ნანა შონია: მსახიობობა ბევრჯერ მინანია

ნანა შონია: მსახიობობა ბევრჯერ მინანია

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ნანა შონია იყო. რატომ გადაწყვიტა მსახიობობა, რატომ ხსნიდნენ მას ამა თუ იმ სერიალიდან და რომელ ცნობილ მსახიობს გაიცნობდა პირადად, ამაზე დეტალურად ჩვენს ინტერვიუში შეიტყობთ.

 

ნანა, როგორ შედგა თქვენი პროფესია?

– ჯერ-ჯერობით ისევ დგება, რადგან ყოველი ახალი როლი რაღაცას გასწავლის და იზრდები. ძველი როლები რომ მინახავს მიფიქრია, რომ დღეს მას სულ სხვანაირად შევასრულებდი.

რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?

– აღარ მახსოვს კონკრეტულად რატომ. ოჯახში ჩემი ეს განცხადება მეხის გავარდნასავით იყო, თუმცა დედისთვის მაინც მოსალოდნელი იყო. სულ თავიდან, დაახლოებით 4 წლის ასაკში დავიწყე  ოჯახის წევრების, ნათესავების იმიტაციები და ყველანი ვხალისობდით ამ ყველაფერზე. ამას დაერთო ცეკვითი წარმოდგენებიც, ვდგამდი ნომრებს ფილმებიდან. ერთი პერიოდი ბალერინობაც მინდოდა, რაღაც პერიოდი არცერთი დადგმა არ გამომიტოვებია. დაახლოებით 14 წლისამ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა. ბევრჯერ მინანია და ალბათ კიდევ ვინანებ, იყო დრო, თავის დანებებაც მინდოდა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმატებას ვერ უძლებენ.

ახსენეთ, რომ ოჯახისთვის მოულოდნელი იყო თქვენი გადაწყვეტილება….

– კი, დედა გვერდში მედგა, მაგრამ მამა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რადგან თვლიდა, რომ ოჯახში ერთი მსახიობი მაინც უნდა ყოფილიყო, რომლის გზასაც უნდა გავყოლოდი, ჩვენ კი ასეთი არ გვყავდა. როდესაც ჩავაბარე, მამამ არ იცოდა ან იცოდა და არ იმჩნევდა, რადგან ეგონა, რომ ჩავიჭრებოდი. თუმცა, როდესაც უკვე სტუდენტი გავხდი, იმ მომენტიდან გვერდში მედგა და ყველაფერში მეხმარებოდა, რადგან მიხვდა, რომ ეს საქმე მართლა ჩემი იყო.

რომელ ცნობილ მსახიობებს მოესწარით მაშინ?

– რამაზ ჩხიკვაძეს, იზა გიგოშვილს, კარლო საკანდელიძეს, მარინა თბილელს და ა.შ.


– მამა ამაყი იყო?

– კი, ძალიან, უბრალოდ სპექტაკლებზე ძალიან ნერვიულობდა და ბოლოს გამომიცხადა, რომ ვეღარ მოვიდოდა თეატრში.

– გაიხსენეთ თქვენი პირველი სპექტაკლი…

– მაშინ სტუდენტი ვიყავი, მეორე კურსის. იზა გიგოშვილმა და მერაბ თავაძემ დადგეს „უკვდავების სერაფიმე“, ძალიან ლამაზი სპექტაკლი. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იზა გიგოშვილისგან უთბილესი შეფასება დავიმსახურე, რომელსაც დღემდე ვინახავ.


–  იყო დრო, როდესაც თეატრში ხალხი არ დადიოდა და სპექტაკლს რამდენიმე ადამიანისთვის მართავდით…

– ტყუილს ვერ ვიტყვი და მე ცარიელი დარბაზი არ მახსოვს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სპექტაკლის დროს შუქი ჩაქრა. არ გვინდოდა შეგვეწყვიტა, ამიტომ ავანთეთ ლამპა და ისე გავაგრძელეთ თამაში. იყო დრო, როდესაც ძალიან ციოდა დარბაზში, მაგრამ ცარიელი დარბაზი არ ყოფილა.

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე…

– ჩემი მეუღლე თუმანიშვილის თეატრში არის მხატვარი, სხვათაშორის რუსთაველის თეატრშიც ერთად ვმუშაობდით. რაც შეეხებათ შვილებს, უფროსი მამის კვალს გაჰყვა და მოქანდაკეა და გრაფიკასაც სწავლობს, ძალიან მიხარია, რომ არ უნდა მსახიობობა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია ეს საქმიანობა. მეორე 12 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს, თუმცა არაჩვეულებრივი იმიტიაცია შეუძლია და ცოტა ვიძაბები და მეშინია კიდეც. იმედი მაქვს, არ გახდება მსახიობი, თუმცა რომ მოინდომოს, არანაირ წინააღმდეგობას არ გავუწევ.

– იყავი ტელე და რადიო წამყვანიც…

– ძალიან კარგად მახსენდება ეგ პერიოდი, ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვმუშაობდი, შემდეგ რადიოში და შემდეგ განახლებულ „მეცხრე არხზე“.  ძალიან მენატრება ის დრო, რადგან ბევრი ენერგია ჩავდე.

– ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ანუ სააკაშვილის ტელევიზიაში აღარასოდეს დაბრუნდები.

– კონკრეტულად ეს ფრაზა არასოდეს მითქვამს, მაგრამ იმ რეჟიმის აქტიური ოპოზიცია ვიყავი, ყოფილა შემთხვევა, რომ სერიალიდან როლზე იმისთვის მოვუხსნივარ, რომ ჩემს აზრს ხმამაღლა ვაფიქსირებდი და ეს ვიღაცას არ მოსწონდა, თუმცა არაფერს ვნანობ და დღესაც ამ აზრზე ვარ. გაჩუმება არ მიყვარს, რადგან როდესაც ხალხი გიცნობს, შენს სიტყვას ფასი აქვს და იმ მომენტში ეს საჭირო იყო.

– ვინ არის მსახიობი, რომელსაც პირადად გაიცნობდით და რა კითხვას დაუსვამდით?

– სერგო ზაქარიაძეს. კითხვას არ ვიცი, მაგრამ ბევრ რამეზე დაველაპარაკებოდი და ვთხოვდი, რომ კიდევ ბევრი რამე ესწავლებინა.

როგორი დიასახლისი ხართ?

– ჩვეულებრივი ქალი ვარ, რომელიც ოჯახზე ზრუნავს, ბაზარში დადის პროდუქტების შესაძენად, მოკლედ, დედაჩემის შვილი ვარ.

ფასებს თუ გიმატებე ხოლმე ბაზარში?

– არა, ბევრი ვერც მცნობს და ვინც მცნობს, პირიქით, პატივისცემას ცდილობს. ამის გამო ძალიან ვწუხდები, მაგრამ ძალიან მიხარია.

„ხელოვნური სუნთქვა“ ჯერ-ჯერობით ბოლო სერიალია, სადაც გამოჩნდით. საკმაოდ რთული თემას შეეხნენ სცენარისტები – ბავშვობის მეგობრის მის ქმართან ღალატს…

– კი, ასეთი რამ ხდება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. სანამ ზოგადად ღალატის ფაქტი მოხდებოდა, ხალხი მაჩერებდა ქუჩაში და მთხოვდა, რომ არ მექნა ის, რისიც ეშინოდათ (იცინის).

თეატრი თუ კინო?

– კინო არაჩვეულებრივი რამ არის, როდესაც ჩაირთვება კამერა ყველაფერი ჩერდება და ხარ იქ, საოცარ სამყაროში. ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა და ფილმების ყურება ჩემს უმცროს შვილთან ერთად.

როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარეთ?

– მშვენიერი, სიამოვნებით ვისაუბრე და კარგი ვქენი, რომ მოვედი (იცინის).

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მაისი 3, 2017
-->