მოხდება თუ არა ჯგუფ „სახის“ ვარსკვლავის დემონტაჟი – დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის

მოხდება თუ არა ჯგუფ „სახის“ ვარსკვლავის დემონტაჟი – დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის

გადაცემამ „ვიზიტორი“ ამ კვირას განსხვავებულ ფორმატში ჩაიარა. საუბარი ბოლო დღეებში ქართულ შოუ-ბიზნესში მომხდარი სკანდალის გარშემო წარიმართა, რომელიც ჯგუფ „სახესა“ და დავით ოქიტაშვილის შეეხებოდა. საუბარია 90-იანი წლების პოპულარული ჯგუფის სახელობის ვარსკვლავის გახსნაზე, რასაც მეორე მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

 

გადაცემის ფარგლებში მოხდა ორივე მხარის სატელეფონო ჩართვა. პირველი მათგანი მომღერალი დათო ხუჯაძე იყო, რომელიც ჯგუფ „სახეს“ წარმოადგენდა.

– პირველ რიგში, გილოცავთ ვარსკვლავის გახსნას. თქვენს კონცერტზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ. როგორია შენი შთაბეჭდილებები?
– კონცერტმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა, ძალიან კარგი პროგრამა იყო და პოზიტიური  გამოხმაურებებიც მოჰყვა.

ელოდებოდით ამ ყველაფერს?
– დიახ, რომ არ ველოდებოდეთ არც გავაკეთებდით. ჯგუფის მიმართ სიყვარულს მთელი ეს წლები ვგრძნობდით საზოგადოებისგან. 15 სიმღერა შესრულდა და თითოეულ მათგანს დარბაზი სრული შემადგენლობით ყვებოდა. ჩვენ რომ არ გვემღერა, მთელს კონცერტს ის 2 ათასი ადამიანი ჩაატარებდა, ვინც იქ იყო, რადგან მათ ყველა სიმღერა ზეპირად იცოდნენ. ხალხმა წლების წინ გვაჩუქა ვარსკვლავი.

დათო, ვარსკვლავს შეეხო საუბარი და უნდა შევეხოთ იმ მტკივნეულ თემას…
– არაფერი მტკივნეული ამაში არ არის. ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე: ვარსკვლავი გაიხსნა, ეს რომ ყოფილიყო არაკანონიერი, ფაქტი არ მოხდებოდა და დანარჩენი, ჯობია, რომ სხვას ჰკითხოთ. თუ ერთი ადამიანის ბიზნესს შევეხეთ, ეს უკვე სხვა პრობლემაა.

თქვენს მის სამსახურს შპს უწოდეთ…
– შპს იქნება თუ სსიპ, ფაქტია, რომ ეს მისი პირადი ბიზნესია და შესაბამის ორგანოებს ვურჩევ, შეამოწმონ მისი საბუთები. მე მიადვილდება საუბარი ამაზე ხმამაღლა, იმიტომ, რომ ვარ მართალი, მას არ შეუძლია და ამაშია სხვაობა.

უფრო კონკრეტულად, შეგიძლიათ გვითხრათ რაზე ვერ შეთანხმდით?
– ეს თავად დავით ოქიტაშვილს უნდა ჰკითხოთ.

– რა გზებს მიმართეთ იმისთვის, რომ ვარსკვლავი გაგეხსნათ?
– ოქიტაშვილის პრეროგატივა რომ ყოფილიყო, ვარსკვლავი არ გაიხსნებოდა. ფილარმონიის ადმინისტრაციასთან გავარკვიეთ, რომ ოქიტაშვილთან არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული, ამიტომ ყველაფერი მარტივად მოხდა და ვარსკვლავიც გაიხსნა.

ანუ ნებისმიერი მოღვაწე გახსნის ვარსკვლავს…
– დამსახურებული ადამიანი მიიღებს კი და ამისთვის ბატონი დავითის თანხმობა არ არის საჭირო. ოქიტაშვილი რომ გადაწყვეტს, გაუხსნას თუ არა ვარსკვლავი ალექსანდრე ბასიალაიას, სირცხვილია უბრალოდ.

უნდა არსებობდეს თუ არა ასეთი ტიპის სამსახური ცალკე?
– სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს დაახლოებით 20 კაციანი კომისია, რომლებიც განიხილავენ ამ საკითხებს. ამ შემთხვევაში ოქიტაშვილთან არანაირი კომისია არ არსებობს და ის მარტო წყვეტს, ჩვეულებრივი ბიზნესი აქვს. იმიტომ ატეხა ერთი ამბავი, რომ მის ბიზნესს შევეხეთ. სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ეს ყველაფერი.

წარმატებებს გისურვებთ.
გადაცემის ფარგლებში კიდევ ერთი სატელეფონო ჩართვა განხორციელდა. ეს იყო მეორე მხარე – დავით ოქიტაშვილი:

ბატონო დავით,  როგორია განწყობა?
– პირველ რიგში ვულოცავს ჯგუფ „სახეს“ 20 წლის იუბილეს. მე ვუსმენდი წინა მსმენელს და მინდა ვთქვა, რომ ის ცრუობს და მსმენელი შეცდომაში შეჰყავს. მინდა დავაზუსტო, რომ დათო ოქტაშვილი არ წყვეტს ვის გაუხსნის ვარსკვლავს. 17 წლის წინ მე დავაპატენტე ვარსკვლავის გახსნა საქართველოში და ამ დროის მანძილზე საშუალოდ 150 ვარსკვლავი გაიხსნა და აქამდე არავის მსგავსი პრეტენზია არ გამოუთქვამს. მინდა მსმენელმა იცოდეს სიმართლე: კულტურის სამინისტროს არანაირი ნებართვა არ გაუცია ჯგუფის ვარსკვლავის გახსნის თაობაზე. მათ წერილში წერია, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის.

– ვინ გახსნა ეს ვარსკვლავი?
– თავად გაუხსნეს საკუთარ თავს. იურიდიულად ამისი გაკეთება მოგვარებადია და ეს ჩვენი მინუსი აღმოჩნდა, რომ 2000 წლის 12 მარტს საკრებულომ მიიღო დადგენილება, გაკეთებულიყო გამოჩენილი ხელოვანი ადამიანების ვარსკვლავი. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ გამოჩნდებოდა ხუჯაძისნაირი ამპარტავანი ადამიანი, რომელიც თავის თავს ვარსკვლავს გაუხსნიდა.

როდესაც ის მოვიდა ჩემთან, მე ვუთხარი, რომ ეს ინფორმაცია უნდა დალაგებულიყო. შევთავაზე, ოქტომბერში თბილისობისთვის გადატანა, მანამდე კომისიასთან უნდა გამეტანა ეს საკითხი.

დათომ განაცხადა, რომ ეს კომისია არ არსებობს…
– მაშინ მაინტერესებს, ის ვარსკვლავი რომელ კომისიასთან შეთანხმებით გაიხსნა? გუშინ, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიკრიბა საზოგადოება – ბატონი ელდარ შენგელაია, ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე და ა.შ.  შეჩერდა ერთი თვით ვარსკვლავების გახსნის საკითხის განხილვა, რათა ეს პრობლემა დარეგულირდეს. დაისვა ამ ვარსკვლავის დემონტაჟის საკითხიც, რაზეც მე წინააღმდეგი წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. მასე თუ მივუდგებით, ვიყოთ ობიექტურები და გია სურამელაშვილი მათზე პოპულარული იყო, ავსებდა ფილარმონიას და სპორტის სასახლეს. რასაკვირველია, „სახესაც“ აქვს დამსახურება, მაგრამ საზოგადოებას ეს სხვაგვარად უნდა მივაწოდოთ და არა ისე ამპარტავნულად, როგორც მოხდა. მათ იმ ადამიანებს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომელთა ვარსკვლავიც 17 წლის განმავლობაში გაიხსნა. დათო ხუჯაძეს ეს ყველაფერი ჩემი ბიზნესი ჰგონია და ეს არა საზოგადოების, არამედ დათოს და რამდნეიმე ადამიანის აზრია.

რამ გამოიწვია ეს გაუგებრობა?
– გეტყვით, მათ ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ 14 მაისს, მათ შორის კონცერტიც და ვარსკვლავიც და არ სურდათ ის ცოტა მოგვიანებით გახსნილიყო, რადგან ამ დროში ვერ ესწრებოდა. სულ ეს იყო, ვადებში ვერ ჩავეტიეთ. არსად არ მინახავს, რომ ადამიანი საკუთარ თავს უხსნიდეს ვარსკვლავს.

დათო ოქიტაშვილს არცერთი ვარსკვლავი თავისი ინიციატივით არ გაუხსნია. მე ვარ ბედნიერი, რომ ლეგენდარული ადამიანების ვარსკვლავები მაქვს გახსნილი, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ.

რა იქნება ხვალ, ამ ყველაფრის მერე?
– ფილარმონიის დირექციას შეეძლო მიეღო სხვანაირი გადაწყვეტილება და მათ უბრალოდ არ დაძაბეს სიტუაცია. მე მესმის მათი, რადგან საქმე შესაძლოა სასამართლომდე მისულიყო. ანუ ვარსკვლავის გახსნა ძალადობრივი გზით მოხდა. იმედი მაქვს, დათოც მიხვდება, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.

წარმატებები მინდა ვუსურვო ჯგუფ „სახეს“ და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მათთან ერთად მუშაობდნენ. ასევე შალვა რამიშვილს, რომელმაც წლების წინ ეს კოლექტივი შექმნა და ადამიანი უმადური არ უნდა იყო – ერთი მადლობა მას ნამდვილად ეკუთვნოდა.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მაისი 17, 2017
-->