ნინო ლეჟავა: 4 ბიჭი, 1 ქმარი და 2 კატა მყავს მოსავლელი

ნინო ლეჟავა: 4 ბიჭი, 1 ქმარი და 2 კატა მყავს მოსავლელი

„ვიზიტორის“  სტუმარი მსახიობი ნინო ლეჟავა იყო.  რომელი იყო პირველი როლი, როგორ უთავსებს ერთმანეთს კარიერასა და ოჯახს და რა საერთო აქვს ნაილა ხუნწარიასთან – ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნინო, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ხარ, მაგრამ არაერთ თეატრში გითამაშია სხვადასხვა როლი…

– 97-ში, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მე არ გავჩერებულვარ. მანამდე არაერთხელ ვთქვი, რომ ცუდი იქნებოდა რეჟისორი და თეატრი თუ კარგი, მე არ უნდა გავჩერებულიყავი და უნდა მემუშავა საკუთარ თავზე. პირველი შემოთავაზება იყო თეატრისგან „ძველი სახლი“, ვატო (სანდრო) მრევლიშვილთან, ეკატერინე  ჭავჭავაძის როლზე დამამტკიცეს. ორი წელი ვიმუშავე ამ თეატრში და მივხვდი, რომ იმ ეტაპზე მჭირდებოდა თავისუფლება, როგორიც იყო თეატრალური სარდაფი. ის, რაც მაშინ ჭოლამ ქნა, გმირობის ტოლფასია – ადამიანებს სტუმრობის სურვილი გაუღვიძა. მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ადამიანებს რამდენიმე საათი განტვირთვა შეეძლოთ.

პირველ როლს როგორ გაიხსენებდი?

– ეს იყო რუსთავის თეატრში, ბატონ გია ანთაძის სპექტაკლი „ექვსი პერსონაჟი“, სადაც ვთამაშობდი უმცროს დას, რომელიც სცენარის მიხედვით აუზში დაიხრჩობა. მაშინ მხოლოდ 5 წლის ვიყავი. მეხსიერებაში ძალიან დამრჩა ის, როგორ უნდა ჩავმძრალიყავი აუზის დეკორაციაში და როგორ უნდა ვმჯდარიყავი იქ ჩუმად, სანამ არ წამიყვანდნენ. 5 წლის ასაკში მთელი სპექტაკლი, ბუნებრივია არ მემახსოვრება.

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც პროფესიულად არარეალიზებული ყოფილხარ?

– კინოში ძალიან ხშირად, თუმცა არა თეატრში, როგორც გითხარით 97 წლიდან ვმუშაობ. თუმცა, მე ბედნიერი ვარ, რომ ამოჩემებული მსახიობი არ ვარ და ყველას შემიძლია გამოვადგე, ვისაც დავჭირდები. ასე ჩემს კარიერაშიც და ზოგადად, ცხოვრებაშიც.

– 4 შვილის დედა ხარ. მსახიობისთვის ძალიან რთულია, კარიერისა და ოჯახის შეთავსება…

– არ ვიცი, ალბათ ის დიდი სიყვარული მეხმარება, რაც ოჯახისადმი და საქმისადმი მაქვს. ბოლო 2 შვილი მუცელში 5 თვიდან სცენაზე იდგა. დილა იწყება 7 საათიდან, განსაკუთრებით სწავლის პერიოდში. 4 ბიჭი, 1 ქმარი და 2 კატა მყავს მოსავლელი და მართლა არ ვიცი, როდის რას ვასწრებ. არ დაგავიწყდეს, ხელნაკეთ სამკაულსაც ვაკეთებ. (იცინის)

კერძების მომზადება თუ გიყვარს?

– მასალა იყოს და რა თქმა უნდა მ იყვარს. სხვათაშორის, ლამაზად რომ გამოიყურება საჭმელი, ეგეც მიყვარს.

– 4 შვილიდან რომელიმეს ხომ არ უნდა მსახიობობა?

– უფროსს უნდა, მაგრამ მე ვეუბნები, რომ კაცისთვის განსაკუთრებით რთულია აქ მსახიობობით თავის გატანა, ამიტომ მინდა, რომ ისწავლოს ენა და უცხოეთში სცადოს ბედი. იქ მეტი დაფასებაა, თუმცა ვიცი, რომ იქაც არ არის მარტივი. მეორე ბიჭს აქვს მონაწილეობა მიღებული რამდენიმე ფილმში, სხვათაშორის საკმაოდ კარგ ფილმებში, მაგრამ უნდა ვეტექიმობა. უნდა თავისი კლინიკა ჰქონდეს და ეს ძალიან მიხარია.

როგორ მოგწონს „ჩემი ცოლის დაქალებში“ შენი პერსონაჟი?

– ნაილასთან ემოციური კავშირის გარდა სხვა საერთო არაფერი მაქვს. ცუდი ქალი არ არის, კეთილია, მაგრამ უჭირს ცოტა თავში და რა ქნას? (იცინის) დიდი სიამოვნებით ვმუშაობ ამ პროექტზე, სულ პოზიტიურად ვბრუნდები გადაღებიდან. არაჩვეულებრივი ჯგუფია.

– ნაილა და ნუგო….

– (იცინის) ძალიან მინდა, რომ ნაილას გადაედოს ნუგოს აქცენტი.

ნაილათი თუ მოგმართავენ ქუჩაში?

– კი, იყო ასეთი შემთხვევებიც.  თუ მე ხალხის გაღიმება შემიძლია, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს და არც ის მაღიზიანებს, რომ ქუჩაში ნაილა დამიძახონ.

როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

– მსახიობების სამომავლო გეგმები რეჟისორების ხელშია, ამიტომ ასე ვერ გავთვლი. ირაკლი კავსაძე დგამს ეგზიუპერის „პატარა უფლისწულს“ და იქ ვარ ჩართული, ასევე ვარ სოხუმის თეატრში.  ასე შემოქმედებითად მივდივართ წინ.

გასტროლები რამდენად ხშირად გაქვთ?

– დიმიტრი ხვთისიაშვილის წყალობით საკმაოდ ხშირად.

რომელ ცნობილ მსახიობს გაიცნობდით პირადად და რა კითხვას დაუსვამდით?

– ბევრი ფავორიტი მსახიობი მყავს, ტიმ როტი, ტომ ჰენკსი, ენტონი ჰოპკინსი… რას ვკითხავდი და იმას, შეიძლება თუ არა მათთან ერთად ერთ ეპიზოდში მაინც ვითამაშო? (იცინის), რადგან იმ ეპიზოდითაც ბევრს ვისწავლიდი მათგან.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მაისი 21, 2018
-->