მარკუს მეტრეველმა და თიკა მახალდიანმა მსმენელს ახალი სიმღერები წარუდგინეს

მარკუს მეტრეველმა და თიკა მახალდიანმა მსმენელს ახალი სიმღერები წარუდგინეს

„ექსკლუზივის“ პირველი ნაწილის სტუმარი მომღერალი მარკუს მეტრეველი იყო.  გადაცემის ფარგლებში შედგა მისი ახალი სიმღერის „ჩვენი სიმღერა“ პრემიერა.

მარკუს, პირველ რიგში როგორ განწყობაზე ხარ?
– ძალიან კარზე, ზეგ მივფრინავ საბერძნეთში, მაქვს კონცერტი და აქტიუარდ ვემზადები ამისთვის. იმედია გრანდიოზულად დამხვდებიან ქართველი ემიგრანტები და სამშობლოში ხელდამშვენებული დავბრუნდები. იქ აქტიური მსმენელი მყავს, როგორც ქართველები, ისე ადგილობრივები. ჩემი გულშემატკივრების რიცხვი მუდმივად იზრდება.

რა რეპერტუარით ჩადიხარ საბერძნეთში?
– ჩემი წასვლის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ იქ მაჯილდოვებენ „ოქროს არგოთი“, რომლითაც ყოველწლიურად წარმატებულ მუსიკოსებს აჯილდოვებენ. საქართველოდან პირველი მამაკაცი ვარ მე, რომელიც ამ პრიზს მიიღებს და ქალებიდან ეს პატივი ნინო ჩხეიძეს ხვდა წილად. რაც შეეხება რეპერტუარს, იქნება ქართულ-ბერძნულ-ინგლისური. სამივე ენაზე ვიმღერებ.

რაც შეეხება დღევანდელ სიმღერას, მოგვიყევი, ვინ მონაწილეობდა მის შექმნაში.
– ამ სიმღერის მუსიკა მაიკო კაჭკაჭიშვილს, ხოლო ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. ნამუშევარს „ჩვენი სიმღერა“ ჰქვია და არსებობს მისი დუეტის ვერსიაც, ბავშვებთან, თუმცა დღეს თქვენ სოლო შესრულებით მოგიტანეთ. იმედია ხალხი შეიყვარებს და აიტაცებს და საზაფხულო ჰიტი გახდება.

ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?
– მე მაქვს ერთი ალბომი და ახლა მეორეზე ვმუშაობ. ის იქნება ქართულენოვანი, თუმცა ინგლისური სიმღერებიც შევა. დისკზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და მას მხოლოდ შეფუთვა აკლია. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, ალბომის გამოცემა დღეს კომერციულად წამგებიანია, სხვა შემთხვევაში უფრო მონდომებული ვიქნებოდი.


რა არის ამისი მიზეზი?
– ამის მიზეზია სიმღერების არაკანონიერი გზით მოპოვება. სანამ ჩვენ ალბომს გამოვუშვებთ, სიმღერები უკვე არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ადგილებში 1 და 2 ლარად. ეს ძალიან ცუდია და ყველაფრის პრობლემაც არის, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია ხელმისაწვდომი.

– ახალ ალბომზე რას გვეტყვი?
– 12 სიმღერა შევა მასში და გეტყვით იმასაც, რომ სექტემბერში მესამე ალბომზე დავიწყებ მუშაობას და ის სრულიად ახალი სიმღერებისგან იქნება შემდგარი.

სამომავლოდ სხვა რაგეგმები გაქვს?
– ათენის მერე კონცერტი მაქვს მილანსა და სოფიაში და დავბრუნდები თბილისში. რაც შეეხება იმას, მექნება თუ არა სოლო-კონცერტი, არ მინდა ბანალური შოუ გავაკეთო, მასშტაბური, სანახაობრივი და გრანდიოზული კონცერტი მინდა, რისთვისაც საჭიროა დრო და ფინანსები, მოკლედ, სერიოზული მომზადება. სიმართლე რომ ვთქვა, იმდენად ხშირად მაქვს კონტაქტი მსმენელთან, რომ დიდად სოლო-კონცერტის მოთხოვნილებაც არ მაქვს. ადრე თუ გვიან მაინც იქნება.

კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ბრიტანელმა ბლოგერმა 50 ქვეყნის საუკეთესოდ ჩაცმული მომღერალი მამაკაცები გამოავლინა. საქართველოდან ეს პატივი წილად მე მხვდა. მაქვს ასეთი იდეა, რომ შევქმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, ინგა შარვაძესთან ერთად, რომელიც ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს. ერთობლივ კოლექციას გამოვუშვებთ, უკვე ვიქირავეთ ფართი და ერთ-ერთ მოდის კვირეულზე წარვუდგენ საზოგადოებას. ეს იქნება ჩემი ესკიზებით შექმნილი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი.

წარმატებებს გისურვებ.

 

 

გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი მომღერალი თიკა მახალდიანი იყო.  შედგა მისი ახალი სიმღერის „ჩემთან ხარ“ პრეზენტაცია.

თიკა, როგორ გაატარე ახალი წლის დღეები?
– დატვირთულად. ბოლო 10-11 წელია ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ და ეს ფაქტი მახარებს გარკვეულწილად, რომ არ ვარ სახლში უსაქმურად. 4 კონცერტი მქონდა ახალი წლის ღამეს და სასიამოვნო გადარბენებში ვიყავი.

ვინ არის შენი ახალი სიმღერის ავტორი და საერთოდ, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
– სიმღერის მუსიკაც და ტექსტიც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. მან მომასმენინა მელოდია, რომელიც ძალიან მომეწონა და სიამოვნებით დავთანხმდი მის ჩაწერას. არანჟირება ეკუთვნის ძვალს და ჩაიწერა თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში.

როგორია შენი სამომავლო გეგმები, ალბომის გამოშვებას ხომ არ გეგმავ?
– ალბომზე ჯერ არ ვფიქრობ, მაგრამ სურვილი მაქვს. რაც შეეხება გეგმებს, მაქვს კიდევ ერთი სხვა ჟანრის სიმღერა და უახლოეს მომავალში მასაც ჩავწერ. ასევე მაქვს გასვლითი კონცერტები საზღვარგარეთ და ვნახოთ რა გამოვა.

„ჯეოსტარის“ შემდეგ ჩავარდნა გქონდა კარიერაში…
– კი, სამწუხაროდ ასე ახასიათებს ქართულ პროექტებს, ინერციით რაღაც პერიოდი მიდის და მერე ისევ ისეა ყველაფერი როგორც მანამდე. ისეც, აქტიური ადამიანი უნდა იყო, მიმწოლი. მე არ ვარ ასეთი, სულ მჭირდება ადამიანი, რომელიც ცოტა ხელს მკრავს და გამომაფხიზლებს.

– ხმისჩამწერი სტუდიები რამდენად გაძლევენ იმის საშუალებას, რომ მსმენელამდე ხარისხიანი ნამუშევარი მიიტანო?
– ძალიან ბევრი სტუდიაა დღეს, სხვადასხვა ხარისხის და შესაბამისად არჩევანი ჩვენზეა, სად მივალთ.

– წარმატებებს გისურვებ.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

იანვარი 26, 2017
-->