,,მყავს არაჩვეულებრივი პარტნიორი, რომელთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ” – მარიტა როხვაძე

,,მყავს არაჩვეულებრივი პარტნიორი, რომელთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ” – მარიტა როხვაძე

გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემის ,,ვიზიტორის” სტუმარი მომღერალი, მარიტა როხვაძე იყო. მომღერალმა რადიო “ფორტუნა პლუსის” ეთერში კარიერასა და პირადზე ისაუბრა.

– საზოგადოებამ გაგიცნო მუსიკალური პროექტიდან “ჯეოსტარი”. ყოფილა ბევრი პროექტი, როცა გამოჩენილან, მაგრამ დაკარგულან. როგორ მოახერხე, რომ დღემდე ჩანხარ საზოგადოების წინაშე?

– ეს ყველაფერი ჩემი პროდიუსერის დამსახურებაა. კახა ხოშტარია, რომელთანაც 2013 წლიდან ვთანამშრომლობ. აქტიურ მუსიკალურ კარიერას ვეწევი ბენდთან ერთად, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

– მუსიკალური განათლების შესახებ მოგვიყევი…

მუსიკალური შვიდწლედი მაქვს მთავრებული, ვუკრავდი. ძალით დავდიოდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით. შემდეგ ვოკალზე დავიწყე მზადება და გადავწყვიტე, 16 წლის ასაკში მიმეღო მონაწილეობა შესარჩევ ტურში, თუმცა მითხრეს, რომ პატარა ვიყავი. 18 წლის ასაკში მიზნად დავისახე, რომ პროექტი უნდა მომეგო და მოვიგე კიდეც. ბავშვობიდან მეტყობოდა, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა.

– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ?

უფრო საინტერესო გახდა. მიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან ვთვლი, რომ მსმენელს არამარტო რეპერტუარი, არამედ საკუთარი თავიც სხვადასხვანაირი უნდა შესთავაზო, ამიტომ ვცდილობ ყოველთვის ისე გამოვიყურებოდე, რომ ყველას ვაინტერესებდე. პირველ რიგში მე მომწონს, რასაც ვაკეთებ.

– თუ ფიქრობ რა მოსწონთ გარშემომყოფებს?

რა თქმა უნდა. ჩემს იმიჯზე მარტო მე არ ვზრუნავ. ყოველთვის ვცდილობ ვიყო მოწესრიგებული.

– რამდენად მოთხოვნადი ხარ დღეს?

– იმდენად რამდენადაც მინდა, რომ ვიყო. მყავს ქავერ-ბენდი, რაც დღესდღეობით აქტუალურია. ვცდილობთ რასაც ვაკეთებთ, იყოს განსხვავებული. აქ ფულის შოვნა რთულია, ამიტომ თუ გადავწყვეტ გამოვუშვა ალბომი, გათვლა მექნება საზღვარგარეთზე

– სიმღერის დაწერა თუ გიცდია?

– მიცდია და მაქვს კიდეც დაწერილი, ინგლისურენოვანი სიმღერა, რომლის ტექსტი და მუსიკა მე მეკუთვნის. ჯერჯერობით ოფიციალურ რელიზს არ ვგეგმავ, თუმცა საინტერესო გეგმები მაქვს.

– როცა გახდი პოპულარული, დაიწყე ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობა…

– რომ ვუყურებდი, ძალიან მომწონდა ეს გადაცემა. რაღაცნაირად ჩემი იყო. დამირეკა ნიკა ხაჩიძემ, რომელმაც შემომთავაზა ნიკა გრიგოლიასთან ერთად წამეყვანა გადაცემა და მაშინვე დავთანხმდი. ბავშვობაში სარკესთან ვიდექი და საკუთარ თავზე ვმუშაობდი ხოლმე. ყველაფერზე, რაზედაც ვოცნებობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამისრულდებოდა.

– პირად ცხოვრებაში რა ცვლილებებია…

– მყავს არაჩვეულებრივი პარტნიორი, რომელთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

– ბევრს წერდნენ სოციალურ ქსელში იმის შესახებ, თუ როგორ დაიკელი?

– დღემე მწერენ და მეკითხებიან რა დიეტას ვიცავდი. არაფერი განსაკუთრებული. ვიყავი 81 და ჩამოვედი 61-ზე. ბოლო პერიოდში ცომეულს მივეძალე, მაგრამ იმდენად კომფორტულად ვგრძნობ ახლა თავს, რომ წონა არ მაწუხებს.

– გურმანი ხარ?

– ცუდი დამოკიდებულება მაქვს სამზარეულოსთან . (იღიმის) ვგიჟდები ქართულ კერძებზე, მაგრამ სამწუხაროდ კეთება არ ვიცი და ცოტა მრცხვენია. ჩვენი სამზარეულო რთული მეჩვენება.. როცა სახლში ვარ ჩემთვის ვიმზადებ საჭმელს, თუმცა არამგონია სხვას მოეწონოს. ვისწავლე სუშის გაკეთება. მიყვარს ზღვის პროდუქტები.

– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს.

ბუნება. ბოლოს თავი ყველაზე თავისუფლად სვანეთში ვიგრძენი, მეგონა თავიდან დავიბადე.

– მომღერალი, ვისთან ერთადაც დუეტს ჩაწერდი…

მქონდა ბედნიერება მემღერა ნინო ქათამაძესთან. დღესაც რომ ვუყურებ ჩანაწერს, არ მჯერა, რომ მასთან ერთად ვიმღერე. ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი კიდევ ერთხელ მასთან ერთად. მსოფლიო მასშტაბით, ბიონსესთან ვიმღერებდი მთელი თავისი პერფორმანსით.

– წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ნოემბერი 5, 2018
-->