ნოე სულაბერიძე: ვიღაცისთვის კონკრეტული ადამიანი ვარსკვლავია, ვიღაცისთვის – არა

ნოე სულაბერიძე: ვიღაცისთვის კონკრეტული ადამიანი ვარსკვლავია, ვიღაცისთვის – არა

გადაცემა „ვიზიტორს“ ამ კვირაში ორი სტუმარი ჰყავდა. ესენი იყვნენ: პროდიუსერი და გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანი ნოე სულა ბერიძე და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილე და ასევე გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანი ირაკლი მაქაცარია.

– ნოე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერი ხარ. ხშირად ამბობენ საზოგადოებაში, რომ პროექტში სულ უფრო მეტი უცნობი სახე მონაწილეობს. რას იტყვი ამაზე?
– იმდენად სუბიექტურია ვარსკვლავის აღქმა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ვიღაცისთვის კონკრეტული ადამიანი ვარსკვლავია, ვიღაცისთვის – არა. ეს პროექტი არ არის იმისთვის, რომ ვარსკვლავი შეიქმნას. ჩვენი შეხედულებით წარმატებულ და თავის პროფესიაში ვარსკვლავებს ვიწვევთ შოუში მონაწილეობისთვის. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ვაპოპულაროვებთ ადამიანებს. პირველი მაგალითი იყო ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ყველასთვის უცნობი გოგო გახდა ვარსკვლავი. წელს ასეთია ოლიკო კობახიძე, რომელსაც ყველანაირი პირობა აქვს, გახდეს ძალიან პოპულარული.

– რის მიხედვით იწვევთ ადამიანებს პროექტში, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ?
– ელემენტარული საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეთ ამ დფეროში, თუმცა ეს არ არის ძირითადი მოთხოვნა. ცეკვა უნდა უყვარდეთ რა თქმა უნდა.

ერთ კარგ მაგალითს მოგიყვანთ: ირაკლი მაქაცარია, რომელიც დღეს სტუდიაში ზის, მას დიდად არ იცნობს ქართველი საზოგადოება, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება უკრაინაში და რამდენად პოპულარული და წარმატებულია ის. ასობით ადამიანი იკრიბებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ მისგან ავტოგრაფი აეღოთ და სურათი გადაეღოთ.

– წინა სეზონში მონაწილეობდა სტანისლავ ბონდარენკო, რომელმაც გაიმარჯვა. ბევრი ფიქრობდა, რომ მან ქართველი მონაწილეები დაჩაგრა.
– არანაირად, იმიტომ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მონაწილეზე. რამდენად ცნობადი ხარ, ეს ყველაზე ნაკლებად არის მნიშვნელოვანი. მაგალითა ჩოპრა, რომელიც გაცილებით დიდ ინდოეთში არანორმალურად წარმატებულია, მან ვერაფერი გააკეთა. ბონდარენკომ უბრალოდ ძალიან მოინდომა და გაიმარჯვა კიდეც.

ჟიურის ახალი შემადგენლობა გყავთ. არსებობს მოსაზრება, რომ გოჩა ჩერტკოევი, რომელიც პირველი სეზონიდან მოყოლებული იჯდა ჟიურიში, პროექტიდან ფინანსური შეუთანხმებლობის გამო წავიდა…
– ეს ყველაფერი არის უტრირებული. გოჩამ პროექტს ძალიან დიდი სარგებელი მოუტანა, მაგრამ გოჩა პროექტმა შექმნა და ეს მას წაადგა. უბრალოდ ამ სეზონზე გრაფიკიდან გამომდინარე ჩვენი შეთანხმება ვერ მოხდა და იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონებში მას კვლავ ვიხილავთ.

ირაკლი, უკრაინაში ძალიან პოპულარული ხარ, რომელიც რეალითი-შოუმ მოგიტანა. როგორ მიდის ცხოვრება მისი დასრულების შემდეგ?
– საუბარია „Холостяк“-ზე. ეს პროექტი ძალიან მასშტაბური არის მთელი ქვეყნის მასშტაბით. საკმაოდ ძვირადღირებული ბიუჯეტიც აქვს, რადგან უამრავი ადამიანი მუშაობს მასზე. გადაღებებიც კი სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, შესაბამისად ძალიან მაღალია ინტერესი საზოგადოების მხრიდან. მასში მონაწილეობის შემდეგ იზრდება ცნობადობა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, უბრალოდ დამემატა რამდენიმე ახალი პროექტი და ხალხი მცნობს. ვაკეთებ ძირითად საქმეს და ჩემი მიზანია, რომ კინოინდუსტრიაში დავიმკვიდრო თავი.

– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე როგორ დაგითანხმეს?
– ეს არის ყველაზე წარმატებული ტელეპროექტი მთელს მსოფლიოში და ის არცერთ ქვეყანაში არ ჩავარდნილა, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მიხარია, რომ უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ტარდება საქართველოშიც. რაც შეეხება დათანხმებას, აქამდე საქმე არც მისულა, რადგან პროექტი ყოველთვის ძალიან მომწონდა და გამიხარდა, როდესაც შემომთავაზეს. ერთადერთი ჩემს გრაფიკთან შეთავსება იყო, რაც მოვაგვარეთ.

ცეკვის გამოცდილება თუ გქონდა?
– პირველი კლასიდან მეოთხე კლასამდე დავდიოდი ქართულ ცეკვებზე. სხვა გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ძალიან მიყვარს.

ყოველი ნომერის შესრულების შემდეგ იღებ მაქსიმალურ ქულებს…
– რაც შეეხება ქულებს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამისი ერთადერთი გარანტი შრომაა, რომელსაც ყველა მონაწილე დებს ამ პროექტში. მყავს არაჩვეულებრივი და უძლიერესი პარტნიორი სალომეს სახით, რომელიც ამავდროულად არის ძალიან კეთილი ადამიანი.

ვინ არის შენი კონკურენტი პროექტში?
– შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ წელს მთლიანი შემადგენლობით პროექტში უძლიერესი გუნდია, რაც ძალიან კარგია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ჯანსაღი კონკურენცია საჭიროა ნებისმიერი კონკურსისთვის. თითოეული მონაწილე იმდენ შრომას დებს, რომ აბსოულუტურად ყველას უნდა დაუფასდეს. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე ვინმეზე ძლიერია.

რომელი ცეკვა იყო შენთვის განსაკუთრებით კომფორტული?
– გამოვყოფდი ჰიპ-ჰოპს და კონტემპს. თუმცა ყველა ძალიან ემოციური და თავისებურად საინტერესო იყო.

ბევრი მითქმა-მოთქმაა „პრაიმ შოუს“ გარშემო. ამბობენ, რომ ის კონკურენტი გადაცემების ჩასაძირად შეიქმნა…
– ყველა სატელევიზიო პროექტი იმისთვის კეთდება, რომ კონკურენცია გაუწიოს თავისი ფორმატის გადაცემას.

რატომ აარჩიეთ გადაცემისთვის არაპროფესიონალი წამყვანები?
ნოე: ტელეწამყვანი ხდები, როდესაც ეთერში ჯდები და გადაცემა მიგყავს. რაც შეეხება არაპროფესიონალიზმს, ხუთივე მათგანი გამოირჩევა დამაჯერებლობით, კონტრასტულობით და  პოზიტიურობით. პირველივე გადაცემის შემდეგ მან იმდენად მაღალი ნიშა დაიჭირა, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მიხარია, რომ სტაბილურად წინ მიდის. გადაცემიდან გადაცემამდე წამყვანები იზრდებიან და ეს ზრდა თვალშისაცემია.

ამასთან, ვცდილობთ დავაბალანსოთ და ნაკლებად სკანდალური გავხადოთ გადაცემა. სიყალბე არ გვაქვს და ეს მთავარია. რა ურთიერთობაც მაქვს წამყვანებთან რეალურად, ის ხდება კადრში ყოველთვის.

ირაკლი, წამყვანის ამპლუაში როგორ გრძნობ თავს?
– თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული, რადგან ახალი გამოწვევა იყო და გამოცდილებაც არ მქონია, მაგრამ როდესაც ფორმატზე ინფორმაცია მივიღე, მივხვდი, რომ ყველასთვის იყო ექსპერიმენტი. ამიტომ ვცადე და დღეს უკვე თავს კომფორტულად ვგრძნობ. როდესაც ვუყურებ გადაცემას, ვხედავ ხარვეზებს, რომლებსაც ვასწორებ. ვიტყვი, რომ ტელეწამყვანობა არ იქნება ჩემი ძირითადი საქმიანობა, თუმცა ვნახოთ.

– როგორი იყო ეს ერთი საათი ჩვენს სტუდიაში?
ნოე:
ძალიან კომფორტული. კიდევ დაგვიძახეთ და კიდევ მოვალთ.
ირაკლი: ნამდვილად ძალიან კარგი იყო. მადლობა თქვენ და თქვენს მსმენელს.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მაისი 31, 2017
-->