ირაკლი მაქაცარია ერთადერთ ინდოელ ოსკაროსან პროდიუსერთან თანამშრომლობს

ირაკლი მაქაცარია ერთადერთ ინდოელ ოსკაროსან პროდიუსერთან თანამშრომლობს

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი ტელეწამყვანი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტი ირაკლი მაქაცარია იყო.

ირაკლი, როგორია შენი განწყობა?
– პრინციპში სამუშაო, რადგან ისე ჩაიარა ზაფხულმა, რომ დასვენება არ გამომივიდა.  ცეკვების შემდეგ ჩავერთე ჩემს პროექტებში, გადაღებებში და 2 დღის წინ დავასრულეთ ინდური ფილმის გადაღება. „პრაიმ შოუსთვისაც“ განსაკუთრებულად მოვემზადეთ, ასე რომ, მოდუნების საშუალება არ მქონია.

დღევანდელი გადასახედიდან, ნანობ თუ არა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას?
– ცხოვრებაში მხოლოდ ძალიან ცოტა რამეს ვნანობ, ისიც ისეთ რამეს, რისი გამოსწორებაც არ ძალგვიძს. ბუნებრივია, პროექტში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიმეღო, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, ნათელი და სასიამოვნო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ხშირად მენატრება კიდეც ის დრო.

უფრო დეტალურად მოგვიყევი ინდური პროექტის შესახებ…
– ამ ფილმის გადაღების იდეა მოულოდნელად გაჩნდა. მას შემდეგ, რაც ნახეს საქართველო, ჩვენმა ინდოელმა პარტნიორებმა ფილმი გადაღების გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღეს. ამ პროექტის გამოსვლის შემდეგ, რომელსაც „კაშკაშა ვარსკვლავი“ ჰქვია, ვიცი, რომ ძალიან პოპულარული გახდება ქართველ მაყურებელში. მონაწილეობენ ინდოელი ვარსკვლავები, ვინც ამ სფეროში ჩახედულია, კარგად გაიგებს რასაც ვამბობ.

საქართველოს რომელ კუთხეზე გაკეთდა გადაღებების დროს აქცენტი?
– ამ ეტაპზე ქალაქი დავტვირთეთ. ფილმი საბრძოლო ჟანრის იქნება და მასში „ფორსაჟის“ ძალიან ცნობილი ფრანგი კასკადიორი მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, მას ძალიან სერიოზული საერთაშორისო განხილვები მოჰყვება.

– ალბათ, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ეპიზოდები და სცენები აღარ იქნება ამ ფილმში…
– სხვათაშორის, ბოლივუდმა უკვე დიდი ხანია გადაუსწრო ჰოლივუდს, ამიტომ შესაბამისად, აიწია ხარისხმაც. ამ პროექტის პროდიუსერები მთელს მსოფლიოში მოგზაურობენ და სწავლობენ ბევრ სიახლეს,  შესაბამისად, არ არის დაშტამპული და იგივე აზროვნება ბოლივუდურ ფილმებში. ბევრ ჰოლივუდურ ფილმს არ აქვს ის ბიუჯეტი, რაც ინდურ ფილმებს.

– გარდა ინდოეთისა, სხვა ქვეყნებიდან თუ არის დაინტერესება?
– ჩემი დიდი სურვილი იყო ამ ქვეყანასთან მქონოდა ურთიერთობა, რადგან წელიწადში 3 000-მდე ფილმს იღებენ და ბიზნესის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო ბაზარია. უფრო რთულია ამერიკელი ან ევროპელი პროდიუსერების დათანხმება ამ კუთხით. ბევრად მარტივია ინდური პროექტების შემოყვანა საქართველოში. ამ ეტაპზე, ინტერესის სფერო სწორედ ამ ქვეყანასთან ასოცირდება.

დაახლოებით ორ კვირაში გვეწყება გამორჩეული პროექტი, რომელიც განსხვავდება ყველა დანარჩენისგან იმით, რომ მას სათავეში ერთადერთი ინდოელი ოსკაროსანი პროდიუსერი ჩაუდგება. საუბარია ფილმზე „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“. ეს ადამიანი ინდოეთის ლეგენდაა. მე მქონდა ბედნიერება, რომ ის პირადად გამეცნო და უკრაინაში ჩამეყვანა. უკრაინა, რადგან ამას ფორმატი მოითხოვდა. საქართველოშიც აუცილებლად ჩამოვიყვან. მისი ერთი სიტყვაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს მილიარდნახევრიან ინდოეთში.

რამდენი ხანია, რაც ამ სფეროში ხარ?
– 6-7 წელი გავიდა და იმდენად საინტერესო და ულევია ეს თემატიკა, რომ არ იწურება და არ მბეზრდება.

რაც შეეხება „პრაიმ შოუს“, რა სიახლეებს სთავაზობთ მაყურებელს?
– ძალიან მიხარია, რომ ეს გადაცემა გაგრძელდა. ვფიქრობ, რომ სწორედ განსხვავებული წამყვანებისა და მრავალფეროვნების გამო შენარჩუნდა მისი რეიტინგი. ეს სეზონი განსხვავებული იქნება, ცხარე თემებზე უფრო ღიად ვისაუბრებთ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ასეთ დროს მეტი გამოხმაურება იყო წინა სეზონში. ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება სიახლეები, რასაც მაყურებელს ვპირდებით.

– ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ქართველი მამაკაცების ტოპ 10-ეულში მოხვდი. მსგავსი ტიპის ყვითელ ამბებს თუ ეცნობი ხოლმე საკუთარ თავზე?
– არა, თითქმის არასოდეს. ჩემი და უფრო დაკავებულია ამ საქმით და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. რაც შეეხება მსგავს რეიტინგებს, არ ვიცი ვინ ან რის მიხედვით ადგენს მათ. ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაციები, ჩემს შემთხვევაში ასეა, თუმცა ამ ყველაფერში ნაკლებად ვარ ჩართული, რადგან დრო არ მაქვს, საბედნიეროდ.

ისე, სად იცვამ ან ბრენდებს თუ ანიჭებ უპირატესობას?
– არანაირად. რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს იმას ვიცვამ. არც შოპინგ-ტურებს ვაწყობ. თუ რამე მომწონს, ვყიდულობ.

ადგილი,სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ჩემი საძინებელი, სადაც სულ უფრო ნაკლებ დროს ვატარებ ბოლო პერიოდში. ზოგადად კი, რა თქმა უნდა, ჩემი სახლი.

– შეესაბამება თუ არა რეალობას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი იქნები?
– უკრაინაში იყო ამისი შანსი. ჩავწერეთ სატესტო ვერსიაც და ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტექნიკურად ვერ მოხერხდებოდა ჩემი იქ ყოველკვირეული გადაცემის წაყვანა, რადგან აქ ბევრ რამეში მეშლებოდა ხელი და შესაბამისად უარი ვთქვი. ამის შემდეგ არხის ხელმძღვანელობასთან შევთანხმდი იმაზე, რომ ახალი წლის შემდეგ საკუთარი საავტორო შოუ უნდა გავაკეთო. ვნახოთ, მე ამისი დიდი სურვილი მაქვს. საქართველოს სატელევიზიო გამოცდილება ბევრ რამეში დამეხმარება.

პირადი ცხოვრებისთვის თუ იცლი?
– ძალიან დიდი სურვილი რომ მქონოდა მსგავსი ურთიერთობის დაწყების, არ ვიცი რამდენად შეძლებდა ჩემს გვერდით მყოფი გოგონა ამ ყველაფრის ატანას, რადგან დრო საერთოდ არ მაქვს. ალბათ ყველაფერი თავის დროზე მოხდება და წინასწარ ვერ დაგეგმავ. ოჯახის შემქნის სურვილი მაქვს, მინდა ჩემი საკუთარი პატარები, თუმცა არ ვიცი როდის მოხდება ეს, სპეციალურად არავის ვეძებ, თავისთავად იქნება.

–  წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

სექტემბერი 6, 2017
-->