ემი უაინჰაუსი სცენაზე ბრუნდება

ემი უაინჰაუსი სცენაზე ბრუნდება
შოუბიზნესი / ოქტომბერი 12, 2018

ემი უაინჰაუსის მამის, მიტჩის განცხადებით, ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი სცენაზე ჰოლოგრამული გამოსახულებით დაბრუნდება.

შოუ, რომლის დებიუტი მომავალ წელს იგეგმება, იგივე კომპანიის პროექტია, რომელმაც ,,როკის კარუზოს’’, როი ორბისონისა და ოპერის მომღერლის, მარია კალასის ჰოლოგრამული კონცერტები გამართა.

პროდიუსერები იმედს გამოთქვამენ, რომ კონცერტების სერიას ემის თაყვანისმემლებს მსოფლიო მასშტაბით, სამი წლის განმავლობაში შესთავაზებენ.

მიტჩ უაინჰაუსის განმარტებით, შოუდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება Amy Winehouse Foundation-ში, რომელიც ემის გარდაცვალების შემდეგ დაარსდა და ახალგაზრდებს ნარკოდამოკიდებულებისა და ფსიქიკური პრობლემებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ემი უაინჰაუსი 2011 წლის 23 ივლისს ალკოჰოლით მოწამვლას ემსხვერპლა. 14 სექტემბერს ის 35 წლის იუბილეს აღნიშნავდა.