გიორგი სუხიტაშვილი: ქართული სიმღერა არ უნდა „ტეხავდეს“

გიორგი სუხიტაშვილი: ქართული სიმღერა არ უნდა „ტეხავდეს“

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იყო. როგორ ჩაიარა ზაფხულმა, რა ხდება მის შემოქმედებაში და როგორია სამომავლო გეგმები? – ამ ყველაფერს დეტალურად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი, როგორ გაატარე ზაფხული?
– საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. უფრო კი გარეთ. ბულგარეთში, „ბანსკოს“ ჯაზ-ფესტივალზე ვიყავი ჩემს ლაივ-ბენდთან ერთად, რომელსაც ძალიან კარგი ლაინ აპი ჰქონდა და საკმაოდ კარგი რეზულტატი დავდეთ. ადგილობრივებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს ჩვენს მიმართ და მომავალი წლისთვის მოლაპარაკებებიც ვაწარმოეთ. ამის შემდეგ წავედით სერბეთში, ასევე ჯაზ-ფესტივალზე. თამამად ვიტყვი, რომ ამ დონის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია. იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ წარვადგენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ჯაზ-ფესტივალში ჩვენს ქვეყანას. სექტემბრის დასაწყისში ვეწვიეთ მინსკს, სადაც მე და მაია ბარათაშვილი ვიყავით ერთობლივი პროექტით. საკმაოდ კარგი წარმოდგენა იყო.

რატომ ხდება, რომ საზღვარგარეთ უფრო მოთხოვნადები ხართ, ვიდრე საქართველოში?
– არ ვიცი. ვთვლი, რომ სიმღერა ცუდად არ გამომდის. ვინც ჩემს შემოქმედებას იცნობს, ჯაზის ჟანრში ვმოღვაწეობ. არ ვიცი, რაშია პრობლემა, ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. მე უბრალოდ ვაკეთებ ჩემს საქმეს. ალბათ უფრო მეტია მათზე დამოკიდებული, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს.

მაგალითად, ზაფხული ისე გავიდა, რომ ბათუმში ორ კონცერტში მივიღე მონაწილეობა, ისიც ჩემი ძმის მიერ იყო ორგანიზებული და იმიტომ. სხვა მხრიდან შემოთავაზება არც ყოფილა. გულდაწყვეტილი არ ვარ, უფრო გაკვირვებული ვარ, თორემ მე ზაფხულის უმეტესი ნაწილი  საზღვარგარეთ გავატარე და არც შემოქმედებითი კრიზისი მაქვს.

არ ვიცით პატივსაცემი ადამიანების ფასი. ვაუბრალოებთ ყველაფერს და ეს წლიდან წლამდე თვალსაჩინოა. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც ეს ეხება: პატივი ეცით ნამდვილ ხელოვანებს, იმიტომ, რომ ნამდვილად სხვაგან მივექანებით. ქართული სიმღერა არ უნდა „ტეხავდეს“.

რა არის ქართველი მომღერლის საშუალო შემოსავალი?
– ძალიან რთულია ხარისხიანი სიმღერის ჩაწერა. ვერ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეოთი და Youtube-ით შეგიძლია გახდე ვარსკვლავი. ასე  მილიონიდან ერთს უმართლებს. შეიძლება მაილს დევისზე მეტი ნახვა გქონდეს, მაგრამ ეს ხომ ხარისხი არ არის?

ჩვენში არ არის პროდიუსერის კულტურა. ყველაფერზე უშუალოდ მომღერალი ზრუნავს და საბოლოოდ ვერც შესაბამის ხარისხს ვიღებთ და პარალელურად ჩამოდის რომელიმე  ცნობილი ვარსკვლავი, ჩამოყვება 50 კაციანი ჯგუფი, რომელებიც ტემპერატურასაც კი აკონტროლებენ და ვდგავართ და ვადარებთ ხარისხს. ქართველ შემსრულებელს იმისი ნახევარი კომფორტი რომ ჰქონდეს, რაც იმ უცხოელს, ძალიან მაგარი ხარისხის პროდუქცია დაიდებოდა. მე მაგალითად, 50-მდე სიმღერა მაქვს ჩასაწერად მზად და ვერ ვწერ.

რისი ბრალია ეს ყველაფერი?
– არ ვიცი, ვერავისკენ ხელს ვერ გავიშვერ. მე მაქვს ჩემი საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ვიღაც იტყვის, მცირე ბაზარიაო, მაგრამ ჩვენზე მცირე ბაზრები არსებობს, გაცილებით უფრო მოწყობილი და წარმატებული.

ჩვენი სფერო არ არის აღირებული, როგორც კულტურის დარგი. 7 წელია ვცდილობ, რომ სოლო კონცერტი გავაკეთო და ვერ მივედი ბოლომდე.

– წლების წინ სპორტის სასახლე ივსებოდა მაყურებლით…
– 90-იანებში, როდესაც ტელევიზია ამ დონეზე განვითარებული არ იყო, როგორც ახლა, არც ინტერნეტი იყო და საზოგადოებაც ომის ბურუსიდან გამოდიოდა, ერთადერთი საშუალება იყო განტვირთვისთვის მსგავსი შოუები. დღესაც იმართება ბევრი კონცერტი, მაგრამ მას ჯაზ-ფესტივალი ჰქვია და ძირითადად სხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, ამიტომ სპორტის სასახლის კედლებზე აფიშაზე სხვა ეროვნების არტისტების გვარები წერია.

მაგალითისთვის, „აეროსმიტის“ კონცერტი, როგორც ამბობენ, 5 მილიონი ევრო დაჯდა. ანუ 500 ათასი კი არა, 5 მილიონი, ხვდებით რა თანხაზეა ლაპარაკი?
ანუ ამბობ, რომ სახელმწფომ ეს თანხმა ადგილობრივებს უნდა დაახარჯოს?
– თუნდაც. უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი ბაზარი.
საზოგადოების მოთხოვნა რამდენად არის ქართველ მუსიკოსებზე?
– ნოსტალგია არსებობს ქართული ხარისხიანი მუსიკის. ასე რომ, თუ იქნება ხარისხი, აუცილებლად იქნება მოთხოვნა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ნიჭიერ ადამიანს ადეკვატური დაფასება ჰქონდეს. თანხებზე არ არის ლაპარაკი, ბევრს აპლოდისმენტები ენატრება…

აქვე მინდა დავამატო, სულ მიკავშირდებიან არჩევნების წინ და მათ მხარდასაჭერ კონცერტებში მონაწილეობას მთავაზობენ. მე ვეუბნები, რომ არჩევნები რომ ჩაივლის, მერე ვისაუბროთ, რადგან ჩემი შემოქმედება კონკრეტული პარტიებისთვის არ არის. ხაზგასმით ვამბობ, რომ საუბარია ხოლმე ძალიან კარგ ფინანსურ შემოთავაზებაზე, მარამ არ მიღირს.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
– ახლო მომავალში გვაქვს ვარშავაში მე და მაია ბარათაშვილს კონცერტი, სადაც  ქართულენოვან რომანსებს შევასრულებთ. ამის შემდეგ არის თბილისობა, რომელიც არჩევნების გამო ადრე გადმოიტანეს, ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და იქაც ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას.
პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობ…
– არ ვსაუბრობ ნამდვილად, რადგან პირადია. მინდა, რომ საინტერესო ჩემი ცხოვრება და ურთიერობები კი არა, შემოქმედება იყოს, ამიტომ არასოდეს ვლაპარაკობ ზედმეტს.
წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

სექტემბერი 20, 2017
-->