ცნობილი ქართული ჰიტების ქავერები პოპულარულმა ვარსკვლავებმა შეასრულეს

ცნობილი ქართული ჰიტების ქავერები პოპულარულმა ვარსკვლავებმა შეასრულეს

გადაცემა „ექსკლუზივის“ ფარგლებში ორი ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. პირველი ნაწილის სტუმრები ლექს-სენი და ქეთი გომართელი იყვნენ. შედგა მათი ახალი დუეტის „გესმოდეს“ პრემიერა, რომლის ორიგინალსაც წლების წინ ლექს-სენი და თიკო სადუნიშვილი ასრულებდნენ.

– ქეთი, ცოტა ხნის წინ ჩვენთან შენი ახალი ქავერის „როგორ მინდა მოგეფერო“ პრემიერა შედგა, რომელიც ჯგუფ „სახეს“ ჰიტს წარმოადგენს. ამჯერად კი ლექს-სენთან კოლაბორაცია წარმოგვიდგინე, როგორ მოხდა თქვენი ერთმანეთთან დაკავშირება?

– ეს სიმღერა თავის დროზე კი არა, ახლაც ძალიან პოპულარულია. ახლებური ვერსიის გაკეთება საპასუხისმგებლო იყო, რადგან ის ხალხს ძალიან უყვარს. რაც შეეხება ლექსოს დათანხმებას, შევხვდით მას და საუბრის დროს მან თავად გამოთქვა სურვილი, რომ ეს სიმღერა დუეტად გადაკეთებულიყო, რამაც ძალიან გამახარა.

ლექს-სენი: ქეთიმ ამომწურავად ისაუბრა, ერთადერთი რასაც ვხვდები ის, არის, რომ დიდი დრო გასულა. მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს და უყვარს. რაც შეეხება ამ დუეტს, ქეთის უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი. სიმღერა, ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი გამოვიდა. სხვანაირი არც წარმომედგინა.

– შენი შემოქმედება რა ეტაპზეა ამჟამად?

– არ ვარ მოდუნებული, ბევრი სიახლე მაქვს, უბრალოდ სხვა მიმართულებით წავიყვანე ეს ყველაფერი – ონლაინ გადავინაცვლე. ძალიან ბევრი სიახლით ვარ დახუნძლული, არ ვაგდებ ჩემს აქტივობას. კონცერტებიც იგეგმება.

ქეთი: ზაფხულში კონცერტები ნამდვილად უხვად იგეგმება. ინისში დაიწყება და ივლისის შუა პერიოდამდე გასტანს.

წარმატებებს გისურვებთ.

მეორე ნაწილის სტუმარი მოცეკვავე, ტელე და რადიოწამყვანი ოთო ფოლადაშვილი იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა მისი სიმღერის „მოგეფერო მინდა“ პრეზენტაცია.

ოთო, რატომ გადაწყვიტე სიმღერა?

– არანაირი გამოცდილება სიმღერის კუთხით არ მქონია. ჩემთვის ყოველთვის მიმღერია და სამეგობრო წრეშიც სულ ვმღეროდი. გადაცემა „პროფილის“ ექსპერიმენტი იყო, სადაც მე და ნინა წკრიალაშვილმა ჩავწერეთ სიმღერა „მოგეფერო მინდა“. ვფიქრობ, რომ ამ მცდელობამ გაამართლა.

– რამდენად დაემთხვა თქვენი მუსიკალური გემოვნება? კონფლიქტი ხომ არ გქონიათ?

– არა, ნინა ამ მხრივ განუმეორებელი ადამიანია. ყველაფერი ფანტასტიურად გამოვიდა. სულ მამხნევებდა და სტიმულს მაძლევდა. რაც შეეხება ამ სიმღერას, ყოველთვის მომწონდა და ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რომ ახლებური ვერსია სწორედ მე შემესრულებინა.

– ჩაწერის პროცესი როგორ მოგეწონა და კიდევ სხვა სიმღერის ჩაწერას თუ გეგმავ?

– გამორიცხული არაფერია, ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ჩაწერის პროცესი საკმაოდ სახალისო იყო. მაქსიმალურად ვიყავი ჩართული, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო. ძალები არ დავიშურე და მემგონი, სასურველი შედეგი მივიღე.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ივნისი 1, 2018
-->