ქართველი თვითნასწავლი დიჯეი, რომელიც 16 წლიდან კლუბებში უკრავს

ქართველი თვითნასწავლი დიჯეი, რომელიც 16 წლიდან კლუბებში უკრავს

გადაცემა After-ის სტუმარი რატი ხაზალია, იგივე Trotsky იყო.

რატი, პირველ რიგში, რატომ Trotsky?

– სრულიად ექსპრომტად და მოულოდნელად შერჩეული სახელია. 2012 წლამდე რატი ხაზალია ვიყავი. მინდოდა სახელი, რომელიც არ მომბეზრდებოდა და პირველი, რაც თავში მომივიდა „Trotsky“ იყო. არავითარი სხვა სიმბოლური დატვირთვა არ აქვს.

როდის დაიწყო შენი კარიერა?

– 2006 წელს, 11 წლის ასაკში, ბათუმის ბულვარში სეირნობის დროს, ერთ-ერთი კლუბიდან გამოსული ხმები იყო პირველი შთაგონება. 16 წლის უკვე ვუკრავდი კლუბებში და ამაში ხელს მიწყობდა წვერი, რომლის წყალობითაც დიდს ვგავდი. არ მახსოვს, როგორ ვისწავლე დაკვრა. ეტაპობრივად მოხდა ყველაფერი, ყოველ ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი იყო ჩემს გვერდით.

საზღვარგარეთ გასვლა თუ გქონდა?

– ჯერ არ მქონია, თუმცა ბევრ რამეს ვაპირებთ. სამწუხაროდ შარშან ბაქოში მივდიოდით ღონისძიებაზე და რამდენიმე დღით ადრე გვითხრეს უარი.

პროდაქშენით როდის დაკავდი?

– რამდენიმე წლის წინ. ჩემით დავიწყე და შემდეგ ირაკლი შონია მეხმარებოდა და კონსულტაციებს მაძლევდა.

რაც შეეხება ფირფიტებს, დიდი ხანია აგროვებ?

– მესამე წელი დაიწყო. 2014-ში გამოვიწერე პირველი ვინილი და მას შემდეგ ვაგროვებ.

რა პროგრამაში ქმნი მუსიკას?

– ვცდილობ, პროგრამის გარეშე შევქმნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც Abelton Live-ში ვმუშაობ.

კოლაბორაცია თუ გქონია?

– ჯერ არა, თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად იგეგმება.

ამჟამად რა პროექტებზე მუშაობ?

– Can’t Sleep-ს შევუერთდი. გადავწყვიტე, რომ ასე უფრო საჭირო იქნებოდა. ასევე ვაპირებთ ლეიბლის გაკეთებას და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ვფიქრობ, ადგილობრივ სცენას და ევროპულ სამყაროსთან უფრო დაგვაახლოვებს.

ზაფხულში თუ გამოდიოდი ცნობილ ფესტივალებზე?

– კი, ბათუმში ვიყავი, Gem Fest-ზეც ვიყავი.

კმაყოფილი ხარ ამ უკანასკნელი ფესტივალით?

– ნეგატივი ბევრი წამოვიდა, მაგრამ იყო კარგიც და ცუდიც: პირველ რიგში ფესტივალი ერთი თვე გრძელდება. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფესტივალებიც კი, 4-5 დღეზე დიდხანს არ იმართება. ასევე, წლიდან წლამდე დაიკარგა ძალიან საინტერესო ინსტალაციები, სამაგიეროდ იყო მეტი კვების ობიექტი, თუმცა, გარდა ოფიციალური ლაინაფისა, იყო ბევრი ნაკლებად ცნობილი მუსიკოსი, რომლებიც ერთგვარი აღმოჩენა იყო და ეს ძალიან კარგია. მეტი ხალხი რომ ყოფილიყო, უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით.

რატი, პროფესიით ვინ ხარ?

– სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ, თავისუფალ უნივერსიტეტში. ჯერ კონკრეტული სპეციალობა არ მაქვს, მაგისტრატურაში ვაპირებ გაგრძელებას, თუმცა, ჩემს თავს მუსიკაში უფრო ვხედავ.

წარმატებებს გისურვებ.

 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

სექტემბერი 27, 2017
-->