„ხან ფარდებს მადარებენ, ხან – ფრთებს“: სოფო ნიჟარაძე „იქს ფაქტორზე“, „ოქროს ტალღასა“ და ქართულ შოუ-ბიზნესზე

„ხან ფარდებს მადარებენ, ხან – ფრთებს“: სოფო ნიჟარაძე „იქს ფაქტორზე“, „ოქროს ტალღასა“ და ქართულ შოუ-ბიზნესზე

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი და „იქს ფაქტორის“ მენტორი სოფო ნიჟარაძე და პროექტის ფინალისტი სანდრო კურცხალიძე იყვნენ.
– სოფო, პირველ რიგში, როგორ გრძნობ თავს?
– ძალიან კარგად, მიუხედავად შოუს ემოციური ფინალის მოახლოებისა. განწყობა ძალიან კარგია და ვემზადებით ფინალისთვის.
სანდრო ფაქტობრივად გამარჯვებულია, რადგან სულ რამდნეიმე ადამიანი დარჩა შოუში…
– ნამდვილად, ყველა ფინალისტისთვის ეს უკვე გამარჯვებაა. მათ ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვეს. არტისტისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. თუმცა როდესაც ეს სიყვარული კონკრეტულ ზარებში გამოიხატება, ძალიან კარგია. „იქს ფაქტორის“ მონაწილეებმა საზოგადოების სიყვარულში გაიმარჯვეს.
წლევანდელი „იქს ფაქტორი“ რამდენად არის განსახვევბული წინა შოუებისგან?
– ყოველ წელს განსხვავებულია და შეუძლებელია, ერთი და იგივე იყოს. სასაცილოა, მაგრამ ყოველი სეზონი უკეთესია და უფრო ძლიერი ნაკადებისგან შედგება.
რამდენად მისაღებია პროექტში პროფესიონალი მომღერლის მონაწილეობა?
– რადგან თავად გადაწყვიტა, ეს მისი უფლებაა. პროექტი არ ბლოკავს მსგავს საკითხებს. ამასთან, გააჩნია, რას ჰქვია პროფესიონალი, შეიძლება პროფესიონალი ბავშვსაც უწოდო, რომელიც ძალიან კარგად მღერის. თუ არტისტს მიაჩნია, რომ სცენა სჭირდება მომავლისთვის და არ აქვს მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, მაშინ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
რატომ არ ჩანან ნიჭიერი ადამიანები პროექტის გარეთ?
– ეს ძალიან დიდი პრობლემაა. პატარა ქვეყანაა და შესაბამისად, მოთხოვნაც ნაკლებია. არავინ არ გეხმარება, კერძო სექტორისგან არ მოდის დაინტერესება, პროდიუსირებაც თავად გიწევს, შესაბამისად, ეს ყველაფერი მოქმედებს.
– ადრე შოუ-ბიზნესი საქართველოში გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. იმართებოდა კონცერტები და ივსებოდა დარბაზები. რა მოხდა დღეს?
– ადრე უცხოურთან წვდომაც ნაკლები იყო, შესაბამისად ჩაკეტილ წრეში იყო ადგილობრივზე მოთხოვნა. ეს არის ძირითადი ფაქტორი. თუმცა ვიტყვი, რომ ნოსტალგიური ეპოქა ბრუნდება, ძველი ჰიტების გადამუშავების დროა, თუნდაც სტეფანეს მაგალითზე. ეს არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს შეეხება. ძალიან ბევრი დაიწერა უკვე და გარკვეულწილად ამოიწურა რესურსი.
გიორგი გაბუნიას ცრემლები დადგმული იყო?
– არა, არანაირად. ყველას გული გვწყდება, როდესაც კონკურსანტები შოუს ტოვებენ, თუმცა ეს ყველაფერი სერიოზული კონფლიქტის სახეს არასოდეს იღებს.
„იქს ფაქტორმა“ შენი კარიერა დროებით ხომ არ შეაფერხა?
– არა, პარალელურად დაკავებული ვარ საკუთარი საქმითაც, თუმცა ეს პროექტი მის დასრულებამდე არის პრიორიტეტი.
– ლელას წლევანდელი კონკურსანტი შენს ჯგუფში იყო წლების წინ. რამდენად დაინახე პროგრესი?
– სოფო ძალიან გაზრდილი იყო წელს, არამარტო ამ ორი წლის განმავლობაში, არამედ პროექტის დაწყებიდან ბოლომდე, სანამ დატოვება არ მოუწია. რაც შეეხება ჩემი ხელით გაშვებას, ათი კონკურსანტიდან არჩევანი უნდა გამეკეთებინა და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ნინი ბრეგვაძე არის ძალიან ძლიერი კონკურსანტი. თუმცა წელს მუსიკალურადაც, ემოციურადაც და ყველანაირად ძალიან გაზრდილი იყო.
სანდრო, როგორია შენი განწყობა?
– ძალიან კარგი, უმაღლესი განწყობა მაქვს.
რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა?
– იდეაშიც არ მქონდა „იქს ფაქტორში“ გამოსვლა. ჩემი მეგობარი წავიდა კასტინგზე და გაყოლა მთხოვა. ლოდინის დროს გადამაწყვეტინეს მონაწილეობა.

ეს პერიოდი იყო ძალიან ემოციური და ბედნიერი, ამავდროულად მძიმე. მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. სულ სხვა რამეს ვაპირებდი და სულ სხვა რამეს ვაპირებ ეხლა.

– ვის გუნდში გინდოდა მოხვედრა?
– მე მინდოდა მომღერლის გუნდში მოხვედრა, იმედია ქალბატონი ლელა არ მიწყენს, მაგრამ სოფოსთან მინდოდა განსაკუთრებით. თუმცა მეგონა, რომ ბიჭების გუნდს გიორგი გაბუნიას მისცემდნენ.
– სოფო, ძალიან საინტერესო კოსტიუმებით გამოდიხარ კონცერტებზე…
ხან ფარდებს მადარებენ, ხან ფრთებს (იცინის). სხვადასხვა ქართველი დიზაინერების გემოვნებით ვიცვამ, ის ცნობილი ფრთები კი დათუნა სულიკაშვილს ეკუთვნოდა.
რატომ ხდება, რომ მსგავსი პროექტების გამარჯვებულები შემდეგ იკარგებიან?
– საქართველოს მასშტაბით ბევრი გვყავს ისეთი მომღერალი, რომლებიც სწორედ მსგავსი პროექტების შემდეგ გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, როგორი მუხტით და განწყობით გააგრძელებენ შემდეგ. ვისაც სურს და ვისაც აქვს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, ის აგრძელებს. არტისტებს სჭირდებათ ასევე ხელშეწყობა და ვისურვებდი, რომ სანდრომ საკუთარი მუსიკაც შექმნას.
სანდრო, თაყვანისმცემელთა რაოდენობამ თუ იმატა?
– აქამდე თაყვანისმცემლები არ მყავდა, მაგრამ ახლა ხალხმა გამიცნო და მეტ ყურადღებას გამოხატავენ და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას.
– რომ დასრულდება პროექტი, რას აპირებ?
– რა თქმა უნდა, არ მინდა, ამ პროიექტით დამთავრდეს ჩემი მოღვაწეობა. მინდა, რომ გაიზარდოს რიტმი და პროფესიად მქონდეს მუსიკოსობა.
კრიტიკის კომენტარებს თუ კითხულობ სოციალურ ქსელში?
– რა თქმა უნდა, ხშირია შეურაცხმყოფელი კომენტარებიც, რაც ძალიან მწყინს, მაგრამ ვერ გააკოტროლებ.
სოფო: თანდათან მიეჩვევი (იცინის). ვუსურვებ სანდროს, რომ მალე გამოიმუშაოს იმუნიტეტი.
– სოფო, „წლის მომღერალი ქალი“ გახდა „ოქროს ტალღაზე“…
– ეს არის ძალიან დიდი ჯილდო ჩემთვის. მადლობა რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“, ჟიურის წევრებს, რომ ასე დამაფასეს და მომცეს ყველაზე მაღალი წოდება. ძალიან დიდი სტიმულია, რომ გავამართლოს ეს ნდობა. მაქსიმალურად შევეცდები, კიდევ უფრო საინტერესო გავხადო შემოქმედება მსმენელისთვის.

„ოქროს ტალღა“ არის ნათელი მაგალითი და სტიმული მუსიკოსებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც არის სანდრო, რათა მან აკეთოს მუსიკა და მომავალში ჯილდო მიიღოს. წარმატებებს ვუსურვებ ამ ღონისძიებას და კიდევ უფრო მეტ წინსვლას. ნამდვილად ძალიან მაღალი დონის დაჯილდოება იყო. „ოქროს ტალღა“ ნათელი წერტილია ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში.
სანდრო, ვინ არის შენი ძირითადი კონკურენტი?
– ვერანაირი მოლოდინი ვერ მაქვს ფინალთან დაკავშირებით, რადგან „მიქსტურასაც“ და გრიგოლსაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მათ მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ.
წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ივნისი 28, 2017
-->