ოლგა ბაბლუანი: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლება არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია“

ოლგა ბაბლუანი: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლება არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია“

რადიო „ფორტუნაპლუსის“ გადაცემის  „ვიზიტორი“ სტუმარი ტელეწამყვანი ოლგა ბაბლუანი იყო. რატომ დაარქვა გადაცემას „რა დროს ძილია?“, რამდენად აკრიტიკებს ძმების ნამუშევრებს და როგორია ბაბლუანების ოჯახის შინაურული სიტუაცია – ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის…

– პირიქით, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ.

როგორი განწყობა გაქვს?

– არაჩვეულებრივი, მიუხედავად ცუდი ამინდისა და გაუთავებელი საცობისა, რომელიც ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობა გახდა. თუმცა, მე ავტომობილით კი არა, მოტოციკლით ვმოძრაობ და ეს საკითხი შედარებით ნაკლებად მაწუხებს.

მართლა მოტოციკლით მოძრაობ?

– კი და 15 წელია ასეა და ასე იყო პარიზშიც. მოტოციკლი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რომელიც სიმარტივისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, ყველას აქვს ასეთი არჩევანის საშუალება.

როგორ იწყება შენი ერთი დღე?

– სპორტით იწყება ჩემი დღე და შემდეგ სამსახურით გრძელდება. შაბათ-კვირას მივფრინავ საფრანგეთში, იქაც ვმუშაობ, ბავშვებიც იქ არიან. ეს არის ჩემი ყოველდღიურობა და დრაივი.

წლების მანძილზე საერთოდ არ ჩანდი ტელევიზიაში…

– მე მოვდივარ კინოდან, თუმცა, ახლა ვსაუბრობთ მედიაზე. პირველი გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მქონდა და „მშვიდობით, იარაღო!“ ერქვა.  შემდეგ იყო „მაესტრო“ და ბოლოს „იმედი“.

რატომ გადაწყვიტე, რომ ტელევიზიაშიც გეცადა ბედი?

– მინდოდა გამეკეთებინა კულტურულ-შემეცნებითი პროექტი, რომელიც ფართო მასებისთვის იქნებოდა საინტერესო. გადაცემის გაკეთებამდე გამოვკითხეთ საზოგადოება და გავიგეთ, რა სურდათ მათ. 88%-ით იყო იმ პროექტის მხარდაჭერა, რომელიც მომავალში შევქმენით. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაზე კარგად ემოციური პორნოგრაფია და სკანდალი იყიდება. რეკლამას არავინ ჩადებს გადაცემაში, რომელსაც ხალხი არ უყურებს, სწორედ ამიტომ გვინდოდა შეგვექმნა ის, რაც ხალხს უნდოდა, ოღონდ არ ყოფილიყო დაფუძნებული სკანდალზე. გადაცემის 80%, მათ შორის ფინანსური მხარეც, ჩემი შექმნილია.

სათაური „რა დროს ძილია?“ საიდან შეარჩიეთ?

– საზოგადოებაში ძალიან ხშირად ფიგურირებდა ფრაზა – „ჩვენ ჩაძინებულები ვართ“ და მსგავსი შინაარსის წინადადებები. მივყევით ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც ჯერ კიდევ როდის  დასვა კითხვა: „როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?“ და სწორედ ამან განაპირობა გადაცემის სახელი. რა დროს ძილია, როდესაც ვარსებობთ და ბევრი რამის შექმნა შეგვიძლია? –  ეს იყო სათაურის ერთ-ერთი მიზანი და ახსნა.

რამდენიმე წელია, რაც ტელევიზიაში გამოჩნდი, მანამდე რა იყო?

– დიახ, 2014 წლიდან ვარ ეკრანზე, მანამდე მთელს ჩემს ოჯახთან ერთად კინოში ვიყავი და ვარ ჩართული. საფრანგეთში, მედიაგანვითარებაზე ვსწავლობდი. ვმუშაობ ერთ-ერთ ცნობილ ფრანგულ ტელეარხთან, რომლის შედეგზეც მოგვიანებით გესაუბრებით. ასევე, ცნობილ ფრანგ ვარსკვლავებთან ვაკეთებ პროექტებს, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის მზადდება. ეს მსახიობები არიან პიერ რიშარი, ვენსან კასელი და სხვები. კიდევ უფრო ბევრი სიახლე იგეგმება.

რამდენად კრიტიკულად უყურებ ძმების ნამუშევრებს?

– იმდენად ოჯახში ირჩევა მუშაობის ყველა დეტალი, რომ შეიძლება ითქვას, რომ ერთად იქმნება ყველაფერი და შეფასებაც უკვე ნაკლებია, რადგან ყველა წვრილმანში მონაწილეობა გაქვს მიღებული. ძალიანაც რომ არ გინდოდეს, მაინც ერთვები (იცინის). მაგალითად, მე ვმონაწილეობდი „13“-ში და უფლება მქონდა, ჩემი როლი იქეთ წამეყვანა, როგორც მე ვგრძნობდი, დანარჩენი ყველაფერს გელა წყვეტდა. არა იმიტომ, რომ ჩემი ძმაა, მართლა ძალიან მაგარია.

ცნობილი ოჯახის წევრების ჩრდილქვეშ ხომ არ ხარ მოქცეული?

– იმდენად მტკიცე ხასიათი გვაქვს ოჯახში ყველას, რომ ერთმანეთს მხოლოდ ვავსებთ. მე უფრო განსხვავებული სფერო მაქვს, ვიდრე მათ, ამიტომ არა.

ქუჩაში როგორია საზოგადოების რეაქცია? პოპულარობა გსიამოვნებს?

– როგორ უნდა გაგაღიზიანოს ადამიანის კეთილგანწყობამ, როდესაც რაღაცას ქმნი და სხვა  მოსწონს, ეს მხოლოდ დიდი სიამოვნებაა.

პირადზე თუ საუბრობ ხოლმე?

– არასოდეს არსად პირადზე არ ვსაუბრობ. მგონია, რომ რასაც ვაკეთებ, ხალხს ის უფრო აინტერესებს. ვფიქრობ, რომ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. არსებობს რაღაც, რაც საკუთარ თავთან უნდა დატოვო. ყველაფერი ერთმანეთში არ უნდა აურიო.

ჭორები თუ გსმენია საკუთარ თავზე?

– რა თქმა უნდა და მინდა ვთქვა, რომ არასოდეს ჭორი არ მწყინს. ერეთადერთი, რაზეც ძალიან ვბრაზდები, როდესაც ჩემს ახლობელზე მესმის რაღაც ძალიან ცუდი და ბინძური. ერთადერთი ამან შეიძლება წყობიდან გამომიყვანოს.

დღეს მარტო ხარ, როგორც ქალი?

– პირადზე არ ვსაუბრობ, როგორც წეღან ვთქვი. შემიძლია დამოუკიდებელ ქალზე ვისაუბროთ და ამ თემაში ბოლომდე მოგყვები. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლება არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია დღეს. ვცდილობ, ეს თემა ჩემს გადაცემაშიც გამოვავლინო და მინდა ვთქვა, რომ შემთხვევითი არც ის ფაქტია, რომ გადაცემისთვის სულ გოგონები მყავს შემოკრებილები. სამომავლოდ ამ საკითხის კიდევ უფრრო წინ წამოწევას ვგეგმავ და ახალ პროექტს შემოგთავაზებთ. დავეხმარებით იმ გოგონებს, რომლებიც მუდმივად გვწერენ.

რას გწერენ?

– მაგალითად იმას, როგორ დაიმკვიდრონ თავი ან მიაღწიონ წარმატებას. მინდა ვთქვა, რომ წარმატების მიღწევა მარტო ეკრანზე გამოჩენა არ არის. წარმატებაა, როდესაც დამოუკიდებელი ხარ და საკუთარი თავის რჩენა შეგიძლია.

– შენ როგორ გრძნობ ამ კუთხით თავს? თვლი რომ რამით იჩაგრები?

– მე ვერ დავიჩაგრებოდი პირველ რიგში იმიტომ, რომ საფრანგეთში გავიზარდე, ოჯახმა მომცა იმის თავისუფლება, რომ საკუთარი ცხოვრება მქონოდა. ამასთან, საკმაოდ პროგრესული სვანები აღმოჩნდნენ ჩემი ძმებიც და მამაც (იცინის).

ბაბლუანების შინაურულ სიტუაციაზე მოგვიყევი

– ეს ძირითადად ხდება პარიზში, ჩემი მშობლების სახლში, როდესაც ჩემი დედმამიშვილები ვიკრიბებით ხოლმე. დედაჩემია ცენტრი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ოჯახი. 3 და-ძმა მყავს და ამას დამატებული ჩვენი შვილები. ძალიან მხიარულად ვატარებთ დროს, რადგან ძალიან გვიყვარს ერთად ყოფნა.

რომელი უფრო შენია საქართველო თუ საფრანგეთი?

– ორივე ჩემია, ნახევარ-ნახევარი ცხოვრება გავატარე ორივეგან და ვერ გამოვყოფ ასე.

ვინ იყო შენი გადაცემის ყველაზე კარგი რესპოდენტი?

– ეს იყო პატარა გიგი, რომელსაც ამ დღეებში მერიამ საკუთარი მაღაზია გაუხსნა. იმდენად გულწრფელად ისაუბრა ამ ბავშვმა, რომ მხოლოდ ვუსმენდი და არაფერი მასთან სათქმელი არ მქონდა. ასევე საკმაოდ საინტერესო რესპოდენტი იყო პატრიარქიც.

რომელ ცნობილ ადამიანთან ჩაწერდი ინტერვიუს და რა კითხვას დაუსვამდი?

– ასეთი არ მყავს. საოცნებო ადამიანები არ არსებობენ. რაც შეეხება კითხვას, ამაზე არ მიფიქრია და აუცილებლად ვიფიქრებ (იცინის).

მთა თუ ზღვა?

– ორივე.

რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს?

– ნებისმიერი ადგილი ჩემს შვილებთან ერთად.

გაკრიტიკებენ შენი შვილები?

– კი, ძალიან ხშირად მისწორებენ რაღაცეებს, თუმცა ცდილობენ, გული არ მატკინონ.

სამზარეულოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

– ძალიან მიყვარს მსუბუქი თევზეულისა და სალათების კეთება. უფრო მეტად მიყვარს, როდესაც სხვები აგემოვნებენ ჩემს გაკეთებულს.

მოსწონთ?

– ასე თუ ისე, კი. (იცინის)

რა დონეზეა ესა თუ ის სფერო საქართველოში შენი აზრით?

– განვითარების პროცესშია და ნამდვილად იხვეწება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი თაობა ბევრს შეცვლის.

„მზე, მთვარე და პურის ყანა“ – ამის შესახებ რას გვეტყოდი?

– დიახ, ეს არის მამაჩემის წიგნი, რომელსაც თემური წლების მანძილზე წერდა და წიგნის გარეკანზე ჩემი შვილის ნახატია. ეს არის რომანი, რომელიც არამარტო საქართველომ, არამედ მსოფლიომ აღიარა.

წიგნის მიხედვით ფილმის გადაღება თუ იგეგმება?

– ალბათ უფრო სერიალი თუ გამოვა, რადგან ეს არის მთელი ეპოპეა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ამ დროისთვის  ვიცი, რომ ეს მის გეგმებში არ შედის.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

აპრილი 4, 2018
-->