჩემს მომავალში ბევრ რამეს. წინასწარ დეტალურად ვერაფერს გეტყვით.

– შენ და კოსტა დუეტის ჩაწერას თუ აპირებთ?

– ასე გეგმაში ჯერ არაფერი გვაქვს, მაგრამ ვაპირებთ, რომ სიმღერებზე ერთად ვიმუშაოთ.

წარმატებებს გისურვებთ.

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ივლისი 16, 2018
-->