ქეთი ხატიაშვილი ბავშვობიდან ბორტგამცილებლობაზე ოცნებობნდა

ქეთი ხატიაშვილი ბავშვობიდან ბორტგამცილებლობაზე ოცნებობნდა

„ვიზიტორის“ სტუმარი ტელეწამყვანი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, ქეთი ხატიაშვილი იყო.  როგორ მოხვდა ტელევიზიაში, რაზე ოცნებობდა ბავშვობიდან და რომელი კერძების მომზადება გამოსდის ყველაზე უკეთ – დეტალურად ჩვენს ინტერვიუში.

ქეთი, დავიწყოთ სულ თავიდან. მოცეკვავეობაზე ბავშვობიდან ოცნებობდი?
– ბავშვობიდან მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ბორტგამცილებელი. ფილმმა მიბიძგა ამ სურვილისკენ. როდესაც პირველად ჩავჯექი თვითმფრინავში, კიდევ უფრო გამიმძაფრდა, მაგრამ დედამ მე და ჩემი და მხატვრულ ტანვარჯიშზე შეგვიყვანა. ძალიან გამიტაცა ამ სპორტმა და აღმოჩნდა, რომ მიდრეკილებაც მქონდა. გავყევი ამ საქმიანობას და მალევე მივხვდი, რომ მარტო სიყვარული არ იყო ეს, მზად ვიყავი, გამეცდინა სკოლა და დაბადების დღეებიც კი. 13-14 წლის ასაკში პროფესიონალურ სპორტში შევაბიჯე და მქონდა პატარ-პატარა წარმატებებიც.

პირველი აღიარება როდის იყო?
– როდესაც პირველი ჩემპიონატი მოვიგე საქართველოში, დაახლოებით 14 წლის ვიყავი. ძალიან ბევრი მომცა ამ სპორტმა, დისციპლინა, უამრავი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და ა.შ.

და თუ გაყვა ამ საქმიანობას?
– არა, იმან ცურვა აირჩია და სწავლასაც დიდი დრო დაუთმო.

პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ საკმაოდ პოპულარულია ჩვენთან. როგორ მოხვდი იქ?
– მოულოდნელად მოვხვდი. ეს იყო ნოეს იდეა, რომ მე-13 მონაწილე ნებისმიერი მსურველი შეიძლებოდა გამხდარიყო, ვინც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. გადავწყვიტე, მეცადა, გავაგვზავნე ვიდეო, დამირეკეს, დამიბარეს „იმედში“, გავიარეთ გასაუბრება და ხმის მიცემის შედეგად აღმოვჩნდი პირველ ადგილზე. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი რა მოხდა და ვერ აღვიქვი ვერც ის სიხარული. ბოლო წუთამდეც არ ვიცოდი მეწყვილეს ვინაობა.

როდესაც გაიმარჯვე პოპულარობამ იმატა, ამ ყველაფერს თუ ელოდი?
არა, ნამდვილად არც მიფიქრია ამაზე. არც საზოგადოებისგან ველოდი ყურადღებას ასეთ დონეზე.

ჟურნალისტებთან ურთიერთობა როგორ დაამყარე?
– ძირითადად პოზიტივი იწერებოდა, ყოფილა უსიამოვნო შემთხვევაც, თუმცა პროექტის მსვლელობის დროს ყურადღებასაც არ ვაქცევდი ამ ყველაფერს. მერე მივხვდი, რომ არ ღირდა ამ ყველაფერზე აქცენტის გაკეთება.

ტელევიზიაში როგორ მოხვდი?
– „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში დამიკავშირდა „იმედის დილის“ პროდიუსერი, რუსუდანი, იგივე ჩემი დედა. ძალიან გამიხარდა, მეტყველებასთან მცირე პრობლემები დავხვეწე და დავჯექი ეთერში.

გაგიჭირდა?
– თავიდან მიჭირდა კი, რთული იყო ნერვიულობასთან გამკლავება, მითუმეტეს, რომ ძალიან მალე დამსვეს ეთერში.

შენი ქალიშვილი თუ მიჰყვება ტანვარჯიშს?
– კი, შეიძლება ითქვას, რომ ის პროფესიონალი ტანმოვარჯიშეა. ცოტა ხნის წინ, დუბაიში გამართულ ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო.  მინდა ამ საქმეს მანამდე გაყვეს, სანამ თავად ენდომება, მე არაფრის დაძალებას არ ვაპირებ. ახლა 7 წლისაა.

დედობისთვის როგორ იცლი?
– სახლში ფაქტიურად ვერ ვიცლი, გარეთ ვართ ორივე. დილით მიმყავს სკოლაში და შემდეგ დარბაზში ვხვდებით ერთმანეთს.
სამზარეულოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– ძალიან მიყვარს. გემრიელი პელმენი, პიცა და შემწვარი ქათამი გამომდის თავის სოუსებთან ერთად.

დიეტებს თუ იცავ?
– მე მიყვარს გემრიელად ჭამა და ვარ მომხრე, რომ დავხარჯო ბევრი კალორია და შემდეგ გემრიელად ვჭამო, რა თქმა უნდა, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, მაგალითად, მაიონეზის  ნაცვლად არაჟანი და ა.შ. საღამოს ჭამისგანაც თავს ვიკავებ.

– ქეთი, მსოფლიო რბენის „მშვიდობის ელჩი“ ხარ, რომელიც წელს 6 მაისს გაიმართება…
– დიახ, მიხარია, რომ ზედიზედ 5 წელია დავრბივარ. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობაა, ეს ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავარია არა სისწრაფე, არამედ გარბენილი კილომეტრების რაოდენობა. წელს 5900-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული და ეს ძალიან კარგია.

რა სიახლეებს სთავაზობ მომავალში საზოგადოებას?
– მინდა, რომ დაიხვეწოს ჩემი აკადემია, მყავდეს კარგი მწვრთნელები და აიწიოს ამ ყველაფრის დონემ. ჯერ-ჯერობით სხვა გეგმები არ მაქვს.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

აპრილი 30, 2018
-->