„ჯერ ასეთი უნივერსალური ვერ გამოვძებნე – როგორი ქალი სურს გვერდით ბახვა ბრეგვაძეს

„ჯერ ასეთი უნივერსალური ვერ გამოვძებნე – როგორი ქალი სურს გვერდით ბახვა ბრეგვაძეს

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მსახიობი და ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე იყო. როგორ გამოიყენა „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოსახვედრად  მან მეორე შანსი, მოსწონს თუ არა პოპულარობა და როგორია მისი საოცნებო ქორწილი – ვრცლად ჩვენს ინტერვიუში.

ბახვა: ძალიან მიხარია, რომ შენს გადაცემაში პირველად ვარ სტუმრად. შენც და თითოეულ თქვენს მსმენელს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს…

როგორ იწყება შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

– ღამე რომ ვიძინებ ვფიქრობ, ნეტა რა გადამხდება მეორე დღეს თავს. ამავე მოლოდინით ვარ დილითაც, ნეტა ვინ დამირეკავს, რას შემომთავაზებს და ა.შ. სხვათაშორის, საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ამ ბოლო დროს ჩემი ცხოვრება და ეს ძალიან მახარებს. ბევრი სიახლეა, ახალი გამოწვევები და ა.შ.

დილას ვიწყებ ტელეფონის სქროლვით. აუცილებლად მხვდება ან გამოტოვებული ზარი, ან მოკლე ტექსტური შეტყობინება, ნოტიფიკაცია და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ვერ ვასწრებ საუზმეს, ვბანაობ და გავდივარ გარეთ. მივდივარ ერთი სამსახურიდან მეორეში, მეორედან – მესამეში და ა.შ.

ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“…

– ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელია ჩემს ცხოვრებაში. წარმოდგენა არ მქონდა თუ კამერებს ოდესმე ასე გავუთამამდებოდი, ვგულისხმობ კინოს. არ ვარ მსახიობი პროფესიით, თუმცა ჩცდ-ს შემდეგ პარიზში კინოსკოლის კურსები გავიარე, რადგან მივხვდი, რომ მჭირდებოდა.

სერიალში აღმოვჩნდი შემთხვევით. ჩემს ერთ-ერთ სამსახურში იღებდნენ სცენას, რეჟისორმა მთხოვა, რომ ეპიზოდში მიმეღო მონაწილეობა. მაშინ დიდი ბოდიში მოვუხადე და უარი ვუთხარი, რადგან მსგავსი გამოცდილება არ მქონია. სხვათაშორის, მომავალში ვინანე ეს უარი.  თუმცა, მეორე შანსი მომეცა, დამირეკეს კიდევ ერთხელ და შემომთავაზეს მონაწილეობა, რასაც დაუფიქრებლად დავთანხმდი.

მოგწონდა შენს მიერ შესრულებული როლები?

– გულწრფელად ვამბობ, რომ არასოდეს მომწონდა, განსაკუთრებით ახლა რომ ვუყურებ წინა წლების სერიებს, ბევრ შეცდომას აღმოვაჩენ ხოლმე. მაგრამ ძალიან ვენდობი ამ ადამიანებს, ვინც პროექტზე მუშაობენ და ზუსტად ვიცი, რომ მარტო იმის გამო, რომ ვინმეს მიმართ სიმპათია აქვთ, სერიალში არ გადაიღებდნენ. დროთა განმავლობაში ჩემი როლი გაიზარდა სერიალში და მიხვდი, რომ არც ისე ცუდი ვიყავი.


– სხვა ტელევიზიაში გადახვედი…

– კი, ის გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი, ვგულისხმობ „იქს ფაქტორს“, „რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადავიდა და შესაბამისად მეც. გული, რა თქმა უნდა, მწყდება, რადგან სერიალი ყველაზე სასიამოვნო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამასთან, გავიზარდე, როგორც მსახიობი და კიდევ ბევრი რამის ჩვენება შემეძლო, თუმცა, არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.

რატომ ხარ ასეთი მოთხოვნადი ბაზარზე, შენი აზრით?

– ეს კითხვა მეც დამისვამს ჩემი თავისთვის, თუმცა პასუხი არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ალბათ იმიტომ, რომ დიდი აუდიტორია მყავს, ესეც არ ვიცი რატომ. (იცინის)

უცბად მოვიდა პოპულარობა?

– არასოდეს ამაზე არ მიოცნებია და არც მიფიქრია. კი, ასე გამოვიდა.

დღეს როგორ შეაფასებდი შენს ცხოვრებას?

– „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოიტანა მთავარი გამართლება ჩემს ცხოვრებაში, შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა არც დანარჩენით ვარ უკმაყოფილო, ბევრჯერ გამიმართლა.

თვლი რომ შემდგარი მსახიობი ხარ?

– არა, რა თქმა უნდა, თუმცა პატარა წინსვლები ამ სფეროში მაქვს. ამჟამნად დიტო ცინცაძის ახალი ფილმი გამოდის და ძალიან მაინტერესებს იქ ჩემი თავი.

როგორი შეგრძნებაა, იყო პოპულარული და უყვარდე ამდენ ადამიანს?

– უცნაურია, მაგრამ თითქოს ეს შეგრძნება ჩემთანს სულ იყო. უცნობი ადამიანების მხრიდან, რა თქმა უნდა, სერიალის შემდეგ დაიწყო. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც სრულიად უცხოები გამოხატავენ სიყვარულს. არასოდეს ამით არ ვწუხდები, პირიქით.

პირადზე არასოდეს არ საუბრობ…

– არაფერი ისეთი არ ხდება, რომ ვილაპარაკო, თორემ ისე ალბათ, ვერ დავმალავ.

როგორია შენი საოცნებო ქორწილი?

– როგორი და ჩავსვამ ჩემს 30 საუკეთესო მეგობარს და ვიმოგზაურებდით და ღია ცის ქვეშ გადავიხდიდი ქორწილს.

შეყვარებული თუ ყოფილხარ?

– კი, ვყოფილვარ.

როგორია შეყვარებული ბახვა?

– ძალიან კარგი, არანაირად დეპრესიული.

როგორია შენი საოცნებო ქალი?

– ქერას და შავგვრემანს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარია ჰქონდეს შარმი, რომელიც მიმიზიდავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აზროვნებდეს და ჰქონდეს ინტელექტი. ჯერ ასეთი უნივერსალური ვერ „გამოვძებნე“. (იცინის)

როგორ ახერხებ, რომ ამდენი სამსახური ერთმანეთს შეუთავსო?

– ხანდახან ვერც ვარსწრებ და ბევრ რამეზე უარის თქმა მიწევს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ამაზე ვაკეთებ ყოველთვის აქცენტს.

ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…

– ძალიან ადვილად ვერგები ამა თუ იმ ადგილებს და სიტუაციებს. თუ კომფორტი არ არის, იქ საერთოდ არ მივდივარ, ამას ბოლო წლებია მივხვდი.

საკუთარ თავზე ცუდი თუ გსმენია?

– განსაკუთრებულად ცუდი ჩემზე არასოდეს გამიგია და ამისთვის მადლიერი ვარ ხალხის. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ბევრი არაფერი თქვან, თუმცა ამისი პრობლემა მართლა არ მაქვს.

ოჯახის წევრებიდან ვინ გაკრიტიკებს?

– უფრო მკაცრად, ვინმე სხვა, მაგრამ ეს ჩემთვის კარგია და ბევრ რამეში მეხმარება.

თავად თუ ხარ კრიტიკული?

– ძალიან. არ არსებობს ტყუილად ვუთხრა ჩემს მეგობარს, რომ მომეწონა. მათთვისვეა კარგი, რომ სიმართლე იცოდნენ.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

აპრილი 11, 2018
-->