ნატუკა გულისაშვილი: „დავიწყე გემრიელობების ცხობა და ჩაბარება, მათ შორის ტელევიზიების ბუფეტებში“

ნატუკა გულისაშვილი: „დავიწყე გემრიელობების ცხობა და ჩაბარება, მათ შორის ტელევიზიების ბუფეტებში“

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი იყო, რომელმაც თავის კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

როგორ დაიწყო შენი სამსახიობო კარიერა?

– მანამდე დამთავრებული მაქვს კოსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი, თუმცა მთელი ცხოვრება მინდოდა მსახიობობა. ვიფიქრე, რომ ბედი მეცადა თეატრალურში. გამიმართლა და არაჩვეულებრივი ჯგუფი შემხვდა: გოგოლა კალანდაძე, ზუკა პაპუაშვილი და სხვები. ძალიან გაგვიმართლა და დამთავრებისთანავე აღმოვჩნდით თეატრალურ სარდაფში, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის იყო განკუთვნილი.

შემოქმედებაში პაუზა გქონდათ…

– კი, რთული პერიოდი იყო. როდესაც ხარ უმუშევარი და ოჯახი გყავს სარჩენი, ძალიან ცუდია. დავიწყე გემრიელობების ცხობა და ჩაბარება. პროფესიასავით გამიხდა ეს საქმე, ვაბარებდი სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ტელევიზიების ბუფეტებში.

დამამცირებელი ხომ არ იყო ეს შენთვის?

– არანაირად, რადგან კერძის მომზადება ჩემთვის როლის შექმნას უდრის. არაფერი არ მეთაკილება, იყო დრო, როდესაც მეორადების მაღაზია მქონდა, 6 საათამდე ვყიდიდი ტანსაცმელს და საღამოს თეატრში გავრბოდი სპექტაკლზე. ამპარტავნობა არ შეიძლება. არ არსებობს სიტყვა „არ შემიძლია“.

კულინარიის ნიჭი მემკვიდრეობით გამოგყვა?

– ჩემი დიდი ბებია მარო თარხნიშვილი იყო, შესაბამისად ტრადიციულ სუფრასთან ბავშვობიდან ახლოს ვარ. სულ მომწონდა რომ ვეხმარებოდი, მომწონდა როგორ იშლებოდა სუფრა და ა.შ.

რაც შეეხება ტელევიზიას, პირველად იყო „იმედი“…

– კი, 2012 წლიდან 2017 წლამდე ვიყავი პირდაპირ ეთერში. ბევრს ეგონა, რომ ეს ჩანაწერი იყო, მაგრამ სინამდვილეში იყო ლაივი. ამის შემდეგ იყო „იბერია“, საიდანაც 2017 წლის ივნისში დამიკავშირდნენ, ერთ თვეში მას შემდეგ, რაც „იმედიდან“ გამოგვიშვეს.

ერთი შვილი გყავს…

– კი, ანა, რომელიც მალე 23 წლის ხდება.

ამჟამად მარტო ხარ?

– კი, მარტო ვარ. ისე მოხდა, რომ არ გამოჩნდა და არ აეწყო ეს სფერო ჩემთან. ოჯახის დანგრევის პროცესში ძალიან დიდი ტრავმა გადავიტანე და მეორედ ამ ყველაფრის განცდის ძალიან მეშინია. ამასთან, რაც უფრო დრო გადის, უფრო მიჭირს გადაწყვეტილების მიღება.

გაღიზიანებს გარშმომყოფების კითხვები პირადთან დაკავშირებით?

– არა, ყველას აქვს უფლება დაინტერესდეს თუნდაც ჩემი ცხოვრებით.

როგორი იყო ეს ერთი საათი?

– ძალიან კარგი. მიხარია, რომ ნავსი გავტეხე და მოვედი შენთან გადაცემაში სტუმრად, იმედი მაქვს კიდევ მოვალ მომავალში.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

თებერვალი 22, 2018
-->