რატომ არის ნანუკა გულუა სასურველი სარძლო და ვინ აუსრულა მას ოცნება

რატომ არის ნანუკა გულუა სასურველი სარძლო და ვინ აუსრულა მას ოცნება

გადაცემა “ვიზიტორის” სტუმარი მსახიობი ნანუკა გულუა იყო. საიდან შეიქმნა დოჩის პერსონაჟი, რა ოცნება აიხდინა და როგორ შეცვალა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“ მსახიობის ცხოვრება – ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– დავიწყოთ სულ თავიდან. ვინ არის ნანუკა გულუა?

–  ნანუკა არ არის მსახიობი, მაგრამ ამ სერიალში ავიხდინე ჩემი ოცნება და შევქმენი დოჩი, რაც სრულიად შემთხვევითობაა. არ მაქვს მსახიობის ამბიცია. ჩემი დოჩი ყველაზე საყვარელი ადამიანია, რომელმაც ცხოვრება ძალიან გამიფერადა და ოცნებები ამისრულა. არ დავიზარებ და კიდევ გადავუხდი მადლობას ქეთი დევდარიანს, რომ ეს შანსი მომცა.

ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით, საიდანაც დამიმახსოვრა და მითხრა, რომ შესაძლოა, სერიალში ჩემი პერსონაჟი გამოჩენილიყო. ამის მერე გავიდა საკმაოდ დიდი ხანი და ერთხელაც მითხრა, რომ კასტინგზე უნდა მივსულიყავი. ასე შეიქმნა დოჩი.

პროფესიით ვინ ხარ?

– ჟურნალისტი, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე ჩემი სპეციალობით. ერთ-ერთ კომპანიაში HR-ად ვმუშაობდი. 9 წელი ვიმუშავე ამ თანამდებობაზე და ამის მერე გავხსენი საკუთარი ატელიე და ცოტას ვდიზაინერობდი. ესეც ჩემი ოცნების ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც დოჩი გამოჩნდა, შემომთავაზეს, რომ ატელიეშიც შემეტანა კომერციული კორექტურები, თუმცა არავითარ შემთხვევაში. ძალიან ვუფრთხილდები მე ჩემს პერსონაჟს და მას ბიზნესად არასოდეს ვაქცევ.

– როდესაც დაგირეკეს და გითხრეს, რომ ეს როლი უნდა შეგესრულებინა, რა რეაქცია გქონდა?

– ეს იყო კასტინგის დღესვე. თავდაპირველად არც მინდოდა სერიალში მონაწილეობა, ბევრი რამის მეშინოდა, მაგრამ როდესაც სცენარი ვნახე, მივხვდი, რომ დოჩი აბსოლუტურად ჩემი იყო.

– როდესაც კამერების წინაშე აღმოჩნდი…

– როდესაც მითხრეს, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი მღელვარებამ მკვეთრად გაიარა. როდესაც გადაღებაზე მივედი, ველოდებოდი, რომ რეჟისორი აუცილებლად უნდა ეჩხუბებოდეს მსახიობს, მაგრამ ოქროს გიორგი ლიფონავა დამხვდა და ჩემი „ბუძი“. ყველაფერი შენთვის მუშაობს გადასაღებ მოედანზე და იმდენად მაგარი შეგრძნებაა, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. თავს გრძნობ პრინცესად. ვერ გეტყვით, რომ გამიადვილდა პირველი სამი სერია, ყველაფერი გამიჭირდა, მათ შორის ხელის დაჭერა, პირის აპარატი და ა.შ. ბევრმა ცნობილმა მსახიობმა მომცა რჩევა და ეს დამეხმარა.

ქსელში შენი ფოტოები გავრცელდა, სადაც წონაში მკვეთრად მომატებული ხარ…

– კი, ყოველთვის სავსე ბავშვი ვიყავი და სტუდენტობის პერიოდში ეს ყველაფერი სიმსუქნეში გადაიზარდა, რაც როგორც გენეტიკის, ასევე ცხოვრების სტილის დამსახურება იყო. თუმცა ამას დიდად ვერ ვგრძნობდი, ვეგუებოდი. ყველაზე მეტად ახლობლებს ვსაყვედურობ, რომლებისგანაც არასოდეს შენიშვნა არ მიმიღია. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც ზუგდიდიდან ჩემი მამიდაშვილი ჩამოვიდა, რომლისგანაც კრიტიკას ვერასოდეს გაიგებდით, მითხრა, რომ სავალალო ფიზიკური მდგომარეობა მქონდა და სასურველ წონას ვერასოდეს დავიბრუნებდი. სწორედ მან მომცა სტიმული და მიზანი, რომ დამეკლო წონაში.

მთავარი იყო ის, რომ დიეტა არ შემეძლო და მინდოდა ტორტით, ხაჭაპურით და ყველაფერი იმით დამეკლო, რაც ძალიან მიყვარს. მოვიფიქრე ასეთი რამ: დღის სამ საათამდე ვჭამდი ყველაფერს, რაც მინდოდა, სამი საათის მერე კი მხოლოდ წყალს ვსვამდი. არ ყოფილა გამონაკლისი და დარღვევა – ეს იყო ოქროს წესი, რომლითაც 2 წელიწადში დაახლოებით 30 კილო დავიკელი.

ეს არ არის სწორი და კარგი დიეტა და მინდა მივმართო ყველას, რომ არ მომბაძონ, რადგან შეიძლება ჩემს შემთხვევაში გაამართლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასარგებლოა. სხვათაშორის, 30 კილოზე მეტი ვერ დავიკელი და მერე სწორი კვებით გამოვემშვიდობე დარჩენილ 20 კილოგრამს, გაცილებით მარტივად და მოკლე დროში.

თაყვანისმცემლების რიცხვმა თუ იმატა?

– ფორმაში ჩადგომა რომ დავიწყე, ყურადღება მერე ვიგრძენი და ეს სტიმულს მაძლევდა. სერიალის შემდეგ, თაყვანისმცემლების რაოდენობა, ბუნებრივია, გაიზარდა.

როგორია ტიპიური მეგრელი ქალი?

– მე ვარ ტიპიური მეგრელი (იცინის) და სხვათაშორის, ძალიან სასურველი სარძლო ვარ: ოქროზე მაქვს ალერგია და არ მიყვარს ბეწვეული და ქურქები და არ ვჭამ (იცინის).

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ სერიალის შემდეგ?

– ძალიან ბევრი რამე. ერთ დღეში თავდაყირა დადგა ყველაფერი. ერთია, როგორ ხდები პოპულარული და მეორე, რომ ამდენად უყვარდები ადამიანებს, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჯერ კიდევ ვეძებ, რა მადლი დავდე და რომელ ქვაზე.

თავში არ აგივარდა…

– არა, რა მაქვს თავში ასავარდნი. როდესაც შენი სიტყვა გითქვამს, ალბათ უფრო გაქვს ამბიციის მიზანი, მაგრამ ჩემი მიზანი სხვა ფილმებში მონაწილეობა არ არის. ჩემი მიზანი იყო, ეს სიყვარული მომეპოვებინა.

დღეს მარტო ხარ თუ გამოჩნდა კონკრეტული ადამიანი?

– მარტო არასოდეს ვყოფილვარ და ამაში აუცილებლად მამაკაცის არსებობას არ ვგულისხმობ. შეიძლება გყავდეს, მაგრამ მაინც მარტო იყო. არ მქონია იმის მოთხოვნილება, რომ ვინმესთვის აუცილებლად თავი ჩამომედო მხარზე. ზოგადად, პირადი იმდენად ინტიმური რამ არის, რომ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ ღირს. დარწმუნებული ვარ, არავის აინტერესებს, მყავს თუ არა გვერდში მამაკაცი.

ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს?

– ადამიანის დამცირება, ცინიზმი, უსამართლობა.

სცენარი შენებურად თუ გადაგიკეთებია?

– ქეთიმ მეგრული არ იცის და შესაბამისად, ის მასალა, რომელიც მისგან მომდის მეგრულად მე ვთარგმნი, რადგან მაქვს შესაბამისი ბაზა.

– რას ნიშნავს „თხა, ჭაკი ჯუა“?

– კონკრეტული ახსნა არ აქვს, გასაგებად გეტყვი, ახალგაზრდა გოგოს შესატყვისია, რომელსაც გათხოვება უნდა და დაბინდული აქვს ამ სურვილით გონება, ის არის თხაც, ჭაკიც და ჯუაც (იცინის).

როგორი მზარეული ხარ?

– ძალიან კარგი მზარეული ვარ, ვიცი, როდის უნდა ამოვიღო ღომი ქვაბიდან (იცინის). განსაკუთრებით მეგრული კერძები და დიეტური სალათები ვიცი, რაც ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვისწავლე.

რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?

– ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან, რომლებსაც ჩემი წარმატება ჩემზე მეტად უხარიათ.

– წარმატებებს გისურვებთ.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

აპრილი 26, 2017
-->