გადაცემა ვიზიტორი: რატომ დაშორდა ჯაბა კილაძე თამთა ჭელიძეს?

გადაცემა ვიზიტორი: რატომ დაშორდა ჯაბა კილაძე თამთა ჭელიძეს?

24 ოქტომბერს გადაცემას „ვიზიტორი“ ჯაბა კილაძე ესტუმრა.

დიდი ხანია ჩვენი სტუმარი არ ყოფილხარ…

კი, იმდენად დიდი ხანია, რომ შეიცვალა აქაურობა, კარგისკენ რა თქმა უნდა. დიდი პატივია ჩემთვის ვიყო თქვენი სტუმარი.

რომელ რადიოს უსმენ?

ასე ამოჩემებულად არცერთ რადიოს, მე ჩემი მუსიკა მაქვს. ამ ბოლო დროს ელექტრონულმა მუსიკამ გამიტაცა. რა თქმა უნდა ვუსმენ ფორტუნა პლიუსსაც.

ჯაბა, სად დაიკარგე, რატომ არ ჩანხარ?

ძალიან მიყვარს ეს შეკითხვა, ხშირად მისვამენ. არ ჩანხარ-ში გულისხმობენ იმას, რომ ტელევიზორში არ ვჩანვარ. იმდენად პატარა ქვეყანაა, პატარა ქალაქია, ყველა ყველას ვიცნობთ, ხალხი დადის თეატრში და სწორედ იქ ვარ. თუკი ვინმესგან ვართ დაფასებულები არტისტები, ეს არის თეატრის მაყურებელი. 36 წლის ვარ და ამდენი წელია მარჯანიშვილის თეატრში ვარ ჩემი მშობლების გამო, ამიტომ კარგად ვიცი, როდის დადიოდა ხალხი თეატრში და როდის ვერ დადიოდა. იმ დროს, როდესაც არ იყო შუქი, გაზი, საჭმელი და იყო ომი, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრში ხალხი აქტიურად დადიოდა. ყოფილა შემთხვევები, როდესად სპექტაკლი სანთლის შუქზე ჩატარებულა.

დღეს რას განიცდი?

არაფერს არ განვიცდი, მე ამ სფეროს განვითარებას ვცდილობ და მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს ეს ცნება ამ ქვეყანაში, რომ ეკონომია მსახიობებზე უნდა გაკეთდეს, ეს ცოტა უხერხულია, ჩემი აზრით.

რამდენად ხშირად გიწევს გასტროლზე წასვლა?

ამ კუთხით ძალიან კარგად არის საქმე. სპექტაკლების დადგმა თეატრის მენეჯმენტზეა დამოკიდებული და მარჯანიშვილისა და თავისუფალ თეატრებში ეს საკითხი კარგად არის მოგვარებული. ლონდონში, შექსპირის ქვეყანაში, შექსპირის სახელობის ფესტივალზე როდესაც მარჯანიშვილის თეატრი ხდება გამარჯვებული, ეს ხომ ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ.

იყო დრო, როდესაც სხვადასხვა ტელეპროექტის წყალობით ძალიან პოპულარული იყავი, ცოტა დეპრესიაში ხომ არ ჩაგაგდო შემდგომმა პერიოდმა?

მე ჩემს ცხოვრებაში გადავაფასე და მივხვდი, რას ნიშნავს ჩემი პროფესია, პოპულარობა, მე რა მინდოდა ამ პროფესიაში და რა არის ჩემი მიზანი. როდესაც ამას იაზრებ, ყველაფერი სიმშვიდისკენ ლაგდება. შეგიძლია ერთ დღეში გახდე პოპულარული, თუმცა, ჩანდე ტელევიზორში ბევრს არაფერს ნიშნავს. იყო პერიოდი, როდესაც აქტიურად ვჩანდი, დღეს არის პერიოდი, როდესაც ძალიან აქტიურად აღარ ვჩანვარ, თუმცა ჩემი ნახვა შესაძლებელია მარჯანიშვილის თეატრში და თავისუფალ თეატრში. თუ დღეს არ არის ტელეპროექტი, იქნება ხვალ – ამასაც სიმშვიდით ვუყურებ. ვფიქრობ, რომ ზომიერება ყველაზე მაგარი რამეა. ყველა გადაცემაში ვიჯდე და რაღაცეები ვილაპარაკო, ჩემი აზრით, სწორი არ არის. დიდი აქტივობაც არ არის ჩემს მიმართ. პირად ცხოვრებაზე არასოდეს არ ვსაუბრობდი და არც ახლა ვსაუბრობ. მირჩევნია, ჩემზე ხალხმა ჩემი პროფესიის გამო ისაუბროს.

როგორი მამაა ჯაბა კილაძე?

ეს ლიზას უნდა კითხოთ, კარგი რესპოდენტია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მე რაც მიყვარს ადამიანში და რასაც ვაფასებ, ამ კუთხით მიდის. როგორც ენდომება, ისე გადაწყვიტოს საკუთარი პროფესია. ახლა 12 წლის არის, ძალიან უყვარს ცხოველები.

მინდა წარსულში დაგაბრუნო, როდესაც შენ და თამთა დაშორდით…

ყველაფერი საღი მიდგომაა, როდესაც ხედავ, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ხელს უშლის, ყოველთვის სჯობს, რომ სხვადასხვა რეჟიმში გადავიდეს წყვილი. ცუდია, რომ ოჯახები ასე სწრაფად ინგრევა. ეს არის ჩვენი წარსულის ბრალი. ევროპასა და ამერიკაში, მანამ, სანამ ცოლს მოიყვანენ, ბევრს ფიქრობენ. თუმცა, ვფიქრობ რეგიონში საქართველო ყველაზე განვითარებული ქვეყანაა.

როდესაც შენი მისამართით სოციალურ ქსელსა თუ ინტერნეტ-გამოცემებში რაიმე იწერება, ეცნობი?

ამ ბოლო პერიოდში სოციალური ქსელითაც კი ძალიან იშვიათად ვსარგებლობ. როდესაც ცნობილი სახე ხარ, თავისთავად შენზე ილაპარაკებენ ცუდსაც და კარგსაც და ამას უნდა შეეგუო. არ მაინტერესებს დიდად, რას წერენ ჩემზე. არ ვარ ისეთი ტიპაჟი, რომ ჩემზე ხშირად იწერებოდეს.

თუ დაუკავშირებ შენს ცხოვრებას შენივე პროფესიის ადამიანს?

ეს არავინ იცის. დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც არ არის ჩემი სფეროდან და ვართ ძალიან კარგად.

ვიცი, რომ გადაღებები გქონდა…

ძალიან საყვარელი ფილმის, „ცელქი ბავშვების“ მესამე ნაწილის გადაღებები მიმდინარეობდა. ძალიან ვღელავ, მაინტერესებს რა გამოვა. რეჟისორი ზურა მენთეშაშვილი გახლავთ. როგორც ვიცი, ფილმის გამოსვლა საახალწლოდ იგეგმება.

რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

ბევრი რამე. განსაკუთრებით ის მაღიზიანებს, რომ საქართველო არ არის ისეთი წარმატებული, როგორიც შეიძლება იყოს.

როლი, რომელზეც ოცნებობ?

მთელი ცხოვრება ამ კითხვაზე ერთი პასუხი მაქვს – ასეთი როლი არ მაქვს.

ადგილი, სადაც კომფორტულად გრძნობ თავს?

კომფორტულად ვარ იქ, იმ ადამიანებთან, სადაც კარგად ვგრძნობ თავს.

ადამიანი, ვისაც შეხვდებოდი და რამდენიმე კითხვას დაუსვამდი?

რატომ დაუშვა მაშინ, ბევრმა ადამიანმა შეცდომა, რაც მოხდა 90-იან წლებში. რატომ არ განვითარდა დამოუკიდებელი საქართველო სწორად? ეს მაწუხებს, ამ მოვლენას შეეწირა ჩემი თაობის პოტენციალი.

მოდა და ჯაბა კილაძე…

სამოსის წარმომავლობას დიდ როლს არ ვანიჭებ. არის ეტიკეტი უბრალოდ, რაც უნდა დაიცვა.

რას უსურვებ საკუთარ თავს?

მუდმივ განვითარებას, არც ერთ ეტაპზე, არცერთ ასაკში არ შევწყვიტო განვითარება.

ჯაბა და ქართული ტრადიციები…

მე ქართველი ვარ, ამით ვამაყობ. თუმცა, არის გარკვეული თემები, რაც სამუზეუმო ექსპონატად უნდა შემოინახო, გაუფრთხილდე და ამით ხელი არ უნდა შეუშალო თანამედროვე ადამიანების ცხოვრებას. არ უნდა ინგრეოდეს ადამიანების მორალური უფლებები ტრადიციების გამო. ტრადიციები და თანამედროვე ცხოვრება უნდა გამიჯნო ერთმანეთისგან.

 

ოქტომბერი 27, 2017
-->