ფატუნა ბუშიჰედი: არ შეიძლება პოდიუმზე ნანახი ყველას მოუხდეს

ფატუნა ბუშიჰედი: არ შეიძლება პოდიუმზე ნანახი ყველას მოუხდეს

„ვიზიტორის“ სტუმარი დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი იყო. როგორ დაიწყო ცნობილი დიზაინერის მსოფლიო პოპულარობა, რომელი ცნობილი ადამიანები იცვამენ მის სამოსს და რატომ სურს „მოდის პოლიციელობა“ – ამას დეტალურად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ფატუნა, საზოგადოება ძალიან კარგად გიცნობს. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
– ერთი პროფესიით სტომატოლოგი გახლავართ და როდესაც მივხვდი, რომ ახალ კბილს ვერ გამოვიგონებდი, გადავწყვიტე სხვა რამის კეთება. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ შემექმნა და შევქმენი კიდეც.

მუზა თუ გქონდა?
– რა თქმა უნდა, ინსპირაციას ბევრი რამისგან ვიღებ. მაგალითად, ერთი კოლექცია კლოდ მონეს „ბაღების“ მიხედვით შევქმენი. პირველი კოლექციის შთაგონების წყარო ქართული დეტალები იყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელით იყო შექმნილი.

რა შედის შენს კოლექციებში?
– აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის მამაკაცის ხაზიც.

ფერების ტენდენციებს თუ იყენებ დიზაინის შექმნაში?
– რადგანაც მე მაქვს მაღალი მოდის შემქმნელის სტატუსი, ფერებს თავად  ვქმნი. როდესაც შენს კოლექციას მსოფლიო მედია აშუქებს და ის მოწონებას იმსახურებს, მოდაში სწორედ ის ფერი შემოდის.

პირველი წარმატება…
– ეს იყო ამერიკაში და მეგონა, რომ ეს იყო მაქსიმუმი. როდესაც ჩემს ჩვენებაზე რამდენიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი მოვიდა, მეგონა, რომ ყველაფერი გავაკეთე. თუმცა, როდესაც საფრანგეთში გადავედი, იქ მითხრეს, რომ აქამდე არაფერი იყო და ყველაფერი მას შემდეგ იწყებოდა. ასეც გამოვიდა, ფაქტობრივად, 2015 წლიდან დაიწყო ნამდვილი წარმატება.

რომელი ცნობილი ადამიანებისთვის შეგიქმნია პროდუქტი?
– მის საფრანგეთისთვის, პოპულარული შოუების გენერალურ პროდიუსერებს, ელენ ჯეიკობს ეცვა ჩემი ტანსაცმელი და ა.შ. დეტალური ინფორმაცია ჩემს ვებ-გვერდზე დევს.

ალბათ კარგი შეგრძნებაა, როდესაც შენი სამოსი ვარსკვლავებს აცვიათ…
– კარგია, როდესაც შენით ბევრი ადამიანი ინტერესდება, მაგრამ არ ვარ სნობი და ადამიანებს მათი მიღწევების მიხედვით არ ვანსხვავებ. სასიამოვნო იყო, როდესაც ფლორიდაში გამართულ ჩემს ჩვენებას ლედი გაგა დაესწრო, მაგრამ რომ გითხრათ, ჩემი მიზანი მხოლოდ ვარსკვლავების დაინტერესებაა, ასე არ არის.

მეუღლე, რომელიც ყოველთვის შენს გვერდით დგას, როგორ უყურებს ამ ყველაფერს?
– მიძლებს, რადგან შესაძლოა, დილის 5 საათზე მომივიდეს რაღაც იდეა, ავდგე, შევიდე სახელოსნოში და გავაკეთო ესკიზი.

– საკუთარ შვილებს შენ აცმევ?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად.

ქართველების გემოვნება თუ მოგწონს?
– ძალიან კარგად, მომწონს ქართველების გემოვნება. ცოტა მაღიზიანებს მოდას აყოლილი ადამაინები. შინაგანად თუ არ გაქვს მოწესრიგებული შენი „გარდერობი“, ვიზუალურად არაფრის ჩაცმას არ აქვს აზრი, უნდა იცოდე შენი მინუსი და პლუსი, რა უნდა დამალო და გამოკვეთო. არ შეიძლება, პოდიუმზე ნანახი ყველას მოუხდეს, მოკლე კაბა ყველა ქალს არ უხდება.

რომ ვყოფილიყავი „მოდის პოლიციელი“, ძალიან ბევრს დავაკავებდი და მოკლე ექსკურსს ჩავუტარებდი, თუდაც ფერთა შეხამების საკითხში.
საქართველოში ძალიან ბევრი დიზაინერი გვყავს და ბევრი მოდის კვირეულიც იმართება…
– დაახლოებით 10 წელია აქ არ მიჩვენებია ჩემი კოლექცია. ვფიქრობ, უმჯობესია მსოფლიო გიცნობდეს საქართველოდან, ვიდრე აქ დავრჩე და მხოლოდ აქ ვაკეთო. 300-მდე გამოცემა წერს ხოლმე ჩემს შესახებ, თუმცა აქედან არცერთი ქართული არ არის. არცერთი ტელევიზია არ არის ხოლმე დაინტერესებული. სიმართლე რომ გითხრა, ეს არც მწყინს, რადგან უფრო მნიშვნელოვან გამოცემებით ვინტერესდები და რომლის მასშტაბებიც დიდია.

წლების წინ, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ Fashion TV-ის გადამღები ჯგუფი ჩემთან მოსულიყო და ჩვენების წინა მოსამზადებელი პროცესი გადაეღო. ახლა ეს უკვე ყოველდღიურობაა.

საყვარელი ქართველი დიზაინერი თუ გყავს?
– ყველა დიზაინერს ვცემ პატივს, გარდა იმისა, ვინც კოპირებას აკეთებს. ის ჩემთვის დიზაინერი არ არის. ერთ რამეს გეტყვით, ძალიან იშვიათად დავდივარ ჩვენებეზე პარიზში, რათა რაღაც დეტალი, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონება, არ დაილექოს ჩემს ცნობიერებაში და თუნდაც წლების მერე, ძალაუნებურად, გაუთვითცნობიერებლად ჩემს კოლექციაში არ გამოვიყენო. ფანტაზიის გამდიდრებაში სპეციალური ლიტერატურა მშველის.

უცხოელი დიზაინერებიდან ვინ გიყვარს?
– ჩემი სულიერი ბაბუაა „კრისტიან დიორი“, ჩემი შეყვარებულია „გალიანო“ და მოდის მამა არის „გოტიე“. ეს სამი რჩეულია, თორემ ისე ბევრი მიყვარს.

როგორია შეყვარებული ფატუნა?
– მე სულ შეყვარებული ვარ, ყველა და ყველაფერი მიყვარს, ნახატები, მუსიკა და ა.შ.

როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე?
– ძალიან მიყვარს ჩემს თავზე მუშაობა, ამიტომ ბევრ ინფორმაციას ვიღებ, ვკითხულობ.

სამზარეულოში ტრიალი თუ გეხერხება და განსაკუთრებულ კერძებს თუ ქმნი?
– ძალიან მიყვარს და ყველაფერს გულისყულით ვეკიდები. ვიგონებ ახალ კერძებს, ხშირად სპონტანურად, ისე, რომ მეორედ ვეღარც გავაკეთო.

ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ჩემი სახელოსნო და ჩემი სახლი.

როგორია 2018 წლის გეგმები?
– ძალიან დიდი. მსიამოვნებს, რომ ვუახლოვდები კარს, რომელიც გასაღებად არის მზად. ამჯერად ამ კარამდე მისასვლელ გზაზე ვარ.

წარმატებებს გისურვებ.
 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

იანვარი 31, 2018
-->