ლელა წურწუმია: სოფოს ხშირად ვაფრთხილებ, რომ არ დავინახო აუტსაიდერებში

ლელა წურწუმია: სოფოს  ხშირად ვაფრთხილებ, რომ არ დავინახო აუტსაიდერებში

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები მომღერალი ლელა წურწუმია და პროექტ „იქს ფაქტორის“ მონაწილე სოფო საჟინიანი იყვნენ. საუბარი, ბუნებრივია, ცნობილი სატელევიზო შოუს გარშემო წარიმართა.

ლელა, მენტორი პირველად ხარ. ადვილად დათანხმდი ამ შეთავაზებას?
– მიუხედავად სირთულეებისა, საკმაოდ ადვილად დავთანხმდი, რადგან ეს არის მეგა პროექტი და მასში მონაწილეობა დიდი პატივია. ძალიან ადვილად შევედი ამ შოუში, სადაც არის საოცრად კარგი დამოკიდებულება. უზომოდ პროფესიონალი სტაფია, რაც არ ჩანს ეკრანზე, თუმცა სწორედ მათი დამსახურებით იდება მაღალი დონის შოუ. ამასთან, წელს არიან საკამაოდ კარგი კონკურსანტები.

როგორ ფიქრობ, სწორედ აარჩიე კონკურსანტები?
– გაცილებით მეტი ნიჭიერი მონაწილე იყო, მაგრამ წესები ასეთია, თავიდან 10 საუკეთესო უნდა შემერჩია და მერე გამეფილტრა. ყველაფერს ვაკვირდები ზოგადად, საქციელს, „გამარჯობა“-ს როგორ ამბობს და ა.შ. რეპერტიციაზე ვუსმენთ და ვაკეთებთ ჩვენს დასკვნებს, რამდენად იქნება ის მზად სცენისთვის, რომელიც წინ ელოდება.

– გამარჯვებულები, პროექტის დასრულების შემდეგ, ჩრდილში ექცევიან. რატომ ხდება ასე?
– კონკურსს აქვს ფორმატი, სადაც მღერიან ქავერს, მაგრამ შემდეგ ამ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ თავისი რეპერტუარი, ინდივიდუალიზმი. ბევრი რამ არის აქ, გემოვნება, იღბალი, შრომისმოყვარეობა, მარკეტინგი, მენეჯერი და ა.შ.  ჩვენთან, ბევრ გამოცდილ მომღერალსაც არ ჰყავს პროდიუსერი, მითუმეტეს არ ჰყავს დამწყებს. მომღერალი დამკვეთს ჰონორარზე არ უნდა ელაპარაკებოდეს. მოკლედ, ბევრი დეტალია.

ოთხი სკამი იყო ყველაზე რთული ტური, ვისზე დაგწყდა გული ყველაზე მეტად?
– მატილდაზე. ის ძალიან გემოვნებიანი და კარგი მომღერალია. არ მინდოდა გამეცვითა და გამეფუჭებინა, რადგან მას თავისი გამორჩეული ნიშა აქვს.

– სოფო, ეს შენი მეორე ცდაა „იქს ფაქტორზე“. რატომ გადაწყვიტე ისევ მისვლა?
– ძალიან მიყვარს სიმღერა და არ მივცემდი საკუთარ თავს უფლებას, რომ ეს ყველაფერი დამეთმო. გადავწყვიტე მეორედ მოვსულიყავი.

– ადრე სოფოს ჯგუფში იყავი. ახლა კვლავ მასთან რომ მოხვედრილიყავი, რას იზამდი?
ლელა:
მე გეტყვით, ჩემს გუნდში არ უნდოდა (იცინის)
სოფო: არა, ასე რადიკალურად არ ყოფილა (იცინის)
ლელა: სოფოს მაშინდელი კომპლექსი ჰქონდა გამოყოლილი, წინა ცდაზე ოთხი სკამიდან გამოეთიშა პროექტს. ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს ყველაფერი მოგვეხსნა.
სოფო: ნამდვილად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლელას გუნდში ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას იმედი არ გავუცრუო.

ფიქრობდი, რომ ფინალამდე გახვიდოდი?
– რთული კითხვაა. ნებისმიერი მონაწილე ყველაფრისთვის მზად არის, ასე რომ – კი.

– ხშირად დაფიქსირებულა აზრი, რომ პროფესიონალი მომღერალი ასეთ პროექტში არ უნდა მიდიოდეს. მაგდა ვასაძის შემთხვევას ვგულისხმობ…
ლელა: არ არის ასე. ჩვენ, მენტორები უფრო კრიტიკულები ვართ, ვიდრე მაყურებლები. თუ ის ადამიანი თვლის, რომ მას უნდა გაზრდა, მიიღოს გამოცდილება ან კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, ვინ კრძალავს ამას?

რატომ იწვევს ეს ყველაფერი გაღიზიანებას?
– ჩვენთან ძლიერი ადამიანები არ უყვართ. რაც უფრო საცოდავია, მით უფრო მეტად უყვართ. სამწუხაროდ ასეთია რეალობა.

სოფო, სოციალურ ქსელებში თუ ადევნებ თვალს კომენტარებს შენს მიმართ?
– ჩემს მენტორს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ არ უყვართ ძლიერი ადამიანები ჩვენთან და მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურ კომენტარებს წერენ: იყავით უფრო კორექტულები, რადგან ნებისმიერი ნეგატიური ემოცია უკან დაუბრუნდებათ.

რაც შეეხება კომენტარებს, თავიდან უფრო მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება და ვიყო ბედნიერი, რადგან ვარ კონკურსში.

– პროექტი დასკვნითი ეტაპისკენ მიდის. როგორი მოლოდინები გაქვთ?|
ლელა:
  როგორც წეღან ვახსენე, წელს განსაკუთრებით ძლიერი ნაკადია. ფინალი ახლოვდება და ნებისმიერი კონკურსანტის წასვლას გულისწყვეტა მოჰყვება. რა თქმა უნდა, მაყურებელს ჰყავს თავისი რჩეული, მაგრამ ბოლოს გამოდის ისე, რომ განაწყენებული სმს უფრო მეტი მოდის, ვიდრე ზარი. ეს მარტივად გამოსწორებადია, თუ დარეკავენ.

სოფო, რას აპირებ კონკურსის დამთავრების შემდეგ?
– აუცილებლად გავაგრძელებ ჩემს კარიერას, მსმენელამდე მივიტან საკუთარ სიმღერებს და არამარტო ქავერებს. იმედი მაქვს, მოეწონებათ და გაამართლებს.

ლელა, რა ელის შენგან სოფოს?
– ვნახოთ, მომავალი რას გვიჩვენებს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი ის არის, სოფოს  ხშირად ვაფრთხილებ, რომ არ დავინახო აუტსაიდერებში (იცინის). მას აქვს საოცრად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმისადმი, რამეს რომ ვერ იგებს იწერს და სწავლობს და ასე მარტო მე არ ვფიქრობ. ეს არის ნახევრად გაკეთებული საქმე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. რომ გითხრათ, სოფოში ყველაფერი მომწონს-მეთქი, მოგატყუებთ. ხან შესრულება არ მომწონდა, ხან ტანსაცმელი უშლიდა ხელს, ხან რა, ხან რა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? კონცერტის გამართვას თუ აპირებთ?
– 3 ივლისს დასრულდება „იქს ფაქტორი“, რაზეც ძალიან გული მწყდება. ამის შემდეგ, ბათუმში 31 ივლისსა და 15 აგვისტოს გაიმართება ჩემი კონცერტები, 23 სექტემბერს – მიუნხენში, 8 ოქტომბერს – ათენში, 23-24 ნოემბერს – ვენაში, ახალ წელს ვიქნები თბილისში „თავადურში“ და რაც მთავარია, 2018 წლის 20 მაისს, ფილარმონიაში გაიმართება ჩემი სოლო კონცერტი.

– ახალ სიმღერას ან კლიპს როდის მოვისმენთ?
– ძალიან მძიმე მდგომარეობაა არანჟირების მხრივ. ცოტაა ხარისხიანი პროდუქტი, რაც მომღერლისთვის დიდი დისკომფორტია. ამიტომ ახალი სიმღერა ისე ხშირად ვეღარ კეთდება. ჩემს კონცერტზე იქნება ძირითადად ძველი ჰიტების განახლებული ვერსიები და ერთი ორი ახალი სიმღერაც.

რას უსურვებთ სოფოს?
– მინდა, რომ საყვარელი მომღერალი გახდეს და აუცილებლად შექმნას თავისი. ასევე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ კონკურსანტს, ძალიან კარგი ბავშვები არიან. მინდა მოვიკითხო მაგდა ვასაძე და მთელი გულით წარმატება ვუსურვო. ის აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. ჩემს ერთადერთ კონკურსანტთან ერთად კი ამ პროექტის მოგებას ვისურვებდი.

– წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ივნისი 14, 2017
-->