„მინდოდა საკუთარ ტყავზე გამომეცადა, რის ფასადაც ხდებიან ადამიანები წარმატებულები“-ნინი შერმადინი

„მინდოდა საკუთარ ტყავზე გამომეცადა, რის ფასადაც ხდებიან ადამიანები წარმატებულები“-ნინი შერმადინი

„ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი ნინი შერმადინი იყო, რომელმაც საკუთარ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ნინი, რატომ დატოვე საქართველო და რატომ წახვედი ამერიკაში?

– მარტივი მიზეზის გამო, მეგონა, რომ აქ ვეღარ განვვითარდებოდი, როგორც პროფესიონალი და ამ ბაზარზე ამოვწურე ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. ადვილი არ იყო ნულიდან დაწყება უცხო ქვეყანაში, რომელიც არის მსოფლიოს ცენტრი. ჩემნაირი მომღერალი, როგორც ნიჭით, ისე ვიზუალით, იქ შესაძლოა მეტროში შეგხვდეს, მაგრამ უბრალოდ მინდოდა საკუთარი თავი გამომეცადა და საკუთარ ტყავზე გამომეცადა ის, რის ფასადაც ხდებიან ადამიანები წარმატებულები. მეტ-ნაკლებად გამომდის. მე-6 წელია იქ ვცხოვრობ, სამი წელი ენის წავლას და სტაბილური სამსახურის პოვნას შევალიე. ვმუშაობდი ბანკში, საიდანაც ცოტა ხნის წინ წამოვედი.

6 წლის წინ, ქართულმა შოუბიზნესმა ყველაზე ღრმად დაიძინა. ახლა ნელ-ნელა ამოიქაჩა და ეს ძალიან მიხარია. ახალი სახეებიც წამოვიდა, ძველი ჰიტებიც გაცოცხლდა. მუდმივად ალბათ ვერ წამოვალ, მაგრამ ამის მერე ხშირად ვივლი ხოლმე. ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მივატოვებ იმას, რასაც ამდენი წელი ვაკეთებდი. სექტემბერში იტალიაში მივდივარ და დუეტის ჩაწერას ვგეგმავ. გერმანიაშიც მაქვს კიდევ ერთი სერიოზული შემოთავაზება.

შენი შვილი განიცდის, რომ ამხელა მანძილზე ხარ წასული?

– მარიამი ძალიან პატარა იყო, როდესაც წავედი, ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი უფრო რთული იყო. მან უკვე გაითავისა, რომ მე უნდა ვიყო წასული, რათა მას გაცილებით კარგი მომავალი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ახლა უკვე ისიც განიცდის, მაგრამ არც ჩემთვის არის მარტივი.

სამომავლოდ ამერიკაში გეგმავ კარიერის გაგრძელებას?

– ასე არ ვიცი, ალბათ, გააჩნია როგორ გამიმართლებს. ჩემი მონდომება ერთია, მაგრამ იღბალიც მნიშვნელოვანია.

პროდიუსერი თუ გყავს?

– არ მყავს, ვთანამშრომლობ ორ ხმისჩამწერ სტუდიასთან, ორივე საკმაოდ პრესტიჟულია.

სად შეიძლება შენი მოსმენა?

– პარასკევს, შაბათს და კვირას სულ მაქვს გამოსვლები, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილებში გამოვსულვარ, უბრალოდ სათანადოდ არ შუქდება.

პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– არაფერი არ ხდება და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შეყვარებული ვიყო.

შეყვარებულს სიმღერა თუ დაგიწერია?

– არა, ალბათ სათანადოდ შეყვარებული არ ვყოფილვარ (იცინის).

სამზარეულოსთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– ნელ-თბილი. მშიერი არ დავრჩები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კარგად მეხრეხება.

ვისთან ერთად გიოცნებია დუეტის ჩაწერა?

– მაიკლ ჯექსონთან, რომელიც აღარ ამიხდება. ედ შირანთან ვიმღერებდი დიდი სიამოვნებით.

ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს…

– სახლში, ჩემს ბავშვთან ერთად.

ახალ ალბომზე თუ მუშაობ?

– ახალ სიმღერებზე ვმუშაობ, ძირითადად ჩემი სიმღერების ახლებურ ვერსიებზე.

– კონკურსებში მონაწილეობას თუ გეგმავ?

– დიდი სიამოვნებით წავიდოდი „ევროვიზიაზე“, თუ ამას ქართველი ხალხი მოინდომებს. დარწმუნებული ვარ, ღირსეულადაც წარვადგენ ჩემს ქვეყანას. ზოგადად, კონკურსების წინააღმდეგი არ ვარ, თუ გაამართლებს, ხომ კაი, თუ არადა არაფერი არ შავდება.

წარმატებებს გისურვებ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ივნისი 4, 2018
-->