დათუნა მგელაძე: ნუ დასხდებით სახლში და ნუ დაკარგავთ დროს!

დათუნა მგელაძე: ნუ დასხდებით სახლში და ნუ დაკარგავთ დროს!

„ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი დათუნა მგელაძე იყო, რომელმაც საკუთარ კარიერაზე, პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორ შეხვდი ახალ წელს?
– როგორც წინა წლებში კონცერტზე ვიყავი ამჯერადაც, ე.წ. ცენტრალურ კონცერტზე.

საახალწლო კონცერტებით მუდამ იყავი დაკავებული?
– ცენტრალურ კონცერტებზე სულ ვმონაწილეობ, თუმცა მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ შარშან გაცილებით დატვირთული ახალი წელი გვქონდა.

2017 წელს როგორ შეაჯამებდი, როგორც მომღერალი?
– ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. მქონდა ევრო ტურნე, გადავიღე სამი კლიპი, ექვსი სიმღერა ჩავწერე. ალბათ ეს ნორმალურზე კარგი შედეგია. იმედი მაქვს, 2018 წელი უკეთესი იქნება.

ჩემი გადაცემის მეკვლე ხარ… ზოგადად, ამ საახალწლო ტრადიციის თუ გჯერა?
– მთელი ბავშვობა მეკვლე ვიყავი, ამბობდნენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. ზოგადად, რასაც დაიჯერებ, იმისი გჯერა.

სახლში ფუსფუსი თუ გეხერხება?
– არა, ერთადერთი ჩემი დანიშნულება ღვინის ჩამოსხმაა, კულინარიისგან შორს ვარ.

– ყველაზე ორიგინალური ახალი წელი როდის გქონდა?
– როდესაც დიდ სცენაზე გავედი და ჩავერთე შოუ-ბიზნესში, როდესაც დამეწყო რეპეტიციები, გადაღებები, პირველად ეს ყველაფერი ყველაზე გამორჩეულად მახსოვს.  ეს იყო 2009 წელს, თავისუფლების მოედანზე, ისევ და ისევ ცენტრალურ კონცერტზე.

ოჯახი როგორ ეგუება იმ ფაქტს, რომ სახლში არ ხვდები ამ დღესასწაულს?
– მშობლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ის მგონია, როდესაც შვილი რეალიზებულია. ხვდებიან, რომ ეს ჩემი საქმე და პროფესიაა და შესაბამისად, ეგუებიან მარტივად.

რა ასაკიდან მღერი?
– 4-5 წლის ასაკიდან უკვე ვიცოდი, რომ ამ სფეროში უნდა ვყოფილიყავი. მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. 5 წლის ფილარმონიაში გამოვედი და იმ მომენტიდან „მოვიწამლე“.

ბიზნესით ხარ დაკავებული… მოგვიყევი.
– ეს ბიზნესი ამ დროისთვის შეჩერებულია, მქონდა აქსესუარებისა და სხვადასხვა ნივთების ხაზი მოსკოვში, მაგრამ დღეს აქ ვარ და ეს საქმე დროებით შეჩერებულია, თუმცა ვაპირებ, რომ აუცილებლად განვაახლო.

შენი ერთ-ერთი კლიპი პრაღაში გადაიღე, რატომ მაინცდამაინც პრაღა?
– ყველაზე ხშირად ჩავდივარ ჩეხეთში, როგორც კი ამისი საშუალება მეძლევა. არამარტო პრაღაში, კარლოვი ვარი ჩემი საყვარელი ქალაქია. ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ასმათ შანავამ შემომთავაზა კლიპის გადაღება და მეც დავთანხმდი.

– კონკურსების ბევრი მონაწილე პროექტის დასრულების შემდეგ ქრება. შენ როგორ შეძელი, რომ სულ ჩანხარ?
– არ უნდა გაჩერდე, სულ უნდა იმოძრაო და შექმნა რაღაც. ნუ დასხდებით სახლში და ნუ დაკარგავთ დროს! – ეს იქნება ჩემი რჩევა ყველასთვის. სიმღერას თუ არ ჩაწერ პროექტის დამთავრების შემდეგ, აზრი არ ჰქონია მანამდე არაფერს, რადგან ნებისმიერი კონკურსი დროებითი პოპულარობაა, რომელიც ძალიან მალე რჩება.

რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?
– ძალიან ბევრი, პლუს ამას დუეტებიც.

შეყვარებული თუ ხარ?
– არა. გადაწყვეტილების სტადიაში ვარ, არსებობს ერთი კონკრეტული ადამიანი, თუმცა მას კონკრეტულ სტატუსს ვერ მივანიჭებდი.

როგორია შენთვის სასურველი ქალი?
– ვიზუალს აქვს მნიშვნელობა, თუმცა რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა ვუყვარდე.

რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– ეს არის ჩემი სახლი.

რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად და რა კითხვას დაუსვამდი?
– ბევრი კითხვები მაქვს ასტრონავტებთან. NASA-ს წარმომადგენლებს გავიცნობდი, მაინტერესებს, მართლა ესეთი საოცრება ხდება ზემოთ? რაც შეეხება მუსიკოსებს, მაიკლ ჯექსონს გავიცნობდი პირადად.

როგორი იყო შენთვის ეს ერთი საათი?
– ძალიან კარგი და საკმაოდ მალე გავიდა დრო. დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

იანვარი 17, 2018
-->