მაკა რაზმაძე: დღესდღეობით რეიტინგს წერს ლანძღვა

მაკა რაზმაძე: დღესდღეობით რეიტინგს წერს ლანძღვა

„ვიზიტორის“ სტუმარი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე იყო. რატომ ჩააბარა თეატრალურში ჩუმად, როგორ გაიცნო მერაბ კოსტავა და რა კითხვას დაუსვამდა ვლადიმირ პუტინს – ამ ყველაფერს უფრო ვრცლად ჩვენს ინტერვიუში გაიგებთ.

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

– დილით ვიღვიძებ, როგორც ყველა ადამიანი, თუმცა გააჩნია, რა დღეა. ხან დილა 2-ზე იწყება, ხან – 12-ზე და ხან 7-ის ნახევარზე. კონკრეტული დრო არ გამაჩნია. ტოროლა ნამდვილად არ ვარ, უფრო სწორედ ვერ ვარ. ჩემი ოცნებაა, დილით ადრე ადგომა შემეძლოს, ვივარჯიშო და ა.შ.

როგორი ბავშვობა გქონდათ?

– ჩემს დროს ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა ყველას, მიუხედავად იმისა, რომ წითელი ყელსახვევები გვეკეთა და პიონერები ვიყავით. არ იყვნენ გარშემო მშივრები და გაჭირვებულები, თუმცა არ გვქონდა ის, რაც ყველაზე ფასეულია ადამიანისთვის – თავისუფლება. საბჭოთა რეჟიმის ბავშვები ვიყავით და სხვათაშორის, პირველები ვიყავით, ვინც თავისუფლება მოვიპოვეთ.

– როგორც ვიცი, თეატრალურში ჩუმად ჩააბარეთ, რადგან მამის გეშინოდათ…

– სკოლის პერიოდში შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. მაშინ იქ მიიყვანეს პატარა გოგონები, მათ შორის მეც. ეროსი მანჯგალაძე იყო დირექტორი და მიხეილ თუმანიშვილის შექმნილი იყო თავად ეს თეატრი. ალბათ მაშინ იმ დონეზე ვერ ვაცნობიერებდი, ვისთან მქონდა ურთიერთობა. ძალიან ბედნიერები ვიყავით ამ ყველაფრით, მახარებდა ყველანაირი აქტივობა, კულისებშიც, სცენაზეც და ა.შ.

– რატომ არ გაყევით ამ საქმეს?

– გავყევი, მარჯანიშვილის თეატრშიც ვიყავი, უბრალოდ ცოტა ხანს ვმუშაობდი. შემდეგ დაიწყო არეულობები და სხვა კუთხით წავედი. გავიცანი მერაბ კოსტავა…

როგორ გაიცანით მერაბ კოსტავა?

როდესაც ის გამოვიდა ციხიდან, მის ეზოში ვიკრიბებოდით ხოლმე, მანამდე ეს შეკრებები სამების ეზოში იყო და გიორგი ჭანტურია ატარებდა ამ ე.წ. „ოთხშაბათობებს“. მერაბის გამოსვლის მერე, მის ეზოში გადაინაცვლა. ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან ვუყვარდით ის ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მის გვერდით ვიყავით.

ამის მერე იყო ჟურნალისტიკა. რატომ გადაწყვიტეთ?

– არაფერი არ გადამიწყვეტია, ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავისით ხდება. ალეკო გოგელიამ გადაწყვიტა, რომ ეროვნული მოძრაობისთვის მიეძღვნა სიუჟეტები და სწორედ ამ სიუჟეტების კეთებით დავკავდი და გავხდი წამყვანი. პირველად პირადპი ეთერში ისე შემაგდეს, რომ გონზე ვერ მოვედი.

– „ობიექტივიდან“ გადახვედით „იბერიაზე“, სადაც თქვენი გადაცემა საკმაოდ რეიტინგული იყო, ძირითადად სკანდალების გამო…

– მარტო ამის გამო არ იყო რეიტინგული (იცინის).

რა რეაგირება გქონდათ მეორე დღეს, როდესაც თქვენს გადაცემაზე თითქმის მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა?

– თავიდან მკვეთრი რეაქცია მქონდა, ვინერვიულე, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ თვით CNN და BBC აშუქებდნენ ამ ამბავს, მივხვდი, რომ ტრაგიკული არაფერი მომხდარა.

– ამ ყველაფრის შემდეგ კი ხდება ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოგივიდათ „დეპეშა“…

– ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. „პირველ არხზე“ ვმუშაობდი, როდესაც ასევე მომივიდა მესიჯი, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ (იცინის). ზოგადად, ტელევიზიის რეიტინგი პროექტების ხანგრძლივობით ფასობს და ჩემს გადაცემას ნამდვილად არ ჰქონდა დრო მოჭმული.

– არ გიფიქრია, რომ გეჩივლა?

– არასოდეს. როგორ შეიძლება უჩივლო გადაცემას, რომელსაც ამდენ ხანს აკეთებდი, ფაქტობრივად, შენს მეორე ოჯახს, სადაც ამდენი ხანი გაატარე? არასოდეს ამ თემაზე არ მისაუბრია, ერთადერთხელ დავწერე ზოგადი პოსტი და სულ ეგ იყო. ჩივილი რომ მდომოდა, აქამდე ვიჩივლებდი.

დღეს რას საქმიანობ?

– მაინც სულ მოქმედებაში ვარ და სულ მოვლენების ეპიცენტრში, საბედნიეროდ, სოციალური ქსელი არსებობს და შეგიძლია შენი საქმე მაინც აკეთო. თუმცა, ტელევიზია მაინც შეუცვლელი და საჭიროა.

რამდენად გაკრიტიკებენ, როგორც ჟურნალისტსა და წამყვანს?

– ზოგი მაკრიტიკებს, ზოგი სიყვარულს მიხსნის. თუ რომელიმე მათგანი მაინც არ არის, ე.ი. რეიტინგულიც არ ხარ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღესდღეობით რეიტინგს წერს ლანძღვა. ძალიან იშვიათია, რომ სითბოს გამოხატვის გამო ვინმე დააინტერესო. ზოგადად, კრიტიკაზე ისეთი რეაქცია აღარ მაქვს, როგორიც მქონდა ან უნდა მქონდეს.

სამზარეულოსთან თუ მეგობრობთ?

– გადასარევად ვმეგობრობ ყველაფერთან.  მოწოდებით მზარეული ნამდვილად არ ვარ,  მაგრამ შეხება აქტიურად მაქვს. ხინკალს ვერ ვახვევ, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.

პირად ცხოვრებაზე არასოდეს ლაპარაკობთ?

– როდესაც არის პირადი ცხოვრება, იმაზე ლაპარაკიც არ არის საჭირო. როდესაც რაღაც აღარ არის, რა უნდა ვთქვა. ცხოვრებაში ერთხელ მქონდა ურთიერთობა და ეს წარსულში დარჩა.

როგორია შეყვარებული მაკა?

– როგორც სხვა ბევრი შეყვარებული, ცოტა სულელი, პატარ-პატარა შეცდომებით. შეყვარებული ბევრ რამეს აკეთებს არასწორად და დაუფიქრებლად.

რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად და რა კითხვას დაუწვამდი?

– არ ვიცი, ამაზე არასოდეს მიფიქრია. საოცნებო კონკრეტული რესპოდენტი არ მყავს, ასე ბევრთან შეიძლება მოინდომო. პუტინს ვკითხავდი, რა უნდა ჩვენგან და რას გადაგვეკიდა.

რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს?

– სახლში, თუმცა მაქვს ისეთი თვისება, რომ ყველგან შევიქმნა სასურველი კომფორტი.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მაისი 28, 2018
-->