გადაინაცვლა თუ არა მაია ბარათაშვილმა ჯაზიდან საცეკვაო მუსიკაში

გადაინაცვლა თუ არა მაია ბარათაშვილმა ჯაზიდან საცეკვაო მუსიკაში

„ექსკლუზივის“ სტუმარი მომღერალი მაია ბარათაშვილი იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა მისი ახალი სიმღერის „Summer dance“ პრემიერა.

ქართულ მუსიკალურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მუსიკოსი ხართ. არასოდეს გამოჩენილხართ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ კონცერტებზე…

– არასოდეს, არცერთი მხარის მეხოტბე არ ვყოფილვარ. შოუბიზნესი ჩვენთან პოლიტიზირებულია და ეს ადამიანებზეც აისახება. მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ ადამიანმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და ზრუნავდეს პროფესიონალიზმზე. სტაბილური ალბათ იმიტომ ვარ, რომ პროფილი არ შემიცვლია, მაგრამ პრეტენზია მაქვს, რომ ვარ მზარდი მუსიკოსი. ჯაზის მუსიკოსი ვარ და ჩემი ახალი ამპლუა, როგორშიც დღეს ვარ არის პირველი და ვნახოთ რა გამოვა. გარკვეული გარემოებების შედეგად საკუთარ თავს გამოცდა მოვუწყე. შედეგზე მაყურებელი თავად იმსჯელებს.

ჯაზიდან საცეკვაო მუსიკაში გადასვლის შედეგად კონკრეტული გათვლები უნდა გქონდეთ. არის თუ არა ეს გათვლა კომერციული?

– რა თქმა უნდა, გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებს მოეწონოთ და მათ შორის კომერციაზეც. ამ სიმღერაში ჩემი ინდივიდუალური შტრიხები შევიტანე. მინიმალურად, მაგრამ იგრძნობა ჩემი ნიშა.

რამდენად შესაძლებელია, რომ აუდიტორიამ განსხვავებული მაია ბარათაშვილი მიიღოს?

– აქ იმაზეა ლაპარაკი მოეწონებათ თუ არა პროდუქტი კონკრეტულ ადამიანებს. შეიძლება, ვიღაცამ საერთოდ არ იცოდეს ვინ არის მაია და რას აკეთებდა მანამდე, მაგრამ მოეწონოს სტილი და ჟღერადობა ან ერთი ფრაგმენტი. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ერთადერთი ის ვიცი, რომ სიმღერა პროფესიონალიზმის ყველა კომპონენტის დაცვით ჩაიწერა, არის კომბინირებული გემოვნების.

რამდენად კომფორტულად გრძნობთ ამ ჟანრში თავს?

– უბრალოდ დავჯექი და დავწერე მარტივი მუსიკა და ტექსტი.  დისკომფორტი არ მიგვრძნია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აპირებთ თუ არა ამ ჟანრს გაჰყვეთ?

– გეგმა ბევრია. ახლახან დავბრუნდი უკრაინული ტურნედან თბილისის ბიგ ბენდთან ერთად. 23 მაისს მაქვს სოლო-კონცერტი „25 წელი სცენაზე“. შემდეგ მივდივარ ჩინეთში, პოლონეთში, აზერბაიჯანში. რაც შეეხება ამ ჟანრს, რატომაც არა, თუ მსმენელი მიმიღებს და მოიწონებს ჩემს ამ მცდელობას.

– რას გრძნობთ 25 წლიანი გამოცდილების შედეგად, რომელიც სცენაზე გაატარეთ?

– ვგრძნობ, რომ კიდევ 25 წელი უნდა ვიმუშაო, რომ მაქსიმუმს მივაღწიო. მიყვარს ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა. მინდა, რომ ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით გამომივიდეს.

როდის და სად გაიმართება თქვენი სოლო-კონცერტი?

– ეს კონცერტი არის ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ნაწილი. ჩემი სახელი დგას უდიდესი მუსიკოსების სახელების გვერდით, რაც ძალიან დიდი პატივია. 23 მაისს, ჯ. კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ჩემი სოლო-კონცერტი.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მაისი 3, 2018
-->