გადაცემა ვიზიტორი: ინგა გრიგოლიას, ნანუკა ჟორჟოლიანისა და გია ჯაჯანიძის პროდიუსერის გულახდილი ინტერვიუ

გადაცემა ვიზიტორი: ინგა გრიგოლიას, ნანუკა ჟორჟოლიანისა და გია ჯაჯანიძის პროდიუსერის გულახდილი ინტერვიუ

გადაცემას „ვიზიტორი“ მაია სტეფნაძე ესტუმრა.

მოვედი სამსახურიდან ძალიან დაღლილი და გადმომიყვანე შენს ტალღაზე.

თავიდან იყო პოლიტიკური გადაცემები, იყავი ინგა გრიგოლიას პროდიუსერი…

დავაკვირდი, რომ სატელევიზიო კარიერაში მაქვს ხუთ წლიანი ციკლი. გამიმართლა, რომ გადავიკვეთე ისეთ ნიჭიერ ადამიანებთან, როგორებიც არიან: ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ჯაჯანიძე. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ნოე სულაბერიძე არის საოცრად ნიჭიერი ადამიანი.

რატომ გადაწყვიტე, რომ ყოფილიყავი პროდიუსერი, ძალიან რთულია კადრს მიღმა შექმნა შოუ…

არა მარტო სტუმრების მოყვანა იყო რთული. ის პერიოდი ჩემთვის მძიმე იყო, ინგა დიდი ხანია იცის საზოგადოებამ, ის ბოლომდე აკეთებს თავის საქმეს, ძალიან ბევრჯერ ეთერიდან გამოსულა ისეთი, როდესაც მთელი ტანით ცახცახებდა. ინგა ყოველთვის ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, ის ყველაზე ობიოექტური ადამიანია და ამას სრულიად თამამად ვამბობ. ის არის ყველაზე ვაჟკაცი ადამიანი ქართულ ტელესივრცეში. თუკი ამდენი წლის განმავლობაში ვერავინ დაგადო ხელი ვის მხარეს ხარ, ე.ი. მართლა ძლიერი ხარ. ჩვენს თავზე გადაიარა რევოლუციამ, მე და ინგა საბრძოლო მეგობრები ვართ. პირველი გადაცემა ტელევიზიაში, რომელიც რევოლუციის შემდეგ დაიხურა, ეს იყო „ღამის მზერა“. ჩვენ ვაკეთებდით საოცრებებს, მაშინ, როდესაც მზე იყო „პაწაწინა“ ტელევიზია. წინასწარ ბევრჯერ მითქვამს სტუმრისთვის, რომ აი ეს რომ მოხდება, ჩემთან მოხვალ სტუმრად. ინგას რეპუტაცია, ჩემი პროფესიული „შტუჩკები“ და ვმუშაობდით ძალიან დიდ კონკურენციაში, „რუსთავი ორზე“ იყო ეკა ხოფერია, პირველ არხზე კი კოკა ყანდიაშვილი, რომელსაც ასევე ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა. მე ინგას გუნდის წევრი ვიყავი და აქეთ-იქით სირბილი არ მიკადრებია. დღეს ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ არ დამიშვია ისეთი შეცდომა, რისიც დღეს შემრცხვება, არ მეშინია არაფრის წამოძახების. ორჯერ დამემართა შეცდომა, ერთხელ ინგას წინაშე, ერთხელ კი ერთი გოგონას წინაშე… ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ეს ორი შემთხვევა ისევ მახსოვს.

ვახსენეთ, რომ იყო ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ შენს კარიერაში… ამბობდნენ, რომ წახვედი ინგასგან…

არასწორია. მე და ინგამ თანამშრომლობა პირველ არხზე დავასრულეთ, როდესაც დაგვიხურეს გადაცემა. „ღამის მზერის“ შემდეგ იყო „იმედი“, საიდანაც მე ჩემი პრობლემების გამო წამოვედი. შემდეგ ვმუშაობდი ისე „მზე“-ზე და როდესაც ინგა იწყებდა „პრაიმ თაიმს“, გავყევი ისევ მას. ისნგასთან მუშაობა ძალიან რთულია, ამას არც ვმალავ. დღეში სამ ბლოკს ვაკეთებდით, ისეთი გადაღლილი ვიყავი, მთელი დღე მჭირდებოდა სტრესის მოსახსნელად, შვილებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვნახულობდი, სასწრაფოებს ვიძახებდი ხოლმე, ისეთი გადაღლილი ვიყავი. ღამის სამ საათზე გვიმთავრდებოდა ეთერი და მეორე დილას ძლივს ვდგებოდი. ინგაც არ არის მარტივი, მაგრამ მე ვუგებდი, იმიტომ, რომ თავის თავსაც ზუსტად იგივეს უკეთებს, ის არასოდეს ზოგავდა თავს, იმდენად მაღალ დონეზე დგას მისთვის პროფესია. მე ვფიქრობ, იმდენი გონება მქონდა, რომ მათგან რაღაცეები მესწავლა, დღეს ნოესგან ვსწავლობ.

პოლიტიკური შოუებიდან იყო ნანუკას შოუ, მსმენია, რომ არც მასთან არის მუშაობა მარტივი…

მათ შორის არის განსხვავება, როდესაც ინგა მუშაობს, მასთან დებატებში ვერ შეხვალ, იმდენად მთლიანად არის საქმეში ჩაფლული, ასე იყო მაშინ, ახლა ბევრი წელი გავიდა. რაც შეეხება ნანუკას, ჩვენ სულ ვკამათობდით. როდესაც რაღაც თემას წამოვიწყებდით, იყო მუდმივი დებატები. ძალიან გამიმართლა ნამდვილად. ის არის უნიჭიერესი და ნოვატორი ქართულ შოუებში, მან სხვა „ლეველზე“აიყვანა შოუ. მე რომ მივედი შოუ უკვე დაწყებული იყო, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. მიჭირდა, მაგრამ გამოდიოდა ის პროდუქტი, რასაც ვიღებდით. ხალხმა საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო მაია სტეფნაძე ნანუკას და ინგას დროს. ჯაჯოს დროს უფრო გამოვჩნდი, იქმნებოდა პროდუქტი და ეს იყო მთავარი. შედეგი ყოველთვის ძალიან მაგარი იყო.

შემდეგ იყო გია ჯაჯანიძე…

ჩემი სიამაყე არის ის, რომ ინგა და ნანუკა დღესაც ჩემი მეგობრები არიან. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მე და ნანუკას რაღაცნაირი სხვანაირი, ღრმა ურთიერთობები გვაქვს. ნანუკასგან მე კონფლიქტით არ წამოვსულვარ, მე მას ავუხსენი, რომ გავიდა ხუთი წელი, ამოვწურე ჩემი თავი ამ გადაცემაში და არ მინდოდა შოუ დაზარალებულიყო. ნანუკამ გამიგო და ჩვენ გავაგრძელეთ ზუსტად ისეთივე ურთიერთობა, რაც მანამდე გვქონდა. ჯაჯოსთან რომ მოვხვდი – აი წარმოიდგინეთ, ათი კილომეტრი რომ ირბინოთ და ბოლოს ძალიან გემრიელი წვენი მიირთვათ. აი ზუსტად ასე ვარ, მთლიანად გამიშვა წინ მე და ის გადავიდა მეორე პლანზე.

თუ ყოფილა ისეთი გადაცემა, რომელიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაუტარებიათ?

ამას მეკითხები მე? გია ჯაჯანიძის შოუს პროდიუსერს? ძალიან ბევრჯერ… როდესაც შენ ქმნი რეიტინგულ გდაცემას, იქ არის სკანდალი, არის დაზარალებული მხარე… პირველი ჩემი სამსახური ჟურნალისტიკაში ძალიან დიდი ხნის წინ იყო, საინფორმაციო სააგენტო „პრემიერში“ ვიყავი ერთ-ერთი რიგითი რედაქტორი. იქ დაიწყო ჩემი სკანდალებთან შეხება. შემდეგ ვიყავი რადიო „იმედში“ მთავარი რედაქტორი. წარმოიდგინეთ როგორი პერიოდი იყო, შევარდნაძის დრო იყო, ვრეკავდი სამინისტროებში, ფაქსით ვუგზავნიდი ინფორმაციას და ერთ საათში მინისტრებს კომენტარებით ვრთავდი. არასოდეს გამიკეთებია გადაცემა იმისთვის, რომ უბრალოდ ხმაურიანი ყოფილიყო, ყოველთვის მოქნდა იდეა და თუ მე მაქვს იდეა, რაც არ უნდა გამლანძღო, მე ხომ ჩემს თავთან მართალი ვარ, აღარ ვიძაბები იმით, რას ფიქრობენ სხვები.

იყავი „დღის შოუს“ წამყვანიც…

კი, ერთი წლის განმავლობაში. ერთხელ მივდიოდი დერეფანში და გულიანად ვიცინოდი. თამარ ღვინიანიძის დამსახურება ეს ფაქტი, მან შემომთავაზა. მე მგონი წინა ცხოვრებაში კოლუმბი ვიყავი, შემიძლია უცებ გადავეშვა ახალი რაღაცეების აღმოსაჩენად. აღმოვაჩინე, რომ ბევრი სათქმელი მქონია ჩემი ასაკის, გამოცდილებით დამძიმებული ქაბატონებისთვის.

როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩემთან გაატარე?

შენი ხმა ძალიან ახლობელია ჩემთვის, საკმაოდ ცოცხალი საუბარი გამოგვივიდა, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მივიღე დადებითი ემოციები.

ნოემბერი 7, 2017
-->