რატომ დაირქვა ლაშა მარგიანმა Hatsvali – ახალგაზრდა დიჯეის გეგმები

რატომ დაირქვა ლაშა მარგიანმა Hatsvali – ახალგაზრდა დიჯეის გეგმები

After-ის სტუმარი ლაშა მარგიანი იგივე Hatsvali იყო. გადაცემის ფარგლებში მან საკუთარი სასცენო სახელი განმარტა და ახალი ტრეკის პრეზენტაცია გამართა.

– რას ნიშნავს ,,ჰაცვალი”?

მთები ყივის. (იღიმის) იმ ადგილიდან გამომდინარე დავირქვი, საიდანაც მოვდივარ. ეს არის მთის სახელი, სვანეთში.

– როდის დაიწყე მუსიკის წერა?

26 წლის ვარ. მუსიკის წერა 10 წლის წინ, 2008 წელს დავიწყე რაღაც სათამაშო პროგრამით, შემდეგ სხვა პროგრამებზე გადავედი.

– ლაივს თუ გეგმავ ან თუ გქონია?

ჯერჯერობით არა. არც მიფიქრია. უახლოეს მომავალში არ მაქვს დაგეგმილი, უფრო რელიზებზე ვარ.

– ,,გამოდიზე” გვესაუბრე. ძალიან პოპულარული გახდა შენი ეს ტრეკი…

დაახლოებით 2 წლის წინ აღმოვაჩინე პოლონელების ლეიბლი, სადაც აცოცხლებდნენ ძველ პოლონურ სიმღერებს, მეც მომინდა გამეკეთებინა რამე ქართული და ვიპოვე ,,გამოდი”, 1980 წლის მუსიკა ,,რეროს” შესრულებით.

– ექსკლუზიურად მოვისმენთ შენს მეორე ტრეკს.

ახალი ედითი, 1992 წელს გამოშვებული ,,პრიზის” ,,დუმილის დრო”, ციფრულ სივრცეში არსად გავრცელებულა, ერთხელ დავუკარი ,,მტკვარზე”. არ ვუცვლი ხოლმე სიმღერებს სახელწოდებებს. დარელიზება დაგეგმილი ჯერჯერობით არსად არ მაქვს. ვფიქრობ ერთი რამე დავამატო და EP-ად გამოვცე. ასევე, მინდა დავუკავშირდე ,,პრიზის” წევრებს და შევთავაზო მათი სიმღერის რე-რელიზი, რათა სიმღერის ორიგინალის მოსმენაც შეძლონ ჩემს ვერსიასთან ერთად.

– ალბომის გამოშვებას ხომ არ გეგმავ?

ალბომზე არ ვფიქრობ, მაგრამ იმდენი პროექტი დამიგროვდა, არ არის გამორიცხული.

– კოლაბორაცია თუ გქონია ან თუ გეგმავ?

კოლაბორაცია მაქვს დაგეგმილი, თოკესთან. გვინდა ტრეკები გავცვალოთ და გავაკეთოთ რემიქსები. B2b-ები მიყვარს. ბოლო დროს ხშირად ვუკრავ სუმოსთან ერთად.

– ეს შენი ძირითადი პროფესიაა?

ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც მუსიკალური ღონისძიებებისთვის ყიდის ბილეთებს.

– სად შეუძლიათ შენი მოსმენა?

ულტიმატური ადგილი მაქვს ,,მტკვარზე”.

– საქართველოს საზღვრებს გარეთ თუ დაგიკრავს?

კი, ადრე მქონდა მეგობართან ერთად პროექტი, ,,როტკრაფტი”.

– წარმატებებს გისურვებთ!

ოქტომბერი 29, 2018
-->