რაც შვილი მეყოლა, არაფერი არ მინდა, არც სამსახური, არც საჭმელი, არც კარიერა – ნუკი კოშკელიშვილი

რაც შვილი მეყოლა, არაფერი არ მინდა, არც სამსახური, არც საჭმელი, არც კარიერა – ნუკი კოშკელიშვილი

გადაცემა ,,ვიზიტორის” სტუმარი ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი იყო. სატელევიზიო სახემ გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემაში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

– რამდენად წარმატებული იყო შენთვის ,,მის საქართველოს’’ კონკურსი?

არაერთხელ მითქვამს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა წარმატებისკენ, ასე რომ ყველას გირჩევთ გამოჩნდეთ მსგავს კონკურსებში. მე გამიმართლა. ფორტუნამ გამიღიმა დიდი პლუსით. მადლობა ჩემს მშობლებს რომ ასე მიმართლებს ცხოვრებაში.

– განსხვავებულად გამორჩეული იყავი. კულუარებში საუბრობდნენ რომ მე-12 კიბეზე არ დარჩებოდი…

გულახდილად ვთქვათ, რომ მე უნდა გავმხდარიყავი ,,მის საქართველო’’.  როგორი საშინელებაა სილამაზის კონკურსში რომ ,,მის ინტელქტი”გახდები.

– გენატრება ის წლები, როცა პირველად გამოჩნდი საზოგადოების წინაშე?

რთულია რაღაც არ გენატრებოდეს წარსულიდან. რაც უფრო დიდი დრო გადის, უფრო მენატრება ბავშვობა. მინდა, რომ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ვარ, ჩემი სხეული, ჩემი გონება 18-21 წლის არის.  ვხედავ ახალგაზრდებს და არ მიხარია, რომ ასეთი ლამაზები არიან, ქალური მომენტია, რომ ვხვდები ვარ 27 წლის და მათი ცხოვრება ახლა იწყება.

– იყო მომენტი როცა თავში აგივარდა?

ეს ჩემს გარშემომყოფებს უნდა ჰკითხო, მაგრამ არა, არასდროს არ ამვარდნია არაფერი თავში. რა უნდა ამვარდნოდა თავში, ასავარდნი არაფერი მქონია.

– ფიქრობ, რომ ოჯახი არის წარმატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი?

ჩვენ ვიცით ოჯახები, რომლებიც თავიანთი კომპლექსებისა და წარუმატებლობის გამო უკან ხევენ შვილებს. ჩემი მშობლები ყოველთვის ლიბერალები იყვნენ და ალბათ, სწორედ ამიტომ მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე. მე ვხედავ ახალი თაობის ბავშვებში პოტენციალს, რომელსაც მათ უკლავენ. პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ. კი, ვთქვი, რომ მშურს მათი, მაგრამ ეს გვერდზე იყოს, ვიხუმრე, რა თქმა უნდა.

– პოდიუმიდან გადაინაცვლე ტელევიზიაში…

არასდროს არ ვყოფილვარ მოდელი, ეს იარლიყი სილამაზის კონკურსში გამოჩენის შემდეგ მომაკრეს. ტელევიზია მიყვარს, 10 წელია დამოკიდებული ვარ ტელევიზიაზე. ადამიანი უნდა მოიწამლოს თავისი პროფესიით, უნდა მოსწონდეს რასაც აკეთებს და მაშინ იქნება ბედნიერი.

– თაყვანისმცემლები გაწუხებდნენ?

რომელი ბიონსე ახლა მე ვარ, რომ ვინმემ შემაწუხოს. არასდროს არ მაწუხებდნენ თაყვანისმცემლები. ძალიან ლოიალური გულშემატკივარი მყავდა.

– 10 წლის განმავლობაში შთამბეჭდავი კარიერა აიწყე…

მე არ დამისრულებია კარიერა, უბრალოდ 1 წლიანი პაუზა ავიღე. სიყვარულის გამო არასდროს ვიტყვი უარს კარიერაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილი მეყოლა არაფერი არ მინდა, არც სამსახური, არც საჭმელი, არც კარიერა.

– ბენზე ვისაუბროთ… კონფლიქტები გქონიათ?

ვკლავთ ერთმანეთს. მე ანგელოზი ვარ, ის არის საზიზღარი ბიჭი. (იღიმის) იმდენად უმნიშვნელოა ჩვენი ჩხუბი, რომ ვერ ვიხსენებ. ბენი ძალიან კორექტულია.

– ქართული სამზარეულო მოსწონს?

ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო. სადღეგრძელოებიც იცის. უფრო და უფრო ვქართველდებით. საქართველოში არც ჩურჩხელა ამომივლია და არც მურაბა გამიკეთებია, ახლა რამ გამაგიჟა არ ვიცი.

 

გადაცემის წამყვანი, გიგა ბატკუაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი

 

– ამერიკაში რითი იყავი დაკავებული ბავშის გაჩენამდე და შემდეგ?

დავდიოდი მუზეუმებში, სხვადასხვა ღონისძიებაზე. ძალიან მძიმე ორსულობა მქონდა, სახლიდან კი არა, აბაზანიდან ვერ გამოვდიოდი. უკეთ რომ გავხდი ჩამოვედი აქ. რამდენიმე თვე კარგად ვიყავი, მაგრამ მე-7 თვეში ნაყოფი გაიზარდა ძალიან და გამიტეხა ნეკნი, შიგნიდან, აღარაფერ ვამბობ იმაზე, რომ 9 თვის ნაცვლად 10 თვე ვატარე მუცლით.

– როგორი მამაა ბენი?

ბენი არის გიჟი მამა. მე შემიძლია ბავშვი დავტოვო სახლში, მაგრამ ბენს ეს არ შეუძლია. იშვიათად კარგი მამაა, მზრუნველი. მეგონა შეწუხდებოდა ბავშვის ტირილით, მაგრამ ბენს მარტივად გამოუვიდა ამასთან შეგუება. ბენი ძალიან მეხმარება. ოლივერს გაუმართლა, რომ ასეთი მამა ჰყავს.

– სახელი ერთად შეარჩიეთ?

კი, მთელი 9 თვე ვარჩევდით. მოგვწონდა რამდენიმე სახელი, მათ შორის, მაქსიმე, ოლივერი და ნიკოლოზი, საბოლოოდ კი არჩევანი ოლივერზე შევაჩერეთ.

– ბევრს ჭორაობენ თქვენს წყვილზე…

თავიდან ვღიზიანდებოდი, მაგრამ როგორც ჩემთვის, ისე ბენისთვის უკვე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ოქტომბერი 23, 2018
-->