ქეთი გომართელი: ამ ქვეყანაში თუ არ ეცოდები, კარგს არ ამბობენ

ქეთი გომართელი: ამ ქვეყანაში თუ არ ეცოდები, კარგს არ ამბობენ

„ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი ქეთი გომართელი იყო. როგორ დაიწყო მუსიკალური კარიერა, ვინ აკრიტიკებს მის შემოქმედებას ყველაზე ხშირად და რომელ მსოფლიო ვარსკვლავთან ჩაწერდა დუეტს –  დეტალურად ჩვენს ინტერვიუში შეიტყობთ.

ქეთი, რამდენი წელია, რაც სცენაზე დგახარ?

– ბავშვობიდან სახლში ვმართავდი კონცერტებს და მეზობლებისთვის წარმოდგენებს ვდგამდი. ასე ვთქვათ, ჩემი პატარა ბიზნესი იყო, თუმცა ეს მხოლოდ გართობის დონეზე. იყო ასეთი სტუდია „რონდო“, რომლის ხელმძღვანელს დედასთან უნდა ჰქონოდა რაღაც მოლაპარაკება, თუმცა სანამ დედა მოვიდოდა სამსახურიდან, ჩვენ განვახორციელეთ საკმაოდ საფუძვლიანი კომუნიკაცია. ჩავუტარე კონცერტი და ქალბატონმა ლიზიმ შემომთავაზა, სიმღერით სერიოზულად დავკავებულიყავი. დავიწყე ჩუმად სიარული, თუმცა მაშინ მხოლოდ 7 წლის ვიქნებოდი და 9 წლის ასაკში, როდესაც კონკურსზე ეგვიპტეში უნდა წავსულიყავი, მხოლოდ მაშინ გაიგეს ჩემებმა ჩემი ამ საქმიანობის შესახებ.

– წლების წინ, როდესაც ესტრადაზე გამოჩნდი, ყველა მოგიხსენიებდა თამუნას დად, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი ჟურნალისტი იყო. ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

– ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ მე თამუნას და ვარ, ეს მე მხოლოდ მაძლიერებს და არავითარ შემთხვევაში არ მთრგუნავს. რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე თამუნას სახელი ძალიან დამეხმარა.

როდესაც შენ გამოჩნდი, ქართული შოუბიზნესი ყვაოდა. როგორ გაართვი ამ კონკურენციას თავი?

– მსმენია ბევრი სირთულის შესახებ, თუმცა მე პირადად შეხება არ მქონია. ჩემს დროს ამდენი მომღერალი არ იყო ჯერ წამოსული. არც ე.წ. დაბლოკვის მსხვერპლი არ გავმხდარვარ, ალბათ ისევ და ისევ ჩემი დის და მეგობრების დახმარებით.

– დაამთავრე ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მუშაობდი რადიოსა და ტელევიზიაში, რატომ არ გააგრძელე სატელევიზო მოღვაწეობა?

– კი, მქონდა ბედნიერება თქვენს სტუდიაშიც მემუშავა და ძალიან კარგად მახსენდება ის დრო. რაც შეეხება ტელევიზიას, როდესაც იქ ხვდები, ფაქტობრივად, არაფრისთვის დრო აღარ გრჩება ცხოვრებაში. ამავდროულად ვმუშაობდი საჯარო სამსახურში პიარის განხრით და ძალიან მიჭირდა ამ ორი საქმის შეთავსება. რატომღაც ტელევიზიაზე უარი ვთქვი.

რამდენიმე დღის წინ შედგა შენს ახალ სიმღერაზე კლიპის პრემიერა, რომელშიც ბევრი თამამი სცენა იყო…

– კი, არის თამამი სცენებიც, თუმცა ეს არის ძალიან ლამაზი სანახავი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კადრში სამოსის გარეშე ვარ, სიშიშვლე არ არის გამაღიზიანებელი და არაესთეტიკური. კლიპს ერთი დღის განმავლობაში ვიღებდით, უწყვეტ რეჟიმში, მაგრამ იმენი პროფესიონალი იყო სამუშაო რეჟმში ჩართული, რომ დაღლა არ მიგრძვნია. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი იყო. სიმღერა ჯგუფ „სახეს“ რიმეიქს წარმოადგენს და დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის.

შენს მსმენელს ბევრ სიახლეს პირდები…

– ამ ეტაპზე ვმუშაობ ლექს-სენთან დუეტზე და ასევე ძველი სიმღერის ქავერს წარმოადგენს. ასევე აჩიკო მეფარიძის სიმღერის განახლებაც იგეგმება, თუმცა ვერ გეტყვით რომლის.

ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ძველი ჰიტების განახლება…

– გეთანხმება, ნამდვილად ურთულესია, თუმცა ახალი სიმღერების ჩაწერას მე პირადად ეს მირჩევია. გარანტია იმისა, რომ ეს ყველაფერი იქნება კარგი და ხარისხიანი, არის ის, რომ ყველა, ვინც ამ საქმეშია ჩართული, თავისი საქმის პროფესიონალია. სწორედ ეს ყველაფერი მაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩემი ნამუშევარი საუკეთესო იყოს.

ვინ გაკრიტიკებვს ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად და ლამაზად ჩემი და, ოჯახი და უახლოესი რამდენიმე მეგობარი მაკრიტიკებს, ვინც ხართ ჩემს გვერდით. კრიტიკას ვითვალისწინებ მხოლოდ მათგან, ვისაც ვიცი რომ ვუყვარვარ და სურს, რომ შემდეგი ნამუშევარი კიდევ უფრო უკეთესი იყოს.

შენთან მიმართებაში თუ გაგიგია ნეგატიური მესიჯები?

– სიმართლე რომ ვთქვა, ამ ახალი ნამუშევრის შემდეგ ნეგატივს ვერ წავაწყდი, თუმცა გაცნობიერებული მაქვს, რომ ყველას ვერ და არ მოეწონები და ეყვარები.  დავაკვირდი, რომ ამ ქვეყანაში თუ არ ეცოდები, კარგს არ ამბობენ. შესაბამისად, არ მინდა, რომ ვინმეს ვეცოდებოდე.

რაც შეეხება ლექს-სენთან დუეტს, სხვა მომღერლებთან კოლაბორაცია თუ იგეგმება?

– შესაძლოა, ექსპრომტად იყოს ესეც. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.

როგორია ქეთი სამზარეულოში?

– რომ გითხრა, რომ ძალიან ვმეგობრობ, მოგატყუებ, ჩემი დისგან განსხვავებით, რომელიც არაჩვეულებრივი კულინარია. რაც შემეხება მე, ჯანსაღ კვებას ვანიჭებ უპირატესობას და შესაბამისად შემიძლია სალათების კეთება.

რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?

– ჩემს ოჯახში, ჩემს ოთახში, მოკლედ, სახლში. მეგობრებთან ერთად თუ ვარ, მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები, ყველგან კარგად ვარ.

რომელ ცნობილ მსოფლიო მომღერალთან ჩაწერდი დუეტს?

– ბიონსესთან ჩავწერდი დიდი სიამოვნებით. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია.

პირადზე თუ საუბრობ ჟურნალისტებთან?

– არ ვსაუბრობ, რადგან ეს ჩემი პირადია.

დღეს მარტო ხარ?

– რა ვიცი. მე ყოველთვის შეყვარებული ვარ, ახლაც ასეა, მაგრამ რაზე ან ვისზე, ვერ გეტყვით.

– როგორი იყო ეს ერთი საათი შენთვის?

– როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო. მადლობას გიხდი ჩემი მოწვევისთვის. |

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მაისი 14, 2018
-->