გიორგი გილიგაშვილი: ირაკლისნაირი რომ გეყოლება გვერდში, ფაქტობრივად, აღარაფრის გეშინია

გიორგი გილიგაშვილი: ირაკლისნაირი რომ გეყოლება გვერდში, ფაქტობრივად, აღარაფრის გეშინია

„ვიზიტორის“ სტუმრები ტელეწამყვანი და პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი იყვნენ.

ირაკლი, გიორგი გადაცემით „პრაიმ შოუ“ გახდა პოპულარული...

– ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩვენთან იყო მოსული. ქართული რეალობაა, როდესაც ადამიანს ერთი ფრაზით იტაცებენ, მაგრამ გიორგის უკან გაცილებით მეტი დგას. ჩემი შეხედულებით ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია და სწორედ მათი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს დღესდღეობით. ასეთი ჩამოყალიბებული ადამიანების დეფიციტი გვაქვს, ამიტომ ვინც გვყავს, უნდა დავაფასოთ მაქსიმალურად.

როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ცინიკურად მიიღო შენი გამოჩენა?

– ასეთ კატეგროიას ვერაფერს უზამ. ძალისხმევასაც არ დავხარჯავ იმაში, რომ ამ ადამიანებს რამე ვუმტკიცო. მე ვიცი გიორგის დამოკიდებულება, მთავარია, რომ სიმართლით ვიაროთ. ეს არის ნამდვილი ადამიანი – გიორგი გილიგაშვილი!

გიორგი: ამდენ ქება-დიდებას ნამდვილად არ ვიმსახურებ, დიდი მადლობა.

საკმაოდ სახასიათო როლი გქონდა „ტიფლისში“. როგორ მოხვდი ამ როლზე?

– ჩემი ახირება იყო, რომ ჩოხა-ახალუხით ცხენს ვაჭენებდი ხოლმე ქალაქში. ერთხელაც ერთმა მამაკაცმა გამაჩერა და მკითხა, ვიყავი თუ არა პერსონაჟი „ტიფლისიდან“. მანამდე არ ვიცოდი ამ სერიალის შესახებ და სწორედ ამის მერე მოხვდა ჩვენი დაკავშირება.

ირაკლი: ზუსტად იმას ეძებენ რეჟისორები და სცენარისტები, რომ რაც შეიძლება ბუნებრივი იყოს პერსონაჟი. გიორგი კი იმდენად სახასიათოა თავისი ვიზუალითა და მეტყველებითაც კი, რომ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ პროექტში გამოჩნდება.

გიორგი, ცხენები ახსენე და ძალიან გიყვარს ჯირითი. კიდევ მოგვიყევი, რა გატაცება გაქვს?

– დედა მახსოვს ბავშვობიდან, რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ჯირითი. სწორედ ის იყო მოტივატორი და საოცარი სტიმულის მომცემი, რომელმაც ჩემსა და ცხენს შორის ყველანაირი ბარიერი დაარღვია. კიდევ არის პარკური, რომელიც ასევე დედამ შემაყვარა.

ბავშვობაში კოსმონავტობაზე ოცნებობდი…

– კი და ახლაც ვოცნებობ და იმედი მაქვს მოვხვდები ოდესმე. ყოველთვის მაინტერესებს დედამიწას განშორებული ადამიანის მადლი. მგონია, რომ სხვანაირად შეიცნობ სამყაროს.

როდის დაიწყე ლექსების წერა?

– დაახლოებით 3 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავრითმე. გენში მაქვს, პაპაც წერდა ლექსებს.

ლექსების კრებული თუ გაქვს გამოცემული?

– ამაზე არ ვფიქრობ, სიმართლე რომ ვთქვა.

ირაკლი: გიორგი არ ფიქრობს ამაზე, მაგრამ მას შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს და მე მაქსიმალურად ყოველთვის ხელს შევუწყობ მას საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, აუცილებლად ვიხილავთ გიორგი გილიგაშვილის ლექსების კრებულს.

– გიორგი, სად ჩაწერე და ვინ დაგეხმარა ახალი სიმღერის ჩაწერაში?

– დიდი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა. ირაკლისნაირი რომ გეყოლება გვერდში, ფაქტობრივად, აღარაფრის გეშინია. რაც შეეხება სიმღერას, მადლობა თემურ სიხარულიძეს. მისი სახით შევიძინე უსაყვარლესი უფროსი მეგობარი. მადლობა მაია კაჭკაჭიშვილს და ასევე არჩილ ვანიშვილს.

სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევი…

ირაკლი: მინდა ვთქვა, რომ  გიორგის აქვს კიდევ ერთი სიმღერა „სამშობლო“, რომელსაც, როდესაც მოუსმენთ, ცოტა ხნით გაშეშებს. სიმღერა ძალიან მალე იქნება მზად, გვინდა კლიპის გადაღებაც, რადგან აუცილებელია ვიზულური სინთეზიც. ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულს ეს ყველაფერი მოესწრება და კიდევ ერთი ულამაზესი სიმღერა შეგვემატება.

გიორგი: დიდი მადლობა, ამ ქართველობისთვის. ალბათ, ირაკლი რომ არა, ამ ყველაფრის თქმა და წარმოცენა მე ძალიან გამიჭირდებოდა.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

ივნისი 19, 2018
-->