ჯაბა ქარსელაძე საქართველოს პრეზიდენტობას გეგმავს

ჯაბა ქარსელაძე საქართველოს პრეზიდენტობას გეგმავს

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი ჯაბა ქარსელაძე იყო. სად მოღვაწეობს, როგორ მიდის მისი ცხოვრება და როგორი ქალი სურს გვერდით  – ამ ყველაფრის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ჯაბა, როგორ ხარ?

– ძალიან კარგად, მაგრამ ზუსტად 45 წუთი მოვუნდი აქამდე მოსვლას. ცოტა თუ არ მოწესრიგდა ეს სიტუაცია, ალბათ, მალე გადაადგილება შეუძლებელი გახდება. შარშან ეს მდგომარეობა ნაღდად არ იყო. რაც ევროპაში ვცხოვრობ, დაგვიანება განსაკუთრებულად არ მიყვარს.

როგორია შენი ცხოვრება საზღვარგარეთ?

– ძალიან საინტერესო, ბევრმა არ იცის სიახლეები, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. ინტერვიუც არ მიმიცია არავისთვის. ჩემი მეგობრის, თეონა დვალის ქორწილისთვის ჩამოვედი და ერთ კვირაში უკან მივდივარ.

რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას: უკვე 4 თვეა, ვცხოვრობ ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში. შემომთავაზა ერთწლიანი კონტრაქტი ორმა ძალიან ცნობილმა ბიზნესსკოლამ, რომლებთანაც ხუთ სხვადასხვა საგანს ინგლისურ ენაზე ვკითხულობ. მყავს 100-ზე მეტი სტუდენტი და სწორედ ეს არის ჩემი საქმე. სხვათა შორის, რაც ბარსელონაში ვცხოვრობ, ბევრი მეუბნება, რომ პარიზთან შედარებით უფრო დამშვიდებული ვარ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარიზიდან სამუდამოდ წამოვედი.

ანუ შესაძლოა, მომავალში საქართველოს პრეზიდენტადაც მოგვევლინო?

– სხვათა შორის, მე მაგაზე ნაფიქრი მაქვს და ვიტყოდი, რომ ეს თანამდებობა ძალიან შემეფერება. ის დიპლომატიური ურთიერთობები, რაც დღეს პრეზიდენტს აქვს, ნამდვილად გამომივა. ჩემმა მეგობარმა, ნატო დუმბაძემაც მიწინასწარმეტყველა ეს მომავალი.

–  7 წელია, ევროპაში ცხოვრობ. თუ არის რამე, რაც ქართულ ტრადიციებსა და კულტურაში უკვე გაღიზიანებს?

– ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი რამ აქვს. ბევრი რამ ავტომატურად მომშორდა. ყველა ადამიანს აქვს რაღაცის კომპლექსი და მეც მათ შორის ვარ. მაგალითად, ჩემი ნარკოტიკია მოგზაურობა, რომელიც ყველას უხდება. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სულ სჭირდება ურთიერთობები. ალბათ, ლექტორობასაც იმიტომ მოვერგე კარგად, რომ სულ კონტაქტი მაქვს ხალხთან. ამ დროის განმავლობაში ვისწავლე და გამოვასწორე უამრავი რამ. მე ვთვლი, რომ ყოველი დღე, რომელსაც ევროპაში ვატარებ, უკეთესობისკენ მცვლის.

სირთულეებს თუ შეხვდი?

– რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, როდესაც მარტო ცხოვრობ.

უფრო თავისუფალი ხარ?
– დიახ, თავისუფალი და დამოუკიდებელი. აღარ არსებობს ადგილი და სიტუაცია, რომელსაც ვერ მოვერგები.

ამბობენ, რომ რთული პიროვნება ხარ…
– ალბათ, კი, პრინციპში, გააჩნია ვისთვის. ეს მოსაზრება მეც მსმენია, მაგრამ მიმაჩნია, რომ განსხვავებული ვარ ბევრისგან. მაქვს ჩემი პრინციპები, რომლებსაც ვცდილობ, არ გადავუხვიო და ეს ბევრს არ მოსწონს. როდესაც არ ხარ ისეთი, როგორიც ყველა, უკვე არ მოსწონხარ ხალხს.

ამიტომ ხომ არ წახვედი საქართველოდან?

– არა, ნამდვილად არა. უბრალოდ, მალე მბეზრდება ერთფეროვნება და ამიტომ წავედი. პარიზი გრანდიოზული ქალაქია და ისიც კი მომბეზრდა და წავედი ბარსელონაში.

მკაცრი ლექტორი ხარ?

– მაგისტრებს ძალიან ვუყვარვარ და ბაკალავრები ვერ მიტანენ – ეს არის მოკლე შეფასება. მაგისტრები ხშირად ჩემზე უფროსები არიან. ეს არის დაღვინებული საზოგადოება, რომლების სწავლის საფასურს თავად იხდიან და სწავლის ფასიც იციან. რაც შეეხებათ ბაკალავრებს, მათ იციან, რომ არაფერს არ ვაპატიებ და უფრო სხვაგვარად უყურებენ ყველაფერს. მაგალითად, წინა სემესტრში ჩემმა 15-მა სტუდენტმა დიპლომი ვერ მიიღო და ფაქტობრივად, ჩემი საგნის გამო დიპლომის გარეშე დარჩნენ. ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის? მეც ასე მთხოვდნენ ჩემი ლექტორები და ასე ვისწავლე თავის დროზე.

რა ხდება შენი, როგორც მომღერლის კარიერაში?

– ჩემთვის ყოველთვის ჯერ ბიზნესი და ფინანსები იყო და შემდეგ სიმღერა. ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ ეს მეორადი პროფესიაა. ახლა სპონტანურად ვარ ჩამოსული, თუმცა ახალი წლისთვის სიმღერებით ჩამოვალ, რომელთაგან ერთი ქავერი იქნება და სხვადასხვა გადაცემაშიც მივალ სტუმრად.

როგორია შენი თვალით დანახული დღევანდელი ქართული შოუბიზნესი?

– როდესაც მე ვმღეროდი აქტიურად, მაშინაც ვამბობდით, რომ საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობდა. თურმე ყოფილა მაშინ, მაგრამ დღეს ნამდვილად არ არსებობს. ძალიან განვიცდი ამ საკითხს, რადგან როდესაც სხვა არაფერი შეგიძლია, ამ ქვეყანაში თავის რჩენა შეუძლებელია.

– რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

– ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს. მგონია, რომ ძალიან სწრაფად და უშნოდ „გავევროპელდით“. უცებ გადმოვიღეთ ბევრი ცუდი. ბევრს „უტყდება“ ქართველი მომღერლის კონცერტებზე სიარული: „გოიმობად“ მიიჩნევა ქართველის მოსმენა და „სვეცკობაა“ ბიონსესა და შაკირას მოსმენა.

ბევრი მთავრობას ადანაშაულებს…

– ვერ დავეთანხმები. მთავრობამ, უბრალოდ, არ უნდა შეგიშალოს ხელი კონცერტის გამართვაში, მეტი რა უნდა ქნას?

– ჯაბა, ჯანსაღ ცხოვრებას აქტიურად მისდევ, თუმცა წლების წინ ზედმეტ კილოგრამებს ებრძოდი…

– რაც ევროპაში წავედი, დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა, მათ შორის იყო ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაც. გადავწყვიტე, რომ ერთხელ და საბოლოოდ წერტილი დამესვა ამ ყველაფრისთვის. ჯანმრთელი ცხოვრება მარტო სპორტდარბაზში სიარული არ არის. ეს არის ბევრი სიარული, ცურვა, ჯანსაღი კვება და ა.შ.

ამჟამად ვსაუზმობ ორჯერ: დილით მსუბუქად და ცოტა ხანში საკმაოდ ბევრს, შუადღეს მაქვს ლანჩი, საღამოს „გლეხურად“ ვჭამ და ვცდილობ, ღამე გვიან არაფერი მივიღო. 3-5 დღე კვირაში ვვარჯიშობ, დღეში 7-10 კილომეტრს დავდივარ ფეხით ან ველოსიპედით და სულ ეს არის.

რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც გამუდმებით მალავენ თავის ცხოვრებას. როდესაც ბედნიერი ხარ, რატომაც არ უნდა გააგებინო ეს სხვებს? პირადი პირადია, მაგრამ მე აფიშირების პრობლემა არ მაქვს.

როგორია შენთვის იდეალური ქალი?

– პირველ რიგში, ხასიათი. მჭირდება მსუბუქი ადამიანი, რომელიც არ დამამძიმებს. ჩემნაირი ადამიანი არასოდეს შემიყვარდება, თუმცა არც ძალიან განსხვავებული უნდა იყოს.

– ანუ ამჟამად მარტო ხარ…

– დიახ.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

სექტემბერი 27, 2017
-->