ფილმ „მტრების“ გადაღებებისთვის მზადება 25 წელი მიმდინარეობდა

ფილმ „მტრების“ გადაღებებისთვის მზადება 25 წელი მიმდინარეობდა

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი რეჟისორი გია ღაჭავა იყო. საუბარი მისი ახალი ფილმის – „მტრების“ გარშემო წარიმართა, რომლის პრემიერაც საქართველოს კინოთეატრებში ცოტა ხნის წინ შედგა.

– ეს არის თქვენი პირველი ფილმი. როდის და რატომ გაგიჩნდათ მისი გადაღების სურვილი?
– დაახლოებით 25 წელი მიტრიალებს ამ ფილმის გადაღების იდეა თავში. სიუჟეტი რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი და დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი ადამიანებს, რომლებიც ისე გააკეთებდნენ ყველაფერს, როგორც მინდოდა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. უმეტესწილად მიუღებელი იყო შედეგი, რომელსაც ვიღებდი.

– 25 წელი საკმაოდ დიდი დროა…
– ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ მთელი ეს წლები ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას და არ მქონდა დრო იმისთვის, რომ კინო გადამეღო. ეს არ არის მარტივი. როგორც კი დრო გამომიჩნდა, პირველივე, რაც გავაკეთე, ფილმზე მუშაობა დავიწყე.

– როგორც ვიცი, ჩანაფიქრში მოკლემეტრაჟიანი ფილმი უნდა ყოფილიყო...
– კი, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული ქრონომეტრაჟი არ ყოფილა, მასალა იყო ძალიან დიდი და ვერანაირად ნახევარ საათში ვერ ჩავეტეოდით, რაც ძალიან კარგია, რადგან სრულად გადმოვეცი ჩემი სათქმელი.

– როგორ იპოვეთ შესაფერისი მსახიობები?
– თავიდან მინდოდა, რომ მთავარი როლები არაპროფესიონალ მსახიობებს შეესრულებინათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, რადგან როლი საკმაოდ დიდ პროფესიონალიზმს და გამოცდილებას მოითხოვდა. საბედნიეროდ, წილად მხვდა იმისი ბედნიერება, რომ გამეცნო ბატონი მიშა გომიაშვილი, რომელსაც ვანდე კიდეც მთავარი როლი. ბატონმა მიშამ მირჩია კახა კინწურაშვილის კანდიდატურა, რომელიც ძალიან მომეწონა. გავიარეთ ერთად ძალიან პატარა რეპეტიცია და მივხვდი, რომ მათთან ერთად გავაკეთებდი იმას, რაც მსურდა.

ფილმის სიუჟეტზეც ვისაუბროთ…
– ის, რაც ხდება ფილმში არ არის დაკავშირებული პირდაპირ ომის თემატიკასთან. აქ არის ურთიერთობა კავკასიელებს შორის. იდეა რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის ჩემს ბავშვობის მეგობარს გადახდა. ამ ამბავმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. დღეს ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და რა თქმა უნდა, მასთან შეთანხმებით გადავწყვიტე პროექტზე მუშაობის დაწყება.

ქართველი ჯარისკაცი უნებურად ხვდება სარდაფში დაბომბვის შედეგად და ხვდება ოს მოხუცს. სწორედ მათ გარშემო ვითარდება სიუჟეტი. ფილმი კავკასიელებს შორის ურთიერთობას შეეხება. ბევრი დიალოგია, რომელიც კავკასიას ეხება, მათ შორის რუსეთსაც, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მეტად ერევა და სწორედ ის არის კავკასიელებს შორის გაუგებრობისა და დაპირისპირების მიზეზი. ფილმი არ არის ადვილი საყურებელი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, მათ შორის ოსებსა და აფხაზებს ვგულისხმობ.

– სად მიმდინარეობდა გადაღებები?
– რადგანაც მინდოდა, რომ ყველაფერი ბუნებრივი გამოსულიყო, უარი ვთქვით პავილიონზე. თბილისში მოვნახეთ სარდაფი, სადაც მიმდინარეობდა გადაღებები და სადაც არც ისე კარგი პირობები გვქონდა, მეტიც, ეს იყო ჯოჯოხეთი. გარეთ 35 გრადუსი სიცხე და წარმოიდგინეთ რა ხდებოდა შიგნით, თუმცა არცერთ მათგან არ დაუწუწუნია და გმირულად გაუძლეს ამ დისკომფორტს.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მაისი 25, 2017
-->