რეზო და ბავშვები: ჩვენი სიგიჟე ჩვენს სიმღერებში შენარჩუნებულია

რეზო და ბავშვები: ჩვენი სიგიჟე ჩვენს სიმღერებში შენარჩუნებულია

გადაცემა „ვიზიტორს“ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ორი წევრი – რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი სტუმრობდნენ. საუბარი კოლექტივის შემოქმედების გარშემო წარიმართა.
– დავიწყოთ ყველაფერი თავიდან…
რეზო:  სხვათაშორის, ჩვენი „ყველაფერი თავიდან“ თქვენით დაიწყო. მადლიანია აქაურობა.
როდის შეიქმნა ჯგუფი „რეზო და ბავშვები“?
– 6 წლის წინ და დღემდე მოვდივართ ასე ერთად.
როგორ მოხდა წევრების შერჩევა?
რეზო: ძალიან ადვილად. ლელო გავიცანი ერთ-ერთი იუმორისტული გადაცემის შექმნის დროს, სადაც პროდიუსერი ვიყავი. გავიგე, რომ გიტარაზე უკრავდა. მაშინ მან მითხრა, რომ ჯგუფი ჰქონდათ, მოვისმინე მათი სიმღერები, ძალიან მომეწონა. დავიწყეთ ორი ჯგუფის ერთობლივად კეთება. საბოლოოდ, ამ შემადგენლობით დავრჩით.
საიდან მოდის ეს სახელწოდება? რეზო გასაგებია, ვოკალისტია და ბავშვები?
– 17-18 წლის იყვნენ დანარჩენები, როდესაც ჯგუფი შევქმენით, მართლა ბავშვები ვიყავით და აზრზე არ ვიყავით რას ვუკრავდით და რა გვინდოდა ცხოვრებაში. თავიდან გვინდოდა მარტო „ბავშვები“ დაგვერქმია, მაგრამ რადგან მათზე დიდი ვიყავი და თან სიმღერების ავტორიც, დანარჩენების მოთხოვნით დაგვერქვა „რეზო და ბავშვები“.
რატომ გადაწყვიტეთ, გივი სიხარულიძეზე სიმღერის დაწერა?
– ძალიან მაგარი კაცია და იმიტომ. ეს სიმღერა 15 წუთში დაიწერა.
თავად ბატონმა გივიმ მოისმინა სიმღერა?
– რა თქმა უნდა, დავურეკე და ვუთხარი, რომ მასზე სიმღერის დაწერას ვაპირებდით, ძალიან გაუხარდა და როდესაც მოისმინა, ყველაფრის უფლება მოგვცა, რადიოში მოტანის, ტელევიზიაში დატრიალების და ა.შ.
„ველოსიპედი“ ჩვენთან ძალიან პოპულარულია. როგორ შეიქმნა ის?
ლელო:
 ისევე, როგორც ბევრი ჩვენი სიმღერა, სპონტანურად. რეზოს ჰქონდა მოფიქრებული ერთი კუპლეტი. მივიტანეთ თამუნა ბიბილურთან, რომელმაც პროფესიონალურად გააკეთა და შეიქმნა სიმღერა, რომელიც გაჰიტდა.
ტელევიზიაშიც მოღვაწეობდა თქვენი ბენდი…
რეზო: კი, შუალედებში დაახლოებით 2 წლიანი პაუზა გვქონდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სიმღერას. მოგვიანებით „ილო ბეროშვილის შოუს“ მუსიკალური გამფორმებლები გავხდით და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, მითუმეტეს, რომ შევცვალეთ ძალიან მაგარი ბენდი, დათო ფორჩხიძის ბიჭებს ვგულისხმობ. როდესაც შემოგვთავაზეს, სიხარულით დავთანხმდით. პარალელურად სცენარისტიც ვიყავი გადაცემის და მუსიკას ძალიან კარგად შევუთავსეთ სცენარი და საერთო ჯამში კარგი ტანდემი მივიღეთ.
„რეზო და ბავშვებმა“ გააფორმა წლის მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა“…
ლელო: დიახ, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა რადიო ჰოლდინგ ფორტუნას  და „ფორტუნა პლუსს“, რომლის რჩეულიც გახდა ჩვენი სიმღერა. ვფიქრობ, რომ კარგად გავართვით თავი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ დროს, რაც მოსამზადებლად გვქონდა.
– რა გეგმები გაქვთ ზაფხულში, სად შეიძლება თქვენი მოსმენა?
რეზო:
ჩვენ გვაქვს ორი პროფილი – ერთი ის, რომ გვაქვს ჯგუფი და გვაქვს ჩვენი სიმღერები და მეორე ის, რომ ვართ ბენდი. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მითუმეტეს საქართველოში. სწორედ ამ ორი რამის გაერთიანება ხდება ამ ზაფხულს. „სექტორი 26“-ის რეზიდენტი ჯგუფი ვართ და საკუთარ სიმღერებთან ერთად სხვადასხვა მომღერლებთან ერთად ქავერ-პროგრამა გვაქვს მომზადებული. ეს მომღერლები არიან: ელენე კალანდაძე, ნუცა ბუზალაძე, ქუჩის ბიჭები და ა.შ. ასე რომ, ბათუმში, „სექტორში“ შეგიძლიათ ჩვენი მოსმენა და კიდევ უამრავ ადგილზე, რაც წინასწარ ასე დაგეგმილი არ არის.
– რეზო, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ ჯგუფის შექმნის შემდეგ?
– ბევრი რამე, იცვლება ზოგადად რაღაცეები. რაც დრო გადის, მეტად მივდივარ კომპრომისებზე და ეს ძალიან მომწონს. იყო დრო, რომ ბევრ სისულელეს ვაკეთებდი და ეს ძალიან მომწონდა, რაც უფრო ბევრს არ მოვეწონებდი, კარგი მეგონა. კარგია, რომ ყველაფერმა ჩაიარა. გულწრფელობა მოსწონთ ადამიანებს. ჩვენი სიგიჟე ჩვენს სიმღერებში შენარჩუნებულია.
ლელო: ვერ ვიტყვი, რომ ისეთი პოპულარულები ვართ, რომ მოსვენება აღარ გვაქვს და შევწუხდით, მაგრამ რაღაც შევქმენით და კიდევ უფრო მეტი გვინდა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, რომ შენი პროდუქტი პოპულარულია.
წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ივლისი 5, 2017
-->