ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ და ლიზა მაღრაძემ 2017 წლის ჰიტი ჩაწერეს

ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ და ლიზა მაღრაძემ 2017 წლის ჰიტი ჩაწერეს

„ექსკლუზივის“ სტუმრები ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ვოკალისტი რეზო ბლიაძე და მომღერალი ლიზა მაღრაძე იყვნენ. გადაცემის ფარგლებში შედგა მათი ახალი სიმღერის „თოვლი მოდის“ პრემიერა.
– ლიზა, მახსოვს შენი ერთი ძველი ჰიტი, თუმცა რატომღაც სახელწოდებას ვერ ვიხსენებ…
– ეს იყო „კეთილი ზღაპარი“ და 4 წლის ასაკში თათია გიორგობიანთან ერთად ჩავწერე, საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ მას მერე მაქვს პაუზა საქმიანობაში. ახლა გამოდის, რომ დავბრუნდი.

– რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მუსიკა?
– დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. 4 წლის ასაკში, ბუნებრივია ასე დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი (იცინის).

– მუსიკალური განათლება თუ გაქვს?
-არა, არ მაქვს.

– რეზო, შენი ჯგუფი თითქმის ერთადერთია, რომელიც მუდმივად უშვებს ახალ სიმღერებს. როგორ ასწრებთ ასეთ აქტიურობას?
– ვმუშაობთ, საყვარელი საქმიანობა გავიხადეთ საქმედ, ეს არის მთავარი. დაგვიფასდა ღამეების თენება და აღმოჩნდა, რომ ძალიან პროდუქტიულებიც ვართ.

– რომელ ჟანრს განეკუთვნება „რეზო და ბავშვები“?
– სხვადასხვას. ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც ჯგუფი შევქმენით და განსაკუთრებულად კარგად ჟანრები არ ვიცოდით და არც ახლა ვიცით. ეს არის სოციალური ჯგუფი, რომელიც ცდილობს, არ იყოს ერთფეროვანი.

– როგორ მოხდა თქვენი დუეტის ჩაწერა?
რეზო:  სამსახურში მივედი და ერთ-ერთ ოთახში ჩართული იყო სწორედ ზემოთხსენებული სიმღერა. დავინტერესდი, სად იყო ამჟამად ლიზა და რას საქმიანობდა, მოვძებნე და გადავწყვიტეთ, რომ ამდენი წლის მერე მისთვის სიმღერა დაგვეწერა. აღმოვაჩინეთ, რომ გაზრდილ ლიზას ჰქონდა ქავერები, რომლებიც ძალიან მოგვეწონა და შევთავაზეთ თანამშრომლობა.

– ლიზა, შენთვის რამდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი?
– ამ შეთავაზებაზე ვიფიქრე ძალიან ბევრი, რადგან როდესაც სიმღერის დაწერა შემომთავაზეს, ვიცოდი, რომ ის იყო ქართული და არ ვიცოდი, ღირდა თუ არა. ჩემს პოზიციას ბევრი ქართველი მომღერალი გაიგებს. შემდეგ მოვისმინე მათი დუეტი მებოსთან და ძალიან მომეწონა. შემდეგ დავთანხმდი.

რამდენად ახლოს არის სტილით ჯგუფი შენთან?
– ჟანრობრივად მკვეთრად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

– რეზო, გაგრძელდება თუ არა თქვენი კოლაბორაცია?
– კი, რატომაც არა. სავსებით შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს. ჩვენ გვინდა მუშაობა და აღმოჩნდა, რომ ლიზაც ძალიან შრომისმოყვარეა. დღევანდელი დუეტი ერთგვარ პილოტად უნდა მივიჩნიოთ. ლიზა თუ მოინდომებს, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს.

– ჯგუფს რა გეგმები აქვს?
– ვაპირებთ პირველი სოლო-ალბომის გამოშვებას, რადგან ყველა გვეუბნება, რომ შვიდი წლის მერე უკვე ამისი დროა და აღარ ვართ ბავშვები (იცინის). აქ იქნება მარტო ჩვენი სიმღერები, რომლებზეც მომავალში ვიდეოების გადაღებასაც ვგეგმავთ. ჯერ არ ვიცი, რამდენი მოესწრება 2017 წელს, ვნახოთ.

– რა მოლოდინები გაქვთ ახალ სიმღერასთან დაკავშირებით?
– მგონია, რომ 2017 წლის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა იქნება. ასეთია სურვილიც და მოლოდინიც. Youtube-ის ეპოქაში ამისი პრობლემა არ უნდა იყოს წესით.

ახლო მომავალში კონცერტს თუ გეგმავთ?
– თებერვლის შუა რიცხვებამდე გვექნება კონცერტი თბილისში და გაზაფხულიდან ვაპირებთ რეგიონებში გასვლას და კონცერტების გამართვას, ტელეკომპანია „იმედის“ მხარდაჭერით.  ამას ექსკლუზიურად თქვენს გადაცემაში ვამბობ.

ლიზა, რაც შეიძლება შენს სამომავლო გეგმებს, რას აპირებ?
– ჯერ-ჯერობით დაგეგმილი არაფერი არ მაქვს, ჟანრობრივად ჯაზის მიმართულებით ვაპირებ წასვლას და იმედი მაქვს, „რეზო და ბავშვებიც“ დარჩებიან ჩემთან.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემი აუდიო ჩანაწერი

იანვარი 12, 2017
-->