ცირა კობიაშვილი: ეს სიმღერა ჩემზე არ ყოფილა მორგებული

ცირა კობიაშვილი: ეს სიმღერა ჩემზე არ ყოფილა მორგებული

„ექსკლუზივის“ სტუმარი მომღერალი ცირა კობიაშვილი იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა მისი ახალი სიმღერის პრემიერა.

ცირა, როგორ განწყობაზე ხარ?
– ძალიან კარგ განწყობაზე ვარ.
– ამისთვის გაქვს წინაპირობა – ახალი სიმღერით ხარ მოსული…
– „იქს ფაქტორიდან“ დაიწყო ყველაფერი. სწორედ ამ შოუდან აღმომაჩინეს ჩემმა პროდიუსერებმა, რომლებმაც საშუალება მომცეს, რომ არამარტო საქართველოში, არამედ თურქეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვყოფილიყავი პოპულარული.
ეს შენი სადებიუტო სიმღერაა?
– იყო ერთი სიმღერა, თუმცა არა ასეთი ხარისხის. ფაქტობრივად, ეს არის პირველი კი. არ ვიცი ქართველი მსმენელი როგორ მიიღებს, მაგრამ თურქეთში ძალიან პოპულარული გახდა თავიდანვე. ალბათ იმიტომ, რომ უფრო აზიურ სტილში გადის, რაც ქართველი მსმენლისთვის უცხოა. შემდეგისთვის ვეცდები გამოვასწორო, რადგან მინდა, ჩემი ნამუშევარი ყველას მოეწონოს.
როგორ შეიქმნა სიმღერა?
– რუმინელი კომპოზიტორის სიმღერაა და ჩემი პროდიუსერების დახმარებით მოვიდა ჩემამდე. ჟანრობრივად არჩევანი არ მქონია, შესაბამისად, ჩემი სტილი არ არის, მაგრამ კონტრაქტი მოითხოვდა, რომ წესებს დავმორჩილებოდი. იმედი მაქვს, შემდეგში მექნება არჩევანის საშუალება.


რომელია შენთვის კომფოტრული ჟანრი?
– ასე ვერ გამოვყოფ, უბრალოდ ეს სიმღერა მაინცდამაინც ჩემზე არ ყოფილა მორგებული.
როგორი მოლოდინი გაქვს ამ ნამუშევრისგან?
– ქართულ მუსიკალური ბაზრისგან ალბათ არანაირი. უახლოეს მომავალში მივდივარ თურქეთში, სადაც ახალ მასალას ჩავწერ, კლიპებს გადავიღებ…
თურქეთთან რა დამოკიდებულება გაქვს?
– აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს იქ: ხმისჩამწერი სტუდია არის იქ, კლიპებს ვიღებ იქ და საერთოდ, ყველაფერი მათ განკარგულებაშია.
ანუ შესაძლოა თურქულენოვანი სიმღერაც მოვისმინოთ მალე?
– დიახ, ნამდვილად და მინდა ვთქვა, რომ არ არის საჭირო ქართველებისგან ამ ფაქტზე ნეგატიური კომენტარები.
ნაწყენი ხარ ქართველებზე?
– კი, რადგან ფაქტი არის ერთი: თურქი და ზოგადად უცხოელი მსმენელისგან სულ სითბო მოდის, განსხვავებით ქართველი მსმენელისგან, რომლებისგანაც აგრესიას ვგრძნობ.
როგორ აპირებ ქართველი მსმენელის გულის მოგებას?
– ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ რამდენად განვახორციელებ არ ვიცი.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ოქტომბერში მაქვს კონცერტი ისრაელში. შემდეგ ისევ დავბრუნდები თურქეთში და გავაგრძელებ ჩემს საქმეს.
– წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

სექტემბერი 21, 2017
-->