გიორგი მარშანია: როგორც მსახიობისთვის, ნინოს როლი დიდი გამოწვევა იყო

გიორგი მარშანია: როგორც მსახიობისთვის, ნინოს როლი დიდი გამოწვევა იყო

გადაცემა ვიზიტორის სტუმარი მსახიობი გიორგი მარშანია იყო. საუბარი მისი კარიერისა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მისი პერსონაჟის გარშემო წარიმართა.

გიორგი, როგორ უთავსებ საქმესა და გადატვირთულ გრაფიკს ერთმანეთს?
– მგონია, რომ ვერ ვუთავსებ, ყოველ შემთხვევაში რაღაცეების ხარჯზე ხდება თუ ვასწრებ. დიდი ხანია ასეთ რეჟიმში ვარ და მივეჩვიე. ადრე უფრო მეტი შემეძლო, ახლა მალე ვიღლები (იცინის).
საზოგადოებამ „თქვენი შოუდან“ გაგიცნო, შემდეგ „კომედი შოუ“ და ახლა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ხარ…
– გიორგი აფციაურმა გააკეთა „თქვენი შოუ“, რომელიც „კომედი შოუსთნ“ იყო მიბმული და შედარებით ახალ თაობას წარმოადგენდა. ამის შემდეგ ის გადაცემა გაჩერდა და გავაგრძელე კომედიში. მერე ავიღე პაუზა, რათა სწავლისთვის და ჩემი სტუდიისთვის მიმეხედა. ამის მერე ერთ დღეს დამირეკა ეკა მჟავანაძემ და სერიალში მონაწილეობა შემომთავაზა.
მსახიობი ოჯახის გავლენით გახდი?
– არა, არათუ მსახიობი, ამ სფეროსთან დაახლოებული პროფესიისაც კი არ მყავს არავინ ოჯახში. გადაწყვეტილება ჩემით მივიღე და ჩავაბარე თეატრალურში და მემგონი გაამართლა, ყოველ შემთხვევაში არ ვნანობ.
რომელ თეატრში მოღვაწეობ?

– თავისუფალ თეატრში.
სცენა, ტელევიზია, სერიალი – რომელია უფრო შენი?
– ამაზე პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს, რადგან ყველა ამ მიმართულაბეიდან ვიღებ სიამოვნებას. ყველაზე ნაკლებად ჩემთან „კომედი შოუ“ იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უინტერესო იყო, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა.
რაც შეეხება შენს პერსონაჟს – ნინოს, რა რეაქცია გქონდა, როდესაც ამ როლის შესრულება გთხოვეს?
– როგორც მსახიობისთვის, ნინოს როლი დიდი გამოწვევა იყო. სერიალს მეც ვუყურებდი და ვიცნობდი ადამიანებს, რომელბიც მას ქმნიან, ამიტომ ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად და ხარისხიანად იქნებოდა გაკეთებული. პირველი მსახიობი ვარ, რომელმაც ტრანსგენდერი ქართულ ტელესივრცეში განვასახიერე.
– თუ გიფიქრია იმაზე, რას იტყოდა ხალხი?
– არა, ვფიქრობდი იმაზე, როგორ გავაკეთებდი ამას მე, როგორ შეაფასებდა მაყურებელი ჩემს თამაშს და ა.შ.
საიდან შეიქმნა კონკრეტულად ეს ადამიანი, თავისი მიმიკებითა და ტიპაჟით?
– პირველ რიგში, სცენარიდან გამომდინარე. ამ როლამდე ტრანსგენდერებთან შეხება პირადად არ მქონია, ამიტომ მათგან არაფერი არ ამიღია. ტექსტს ქალის პოზიციიდან ვკითხულობდი და აღვიქვამდი. მიმიკები თავისთავად მოვიდა, რა თქმა უნდა, ნინოს როლისთვის ახლობელ გოგონებზე დაკვირვებაც ვაწარმოე.
როდესაც ეკრანზე პირველად გამოჩნდი, რა რეაქცია მოჰყვა ამას?
– უმეტესობას ჯერ აინტერესებდა ვინ იყო მსახიობი, რადგან ბევრმა ვერ მიცნო.
გამოხმაურებები თუ გაქვს თავად ტრანსგენდერებისგან?
– სხვათაშორის კი, სოციალურ ქსელში მოუწერია რამდენიმეს, რომ ამ პერსონაჟმა მისი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა. ეს სცენარის დამსახურება უფროა, ვიდრე ჩემი.

ცუდს თუ გწერენ?
– არა, პირადად ჩემთან არა, მაგრამ ზოგადად გამიგია უკმაყოფილება. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამ ყველაფრით არა ტრანსგენდერის პროპაგანდა, არამედ ძალადობის წინააღმდეგ პროპაგანდა ხდება. ვირუსიც კი არ არის გადამდები თუ შენი იმუნიტეტი ძლიერია. ამ პერსონაჟის ყურებით ტრანსგენდერად გადაქცევა არავის მოუნდება თუ ყველაფერი დაბადებიდანვე არ დევს მასში.

სერიალშიც სწორედ იმ კუთხით არის ნაჩვენები: ისე, როგორც ნინოს ექცევიან ცუდია და არავინ არავის არაფერი ახვევს თავზე. მთავარია სწორედ აღიქცა ის, რასაც აჩვენებენ.
წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

აპრილი 5, 2017
-->