ბაკურ ბურდული: ქართული რეალობა იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ მუსიკით ვიცხოვროთ

ბაკურ ბურდული: ქართული რეალობა იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ მუსიკით ვიცხოვროთ

გადაცემა „ექსკლუზივის“ სტუმარი მომღერალი ბაკურ ბურდული იყო. შედგა მისი ორი ახალი სიმღერის – „უდასასრულო“ და „ამბობენ, რომ“ პრემიერა.

– 2015 წლის მერე ახალი სიმღერა აღარ გამოიშვია. რამ გამოიწვია ეს პაუზა?
– წელიწადნახევარი კი არა, დაახლოებით 10 წელია, რაც სერიოზულად აღარ გამიკეთებია მუსიკა. 2008 წელს ჩავწერე ბოლოს სოლო-სიმღერა და მას მერე ოჯახზე გადავერთე. მყავს სამი შვილი. ძირითადად სიმღერებს ვწერდი ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით 30 დამიგროვდა, საიდანაც საუკეთესო 12 ამოვარჩიე, რომელიც ალბომად შევკარი.

– მერამდენე ალბომია?
– მესამე.

– როგორ შეიქმნა ახალი სიმღერის შექმნის იდეა?
– სხვადასხვა მიმართულებით ვაკეთებდი ექსპერიმენტებს და ცოტა წყნარი მუსიკისკენ წავედი. ალბომს, ისევე , როგორც ლიდ-სიმღერას ჰქვია „უდასასრულო“.  ვიცი, რომ ასეთი სიტყვა არ არსებობს, მაგრამ სიმღერის რიტმში ასე უფრო ლამაზად ჩადგა. ხელოვნება ასეთ შეცდომებს გვპატიობს. ჩემი აზრით ძალიან ლამაზად ჩაჯდა.

ამ სიმღერის სხვადასხვა ენაზე გამოშვებას ხო არ გეგმავ?
– ძალიან ნაკლებად იწერება დღეს ქართულად სიმღერები, 90-იანებთან შედარებით. ჩემთვის, ქართული კარგი სიმღერის დაწერა უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ენაზე, ასე რომ, არა, არ ვაპირებ. მაგალითად სიმღერა „ფეთქავს“, 2 თვე ვეძებდი კონკრეტულად ამ სიტყვას.

– რაც შეეხება მეორე სიმღერას „ამბობენ, რომ“, რას გვეტყვი მასზე?
–  განსხვავებული ჟანრი იქნება ჩემს დისკში. მეორე სიმღერაზე მინდა ვთქვა, რომ მას ძალიან კარგი ისტორია აქვს: ჩემმა ძმამ, რომლის წყალობითაც მოვხვდი მე მუსიკაში, დაწერა სიმღერა, რომელიც ჯერ არ გამოსულა. მე ვთხოვე, რომ განსხვავებული ფორმით გამოეშვა, რაზეც დამთანხმდა.

გაქვს თუ არა კონკრეტული კომერციული გათვლები ახალ ალბომზე?
– მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, დანარჩენი მსმენელზეა დამოკიდებული. შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ მე აუცილებლად უნდა ვცადო. მომავალში მინდა, რომ სხვადასხვა ენაზე დავიწყო სიმღერა, რადგან ქართული რეალობა იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ მუსიკით ვიცხოვროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში შოუ-ბიზნესი არ არსებობს.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მაისი 25, 2017
-->