„მისტერ პლანეტას“ წოდება საქართველოს წარმომადგენელმა მეორედ მოიპოვა

„მისტერ პლანეტას“ წოდება საქართველოს წარმომადგენელმა მეორედ მოიპოვა

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკა მგალობლიშვილი,მისტერ პლანეტა“ ზურა წილოსანი და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი მერი ტარიელაშვილი იყვნენ.

– ეკა, „მისტერ პლანეტა“ საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა და საქართველო მეორედ გახდა გამარჯვებული. რამდენად კმაყოფილი ხარ ამ კონკურსით?

– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რომ არა თითოეული ადამიანის აქტივობა, მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო და 2015 წლის შემდეგ ქართველმა პირველობა უკვე მეორედ მოიპოვა პიროველობა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

– ხშირად ამბობენ, რომ თუ „კატრინის“ მოდელი არ ხარ, ამ სფეროში წარმატებას ვერ მოიპოვებ…

– მე ხშირად მითქვამს, რომ კონკურსზე მიდის საქართველო და არა კონკრეტული სააგენტო. კასტინგებზე სულ იმას ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელიც სამოდელოდან მოდიხარ, მთავარია პარამეტრებს აკმაყოფილებდე. ამისი ნათელი მაგალითია ზურა წილოსანი, რომელიც ჩვენი მოდელი არ არის.

როგორ იპოვეთ ზურა?

– კასტინგი რომ გამოვაცხადე, დამირეკა გიორგი მასხულიამ და მითხრა, რომ კარგი ბიჭები ჰყავდა. მოვიდნენ თუ არა, მე და მარკუს მეტრეველმა ერთხმად ვთქვით, რომ ეს სწორედ ის იყო. მანაც გაგვიმართლა იმედები.

ზურა, რას გვეტყვი კონკურსზე?

– საკმაოდ მაღალი დონის კონკურსი იყო, დიდი კონკურენციით. სიმართლე რომ ვთქვა, არ მოველოდი გამარჯვებას, მაგრამ ასე დასრულდა და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

– რა არის შენთვის ეს კონკურსი?

– საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო. საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული ხალხი ჩამოვიდა ევროპიდან. საკმაოდ მაღალი სტიმულია, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი დონის კონკურსი ტარდება. ერთადერთი ადამიანი აღმოვჩნდი, რომელსაც ყველაფერი კარგი ჰქონდა – გარეგნობაც, ინტელექტიც და ა.შ.

როგორ განვითარდა მოვლენები შენს ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ?

– ბევრი მეგობარი გავიჩინე, ბევრმა მომწერა, მომილოცა…

ეკა: ასევე დავამატებ, რომ ფილმებიდანაც აქვს შემოთავაზება და ევროპის მოდის კვირეულებიდან.

რა ევალება „მისტერ პლანეტას“?

– ვიტყვი იმას, რომ მას ბევრი კარი აქვს უკვე ღია და ეს ტიტული კარგად უნდა გამოიყენოს. ჩვენ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას ვგეგმავთ ერთად, რადგან ზურა მარტო გარეგნობა არ არის.

ზურა, პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– უკვე 2 წელია მყავს შეყვარებული, თუმცა თაყვანისმცემელთა რაოდენობამ იმატა.

რას საქმიანობ ამჟამად?

– ფიტნეს-ინსტრუქტორი ვარ.

– ეკა, კიდევ ერთი მოდელი გვყავს სტუდიაში…

– დიახ, ნოემბერი ძალიან გადატვირთული გვაქვს, რადგან წინ ბევრი სერიოზული კონკურსი გველის. მერი ტარიელაშვილი კონკურს Fashion Face World-ზე საქართველოს სახე გახდა და ჩვენს ქვეყანას თურქეთში წარადგენს, სადაც 50 ქვეყანა მონაწილეობს.

მერი, როგორია განწყობა?

– ვემზადები კონკურსზე გასამგზავრებლად, აქტიურად ვვარჯიშობ.

რამდენი ხანია, რაც ამ სფეროში ხარ?

– 3 წელია, რაც მოდის სფეროში აქტიურად ვმოღვაწეობ და ვარ „კატრინის“ სახე.

მოდელობის გარდა რას საქმიანობთ?

– ვარ ფსიქოლოგი, ბაკალავრის ხარისხით.

თაყვანისმცემლების რაოდენობამ თუ იმატა და გყავს თუ არა მეორე ნახევარი?

– არა, არ მყავს მეორე ნახევარი. რაც შეეხება თაყვანისმცემლების რაოდენობას, ნამდვილად არ ვუჩივი (იცინის).

– მშობლებმა როგორ მიიღეს შენი ეს გადაწყვეტილება?

– თავიდან, პატარა რომ ვიყავი მშობლები არ მიშვებდნენ, მაგრამ რომ გავიზარდე და ბევრი შემოთავაზება მქონდა, ავირჩიე ყველაზე კარგი სააგენტო და კონკურსი და დღეს უკვე კმაყოფილები არიან.

ეკა: ამ ყველაფრის უპირატესობა ის არის, ჩვენ ამ ადამიანებს მარტო მოდელის კარიერას არ ვუწყობთ. მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ მრავალმხრივ გაიზარდონ და სხვა სფეროებშიც მიაღწიონ წარმატებას, თუკი ამისი სურვილი აქვთ. ამისი ნათელი მაგალითია ნინი გრძელიშვილი, რომელიც დღეს აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა და არაჩვეულებრივად გამოსდის.

– წარმატებებს გისურვებთ.  

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ოქტომბერი 18, 2017
-->